ეკონომიკა

ცვლილებები ფულადი გზავნილების ბაზარზე

22 თებერვალი, 2012 •
ცვლილებები ფულადი გზავნილების ბაზარზე

საქართველოს სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზრის მოცულობა 1,368 მლრდ. აშშ დოლარია. ადგილობრივ ბაზარზე ფულადი გადარიცხვების ოცზე მეტი საფინანსო სისტემა მოქმედებს. ეს სისტემები, ძირითადად, ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშია განთავსებული.

“ილიაუნი ბიზნეს რევიუს” კვლევის თანახმად, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა,  2011 წელს ფულადი გზავნილების მთლიან ბრუნვაში ბაზრის ლიდერი მსოფლიო ბრენდი Western Union–ია, რომლის წილიც ადგილობრივ ბაზარზე 16,15 პროცენტია. კვლევამ აჩვენა, რომ ამ სისტემის მომსახურების წილი შემცირდა და კომპანიამ ქართული ბაზრის 5 პროცენტი დათმო.

Western Union–ის წილი, ძირითადად, შემცირდა „ფულად ჩარიცხვებში“. ბაზრის ლიდერი კომპანია ამ სეგმენტში Unistream–მა და Intel Express–მა ჩაანაცვლა. მსოფლიო ბრენდმა ჩარიცხვებში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

“ილიაუნი ბიზნეს რევიუს” მკვლევარის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით,

ჩარიცხვების სეგმენტში, გასულ წელთან შედარებით, ბაზრის მოთამაშეებში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა.

„პირველ პოზიციაზე, 2011 წლის მონაცემებით, არის Unistream–ი, რომელმაც საბაზრო წილი 5%–ით გაზარდა და ლიდერი Western Union–ი ჩაანაცვლა, რომლის წილი ბაზარზე ასევე 5%–ით შემცირდა და ახლა მესამე პოზიციაზეა. მეორე პოზიციას ინარჩუნებს Intel Express–ი, რომლის წილიც ამ სეგმენტში 15 პროცენტია,“ – ამბობს ლექვინაძე.

კვლევის თანახმად, ბაზარზე გაიზარდა ფულადი გადარიცხვების სისტემის Zolotaia Korona–ს წილი. ლექვინაძის განმარტებით, 2011 წელს Zolotaia Korona–მ ჩარიცხვების ნაწილში ბაზრის მოცულობის 5 პროცენტით გაზრდა შეძლო და კომპანიის ბრუნვის მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა. ეს, გარკვეულწილად, საქართველოში ფულადი გადმორიცხვების გეოგრაფიას უკავშირდება. ქვეყანაში ფულადი გადმორიცხვებით რუსეთი წლების განმავლობაში პირველ ადგილზეა.

“ილიაუნი ბიზნეს რევიუს” მკვლევარი ფულადი გადარიცხვების ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს კომპანიების სერვისებს და გადარიცხვის პროცენტს უკავშირებს. კვლევის თანახმად, 2011 წელს ფულადი  ჩარიცხვების მოცულობა ყველა კომპანიას  გაზრდილი აქვს. გამონაკლისი მხოლოდ Western Union–ია.მან ფულადი ჩარიცხვების მოცულობა 2011 წელს 21%–ით გაიზარდა.

ბაზრის წილის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა Unistream–ის და Zolotaia Korona–ს შემთხვევაში, კომპანიების წილი  5 პროცენტით გაიზარდა. ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, Zolotaia Korona–ს და Unistream–ს  ბაზარზე სტაბილური პოზიციები აქვთ:

„კომპანიები ბაზარზე დამოუკიდებლადაც მუშაობენ, აქვთ ქსელი თბილისში და რეგიონებში. ფულადი გზავნილების ეს სისტემები გამოირჩევა დაბალი საკომისიო ტარიფებით“.

ფულადი გადარიცხვების სეგმენტში, ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა  Western Union–მა, თუმცა ამ სეგმენტში მისი საბაზრო წილი 1 პროცენტით შემცირდა. მეორე ადგილზეა Intel Express–ი, მისი წილი ამ სეგმენტში 7 პროცენტით არის შემცირებული. მესამე პოზიციაზეა Privat Money, ეს არის „პრივატბანკის“ გადარიცხვების სისტემა, რომელიც ემსახურება გადარიცხვებს უკრაინაში. მისი წილი ბაზარზე 5 პროცენტით არის გაზრდილი. Zolotaia Korona 2011 წელს გადარიცხვების სეგმენტში არ ოპერირებდა.

“ილიაუნი ბიზნეს რევიუს” შეფასებით, ამ დროისათვის ფულადი გადარიცხვების სეგმენტში მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა Unistream და Privat Money.

ფულადი გადარიცხვების სისტემაში ადგილობრივი კომპანიებიც ოპერირებენ. ისინი, ძირითადად, გადარიცხვებს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. ბაზარზე  ოპერირებს „საქართველოს ბანკის“ „ელვა“, „ლიბერთი ბანკის“– „ლიბერთი ექსპრესი“, „ვითიბი ბანკის“– „ექსპრესი“ და „რესპუბლიკა ბანკის“ Quick Cash-ი.

ადგილობრივი კომპანიებიდან, რომლებიც შიდა გადარიცხვებზე არიან ფოკუსირებული, „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ კვლევის თანახმად, ყველაზე კარგი პირობები „საქართველოს ბანკის“ „ელვას“ აქვს. ამ სისტემით 1500 ლარის გადარიცხვის შემთხვევაში საკომისიო მომსახურება 0 პროცენტია. ქვეყნის შიგნით ფულად გადარიცხვებზე ლიმიტი აქვს „რესპუბლიკა ბანკს“, 2500 ლარის გადარიცხვის შემთხვევაში საკომისიო 3 ლარიდან 50 თეთრამდე მცირდება. დანარჩენი სისტემებით სარგებლობის საფასური გადარიცხული თანხის 0,5 პროცენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი