ეკონომიკა

ფულადი გზავნილების გეოგრაფია

22 თებერვალი, 2012 •
ფულადი გზავნილების გეოგრაფია

2004-2011 წლებში საქართველოში ფულადი გზავნილების ბაზარი 4,5-ჯერ (448 პროცენტით) გაიზარდა. ჩარიცხვების მოცულობის ზრდა 4,9-ჯერ, ხოლო გადარიცხვების 2,2-ჯერ გაიზარდა. ამ პერიოდში საქართველოში 6,246 მილიარდი აშშ დოლარი ჩაირიცხა, ხოლო საქართველოდან კი 740,7 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა.

2004–2011 წლის ჩარიცხვების დინამიკა მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს,  შემცირდა 16 პროცენტით, რასაც „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევარი ირაკლი ლექვინაძე მსოფლიო გლობალურ კრიზისს უკავშირებს.

საქართველოდან ფულადი გადარიცხვების მაქსიმუმი 2006 წელს დაფიქსირდა (133 მლნ დოლარი). 2009 წლამდე ამ კუთხით შემცირების ტენდენციას ჰქონდა ადგილი. 2010 წელს გადარიცხვის მაჩვენებელი 37,6 პროცენტით გაიზარდა, 2011 წელს კი 3 პროცენტით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში თანხა 190 ქვეყნიდან ჩაირიცხა. ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი დსთს ქვეყნებზე მოდის, რაც, ჯამში, საერთო გადმორიცხვების 59,3 პროცენტია. ევროპის ქვეყნებზე ჩარიცხვების 28,1 პროცენტი მოდის, ხოლო 12,6 პროცენტი დანარჩენ ქვეყნებზე ნაწილდება.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ ფულადი გზავნილების გეოგრაფიის ანალიზს აკეთებს. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ფულადი გზავნილების სტრუქტურა საშუალეაბს იძლევა, ქვეყნების მიხედვით საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების გადანაწილება ვივარაუდოთ.

„უხეში გათვლებით, საქართველოდან ემიგრირებულია 1 მილიონი ადამიანი. ამ მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთმა ადამიანმა 2011 წელს საქართველოში 1268 აშშ დოლარი გადმოგზავნა, რაც შეეხება გადანაწილებას, ემიგრანტების 60 პროცენტი დსთს ქვეყნებზე მოდის, 27 პროცენტი– ევროპის ქვეყნებზე, დანარჩენი აშშ–ის, აზიის და ლათინოამერიკის ქვეყნებზე ნაწილდება,“ – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

მისი თქმით, საქართველო, ისევე როგორც ბევრი განვითარებადი ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე სამუშაო ძალის ექსპორტიორია. რაც, ერთი მხრივ, იწვევს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს ეკონომიკა მათ პოტენციალს ვერ იყენებს, როგორც სამუშაო ძალის, ისე ინტელექტუალური კუთხით.

2011 წელს საქართველოში ფულადი გადარიცხვების პირველი ხუთეული ისევ უცვლელია. რუსეთიდან საქართველოში 655,2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, საბერძნეთიდან –144,7 მილიონი დოლარი, იტალიიდან –109,2 მილიონი დოლარი, უკრაინიდან –52,4 მილიონო დოლარი.

ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ფულადი გზავნილების ზრდა დაფიქსირდა როგორც დსთს, ასევე, ევროპის ქვეყნებიდან. ევროპაში მიმდინარე კრიზისის ფონზე ზრდა ფიქსირდება ყველაზე კრიზისული ქვეყნებიდან – საბერძნეთიდან 40 პროცენტით, იტალიიდან 43 პროცენტით, ესპანეთიდან 14 პროცენტით, პორტუგალიიდან 62 პროცენტით.

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ამ ქვეყნებში არსებული კრიზისი იქ დასაქმებულ ქართველ ემიგრანტებზე და საქართველოში ფულად გზავნილებზე ნაკლებად ახდენს გავლენას.

„ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა არალეგალურ სამსახურშია და მათი დაბალი ანაზღაურება დამსაქმებლისათვის მისაღებია, შესაძლებელია კრიზისის გამწვავების შედეგად არალეგალურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა კიდევ გაიზარდოს,“– ამბობს ლექვინაძე.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევარი ევროპიდან საქართვლოში ფულადი გზავნილების შემცირებას არ ელოდება. მისი თქმით, უფრო შემაშფოთებელია ევროს გაუფასურების ტენდენცია, რაც ევროპაში დასაქმებული ადამიანების და საქართველოში გზავნილების მიმღებების რეალურ შემოსავალს ამცირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი