ეკონომიკა

უკრაინული ბიზნესის ინტერესები საქართველოში

2 მარტი, 2012 •
უკრაინული ბიზნესის ინტერესები საქართველოში

საქართველო–უკრაინის ბიზნესფორუმი სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ადგილობრივი და უკრაინული ბიზნესკომპანიების შეხვედრით დასრულდა.

უკრაინელი ბიზნესმენების წარმომადგენლობითი  დელეგაცია, რომელსაც  ოდესის მერი  ალექსანდრე კოსტუსევი ხელმძღვანელობდა, თბილისში პირველ მარტს ჩამოვიდა.

აქტიური შეხვედრები ხელისუფლების და ბიზნესის წარმომადგენლებმა უკრაინელ სტუმრებთან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ დღეს გამართეს. ბიზნესფორუმი საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გახსნა.

“ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს და ინვესტორებს. ნებისმიერი ინვესტიცია ნიშნავს ამ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,  მეტ დასაქმებულ ადამიანს.  სწორედ ეს არის სახელმწიფოს ამოცანა, რომ ასეთი კონტაქტების და ფორუმების საშუალებით  საქართველოში ჩამოიყვანოს რაც შეიძლება მეტი ინვესტორი და ამ გზით განავითაროს ქართული ეკონომიკა”,–აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, უკრაინელი ბიზნესმენები შეძლებენ ქართველ კოლეგებთან საერთო ენის მოძებნას და გამონახავენ საკმარის შესაძლებლობებს იმისთვის, რომ საქართველოში აწარმოონ ბიზნესი:

“იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეკრება დამთავრდება კონკრეტული შედეგებით. შედეგებით, რომელიც იქნება მომგებიანი და წარმატებული საქართველოსთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის”, – განაცხადა ბაქრაძემ.

ფორუმის ფარგლებში თბილისის მერი გიგი უგულავა ოდესის მერ ალექსანდრე კოსტუსევს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმების გასაცნობად  თბილისში ოდესის თვითმმართველობის წევრები ჩამოვლენ.

უკრაინელი ბიზნესმენები შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცვნენ.

„ჰოლიდეი ინში“ ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მივიდა. მან  უკრაინელ ბიზნესმენებს ანაკლიისა და ქობულეთის ტურისტულ ზონებში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა.

ვერა ქობალიას შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი დელეგაცია ჩამოვიდა.

მინისტრის თქმით, ბიზნესმენები ეკონომიკის რამდენიმე მიმართულებით არიან დაინტერესებული, რომელთა შორისაა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მშენებლობა.

“ეს ყველაფერი ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. ვფიქრობთ, რაც შეიძლება მეტ ბიზნესმენს უნდა მივესალმოთ და იმედი გვაქვს, რომ ისინი არა მარტო გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს, არამედ საქართველოში ბიზნესს განავითარებენ”, – განაცხადა ქობალიამ.

უკარინულ ბიზნესს საქართველოში მშენებლობის, ენერგეტიკის სექტორი და მსუბუქი მრეწველობა აინტერესებს.  ქართული წარმოშობის ბიზნესმენმა დემურ ეზუგბაიამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში განაცხადა, რომ მის კომპანიას ბათუმში თხევადი გაზის გადატვირთვის პროექტის განხორციელება სურს:

„ბათუმში თხევადი გაზის გადატვირთვის პროგრამის განხორციელებით ვარ დაინტერესებული. შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებულ კომპანიებს შევხვდები. რა მოცულობის ინვესტიციას განვახორციელებ, ჯერ ვერ ვიტყვი.“

უკრაინის დელეგაციის წევრების შეფასებით, საქართველომ  მოკლე პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებების გზა განვლო.

“თქვენ გაიარეთ რეფორმების  გზა, რომელიც იმსახურებს პატივისცემას. გვინდა შევისწავლოთ ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც  ბოლო 5–6 წელიწადში დაგიგროვდათ და გამოვიყენოთ უკრაინაში, კერძოდ, ოდესაში. იმედია, ჩვენი ბიზნესმენები დაამყარებენ კავშირებს თავის ქართველ კოლეგებთან დ მიღწეული იქნება კონკრეტული შეთანხმებები”, – განაცხადა ქალაქ ოდესის მერმა, ალექსეი კუსტოსევმა.

საქართველოს ბაზარი უკრაინისთვის ღიაა. სტატისტიკური მონაცემებით, უკრაინასთან სავაჭრო ბალანსი –  482 მლნ აშშ დოლარია (აქედან ექსპორტზე მოდის დაახლოებით 68 მილიონი, ხოლო იმპორტზე – 413 მილიონზე მეტი). უკრაინა საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოდან უკრაინაში ფეროშენადნობების, მინერალური და მტკნარი წყლების, ყურძნის ნატურალური ღვინოების და ციტრუსის ექსპორტი ხდება. უკრაინიდან კი ფქვილის, ზეთის და საკვები პროდუქტების იმპორტი ხორციელდება. ადგილობრივ ბაზარზე უკრაინული კაპიტალით შექმნილი „ტაო პრივატ ბანკი” ოპერირებს. უკრაინის ბაზარზე კი სს „საქართველოს ბანკის“ ფილიალებია წარმოდგენილი.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ უკრაინა მეტად აქტიურად ინტერესდება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული  რეფორმებით, რაც ჩვენს ქვეყანაში უკრაინული დელეგაციების ხშირი ვიზიტებით გამოიხატება. 2011 წლის დასაწყისიდან უკრაინიდან საქართველოს 4 დელეგაცია ესტუმრა. ამასთანავე, ინდივიდუალური ვიზიტები განახორციელეს პოტენციურმა ინვესტორებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი