ეკონომიკა

მზესუმზირა გაიაფდა, ზეთი – არა

15 თებერვალი, 2012 • 6354
მზესუმზირა გაიაფდა, ზეთი – არა

საქართველოს საკვები ზეთის ბაზარი 100 პროცენტით იმპორტზეა დამოკიდებული. სტატისტიკის დეპარტამენტის 2011 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის იმპორტმა 16 049 100 ტონა შეადგინა (21 505 100 აშშ დოლარი). ზეთის იმპორტის 90 პროცენტი უკრაინიდან ხდება, 9 პროცენტი რუსეთზე მოდის, ხოლო 1 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება. ადგილობრივი წარმოების წილი ბაზარზე 8 377 900 ტონას (22 836 300 ლარს) შეადგენს, თუმცა ადგილობრივი მწარმოებელიც იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს.

საქართველოს მზესუმზირის ზეთის ბაზარზე 40-მდე ბრენდია წარმოდგენილი და საკმაოდ მაღალია კონკურენცია. საცალო სარეალიზაციო ფასები 1 ლიტრზე 2,7 ლარიდან 3,5 ლარამდე მერყეობს. მცენარეული ზეთის ბაზარი შემდეგ სეგმენტებად არის დაყოფილი:  მზესუმზირის ზეთი – 92%,  ზეითუნის ზეთი – 4%, სიმინდის ზეთი – 4%, სხვა მცენარეული ზეთები – 1%.

ადგილობრივ ბაზარზე რაფინირებულ ზეთს მხოლოდ კომპანია “ბათოილი” აწარმოებს. კომპანია მთლიანად იმპორტირებულ ნედლეულზე მუშაობს. „ბათოილს“ მზესუმზირა უკრაინიდან შემოაქვს, რომლის ფასი ბოლო თვის განმავლობაში შემცირდა. ტონა საწარმოო მზესუმზირის ფასი 300 დოლარიდან 200 დოლარამდე დაეცა. თუმცა მზა პროდუქციის ფასი მაინც არ შეცვლილა. ადგილზე 1 ლიტრი ზეთის გასაყიდი ფასი 3,50 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობს. კომპანია „ბათოილი“ ნედლეულის გაიაფების ფონზე ზეთის ფასის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

„ბათოილს“ ადგილობრივ ბაზარზე წარმოების კუთხით კონკურენტი არ ჰყავს. ზეთის მწარმოებელი კომპანია „ქარვა“, რომელიც 100%-ით ქართულ ნედლეულზე მუშაობდა, გაჩერებულია. კომპანია „ქარვას“ ხელმძღვანელი თემურ ბუკია ამბობს, რომ ზეთის ქარხნის გაჩერების მიზეზი დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა გახდა:

“ჩვენ 2005-დან 2010 წლამდე ვიყავით ბაზარზე. წარმადობა დღე-ღამეში 10 ათასი ლიტრი გვქონდა. მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს ვიყენებდით. მზესუმზირას დედოფლისწყაროში ვყიდულობდით. მთელ კავკასიაში ვიყავით პირველები, რადგან რაფინირებული ზეთი ჩვენ ჩამოვასხით.“

თემურ ბუკია ამბობს, რომ ახალი დანადგარების შეძენის შემთხვევაში „ქარვა“ წარმოებას 2012 წლის ბოლოსთვის გახსნის.

2011 წელს უკრაინასა და რუსეთში მზესუმზირის მოსავალმა ყველა რეკორდი მოხსნა. შესაბამისად, ამ ქვეყნებში პროდუქტზე ფასი შემცირდა. თუმცა საქართველოს ბაზარზე ეს ცვლილება არ აისახა.

კომპანია „ალფას“ უკრაინული ბრენდები – „ბარაქა“, „სონოლა“, „კუმი“  შემოაქვს და ბაზრის 20 პროცენტი უჭირავს. „ალფას“ გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ამბობს, რომ „ბაზარზე საკმაოდ მაღალია კონკურენცია, მაგრამ ზეთზე ფასის დაწევა მაინც არ არის მოსალოდნელი. პროდუქტის ფასს განბაჟებისა და დისტრიბუციის ხარჯი ემატება. ასევე, ემატება მაღაზიების მოგების მარჟა, რომელიც ხშირ შემთხვევაში 15-დან 30%-ის ფარგლებში მერყეობს.“

ბაზარზე ზეთს სუპერმარკეტების მოგების მარჟაც აძვირებს. „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ კვლევამ აჩვენა, რომ დიდი მარკეტების მოგების მარჟა ადგილობრივ ბაზარზე 40 პროცენტსაც კი აღწევს. ბრენდი „მზიურის“ ფასი სხვადასხვა მარკეტების ქსელში  4,50-დან 5,10 ლარამდე იცვლება.

სოფლის მეურნეობის საკითხების ექსპერტი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ მზესუმზირის ზეთის მაღალ ფასს ბაზარზე შეთანხმებული კონკურენცია და ადგილობრივი მზესუმზირის წარმოების დაბალი მაჩვენებელი განაპირობებს:

„იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს, მზესუმზირის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 1,5 ტონა უნდა შეადგინოს. ჩვენ გვჭირდება მზესუმზირის წარმოება ქვეყანაში, რათა იმპორტი ადგილობრივი მზესუმზირით ჩავანაცვლოთ.“

მზესუმზირა საქართველოში ძირითადად კახეთში მოჰყავთ, თუმცა ამ კულტურის ნათესები მნიშვნელოვნად მცირდება. 2008 წელს მზესუმზირა 21,5 ათას ჰექტარზე იყო დათესილი, 2009-2010 წლებში  მხოლოდ 9,7 ათასი ჰექტარი ფართობი ეკავა. 2011 წელს კი ეს კულტურა 8 ათას ჰექტარზე დაითესა.

„საქართველოში ნედლეულის  მოსავლის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და იმისი გამოყენებაც არ ხდება. ზეთის მწარმოებელ ქარხანას  ნედლეული შემოაქვს. საქართველოში მზესუმზირის იმპორტი ხდება. არასწორი სასურსათო პოლიტიკის შედეგად ეს სფერო ვერ ვითარდება,“ – ამბობს პაატა კოღუაშვილი.

როლანდ ზირაქიშვილი დედოფლისწყაროს მკვიდრია. ის მზესუმზირის დათესვას 2012 წელს აღარ გეგმავს:

“მზესუმზირა ძირითადად შირაქში მოჰყავთ, მაგრამ ამას  ეკონომიკური შედეგი არ აქვს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ კახეთში მზესუმზირის გადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს. კუსტარული ზეთსახდელები არის, მაგრამ არარაფინირებული ზეთის მოხმარებას ყველა ერიდება. მაგალითად, შარშან 100 ლიტრი მზესუმზირის ზეთი გამოვახდევინე კუსტარულად და სულ ახლობლებს დავურიგე, რადგან ერთი ლიტრიც ვერ გავყიდე“.

ზირაქიშვილი ამბობს, რომ მზესუმზირას ფასი არა აქვს: „ადრე თუ 2,5-3 ლარად ვყიდდით კილოგრამს, ახლა 1 ლარი ღირს და თვეში მხოლოდ 2 ტომრის გაყიდვას ვახერხებ. ვფიქრობ, მზესუმზირის მოყვანას აზრი არ აქვს.“

ფინანსური პრობლემები აქვთ კუსტარული ზეთის საწარმოებსაც. ზირაქიშვილი ამბობს, რომ ერთი ტონა მზესუმზირის დამუშავება 250 ლარი ღირს, მაგრამ გლეხები ფულს ვერ იხდიან და მომსახურების ფასში გამოხდილ ზეთს და კოპტონს ტოვებენ. ამ პროდუქტის რეალიზება შემდგომ  ზეთის  სახდელებიდან ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი