ეკონომიკა

ბანკები სესხებზე პროცენტს არ ამცირებენ

1 თებერვალი, 2012 • 2909
ბანკები სესხებზე პროცენტს არ ამცირებენ

„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“–მ საქართველოს საბანკო ბაზარზე გამოტანილი პროდუქტებიდან ორის – ანაბრებისა და სესხების– საპროცენტო განაკვეთები გამოიკვლია.

„ილიაუნის ბიზნეს რევიუ“–ს მკვლევარმა, გიორგი აბაშიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ კვლევის საგანი ეს პროდუქტები ბაზარზე არსებული  მზარდი მოთხოვნის გამო გახდა.

კვლევის საპრეზენტაციო ნაწილში ერთმანეთთან  კომერციული ბანკების სესხებისა და ანაბრების შემდეგი კატეგორიებია შედარებული: ვადიანი ანაბარი, ზრდადი ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი, საბავშვო ანაბარი, იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, ოვერდრაფტი და სესხი მცირე ბიზნსისათვის.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“–ს  კვლევამ აჩვენა, რომ  ბრენდირებულ ბანკებთან შედარებით ბაზარზე ახლახან შემოსულ კომერციულ ბანკებს  ანაბრებსა და სესხებზე უკეთესი საპროცენტო განაკვეთები აქვთ.

კვლევის თანახმად, ლარში გახსნილ 24-თვიან ანაბარზე ყველაზე მაღალ, 17– პროცენტიან სარგებელს მომხმარებელს ბანკი „კონსტანტა“ სთავაზობს. დოლარში და ევროში გახსნილ  ანაბრებზე საბანკო ბაზარზე ყველაზე კარგი შემოთავაზება „პროგრეს ბანკს“ აქვს. დოლარში გახნილ 24-თვიან ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი 13,5 პროცენტია, ხოლო ევროზე –12,5 პროცენტი.

24 –თვიან, ვადიან, ლარში გახსნილ ანაბარზე ყველაზე დაბალ, 11– პროცენტიან სარგებელს მომხმარებელს „ხალიკ ბანკი“ სთავაზობს. დოლარში ყველაზე დაბალი  8,75– პროცენტიანი შემოთავაზება აქვს „პროკრედიტ ბანკს“. ევროზე  კი– „ქართუ ბანკს“. ევროზე 24– თვიან, ვადიან ანაბარზე წლიური სარგებელი 6 პროცენტია.

24– თვიან ლარში გახსნილ „საბავშვო ანაბარზე“ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი „ქართუ ბანკს“  აქვს. ამ შემთხვევაში მომხმარებლის სარგებელი 10 პროცენტია. დოლარში გახსნილ ანაბარზე „ბანკი რესპუბლიკა“ 7,5– პროცენტიანი შეთავაზებით გამოდის, ხოლო ევროში „საბავშვო ანაბარზე“ „ქართუ ბანკის“ შემოთავაზება 6 პროცენტია.

„ზრდადი ანაბარის ‘’ შემთხვევაში 24– თვიან ვადაზე საუკეთესო შემოთავაზება ისევ ბანკ „კონსტანტას“ აქვს. ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ლარში გახსნილ ანაბარზე 17 პროცენტია, დოლარში –10 პროცენტი. „პროგრეს ბანკი“ ევროში გახსნილ „საბავშვო ანაბარზე“ მომხმარებელს 9,5– პროცენტიან სარგებელს სთავაზობს.

„ზრდად ანაბარზე“ ყველაზე დაბალი, 10– პროცენტიანი  განაკვეთი „ხალიკ ბანკს“ აქვს. ხოლო დოლარზე (6,25 პროცენტი) და ევროზე (5,75 პროცენტი)– „ბანკ რესპუბლიკას.“

საბანკო სექტორს ბაზარზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები „მოთხოვნამდე ანაბარზე“ გამოაქვს. „ვითიბი ბანკი“, „ქართუ ბანკი“, „ინვესტ ბანკი,“ „პროგრეს ბანკი“ და „ხალიკ ბანკი“ 24– თვიან ლარში გახსნილ „მოთხოვნამდე ანაბარზე“ მომხმარებელს 4–პროცენტიან სარგებელს სთავაზობენ.

დოლარში გახსნილ „მოთხოვნამდე ანაბარზე“ „საქართველოს ბანკის“ და „ხალიკ ბანკის“ შემოთავაზება 2 პროცენტია. ევროზე – „ბაზის ბანკის“, „ხალიკ ბანკის“, „საქართველოს ბანკის“, „ბანკი ქართუს“ და „ვითიბი ბანკის“ შემოთავაზებაც  2 პროცენტს უტოლდება.

საბანკო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე– „იპოთეკურ სესხზე“– დიფერენცირებულ ვადაზე,  ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი, „ვითიბი ბანკს“, „თიბისი ბანკს“ და „ბანკ რესპუბლიკას’’აქვთ. დოლარში გაცემულ  „იპოთეკურ სესხზე“ საპროცენტრო განაკვეთი 12 პროცენტია.

ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთს –16 პროცენტს „იპოთეკურ სესხზე“, მომხმარებელს „ბაზის ბანკი“ სთავაზობს.

24 –თვიან სამომხმარებლო სესხებზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი „საქართველოს ბანკს“ და „ხალიკ ბანკს“ აქვს. ბანკები სესხს დოლარში გასცემენ და საპროცენტო განაკვეთი 15 პროცენტია.

ბაზარზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე „ბაზის ბანკს“, „თიბისი ბანკს“ და „კორსტანდარტ ბანკს“ აქვს. დოლარში გაცემულ სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 18 პროცენტია.

ოვერდრაფტზე ყველაზე  დაბალ საპროცენტო განაკვეთს მომხმარებელს „ვითიბი ბანკი“ სთავაზობს. ლარში და დოლარში გაცემულ ოვერდრაფტზე საპროცენტო განაკვეთი 13 პროცენტია.

ოვერდრაფტზე ყველაზე მაღალი საპოცენტო განაკვეთი ბაზარზე „თიბისი ბანკს“ და „ტაო პრივეტ ბანკს“ აქვს.  საპროცენტო განაკვეთი –24 პროცენტს უტოლდება.

რაც შეეხება მიკრო და მცირე ბიზნესის სეგმენტს, ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბაზარზე  (24– თვიან პერიოდში) „ხალიკ ბანკი“ შემოდის. ლარში და დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი  12 პროცენტია.

მიკრო და მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილ სესხებზე  ყველაზე მაღალი, 24 –პროცენტიანი განაკვეთი აქვს „ტაო პრივატ ბანკს“.

კვლევამ აჩვენა, რომ ოთხი კატეგორიის სესხიდან ორში „ვითიბი ბანკი“ და „ხალიკ ბანკი“ ლიდერობენ.

გიორგი აბაშიშვილი: „კვლევის მთავარი მიზანი იყო, გვეჩვენებინა, თუ რომელ კომერციულ ბანკს აქვს უარესი და  რომელს უკეთესი პირობები. ჩვენ მიერ შერჩეული ოთხი ტიპის ანაბრიდან „კონსტანტა“ სამში აბსოლუტური უპირატესობით ლიდერობს. რაც შეეხება სესხების ნაწილს, ოთხი კატეგორიის სესხიდან უპირატესობა ჰქონდა „ხალიკ ბანკს“ და „ვითიბი ბანკს“.

ექსპერტის შეფასებით,  საქართველოში მაქსიმალურად მაღალი, 17 პროცენტი განაკვეთი დაფიქსირდა ანაბარზე.

„ეს არის ის სარგებელი, რაც შეიძლება მიიღოს მოქალაქემ ბანკისგან.  ყველაზე უფრო ძვირი, მღალპროცენტიანი სესხის განაკვეთი 24– თვიან პერიოდში ბაზარზე 24 პროცენტია“ –ამბობს აბაშიშვილი.

ექსპერტს მიაჩნია, რომ საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაიწევს მაშინ, როცა ბანკები ბაზარზე ახალ პროდუქტებს გამოიტანენ.

„ეროვნული ბანკი ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, რადგან ინფლაციის დაბალ რისკს ხედავს. უმატებს, როცა რისკი არსებობს.  საგულისხმოა, რომ  2011 წლის ივლისიდან რეფინანასირების განაკვეთი მცირდება,“– ამბობს აბაშიშვილი.

სებმა რეფინანსირების განაკვეთი 2011 წლის ივლისიდან ეტაპობრივად დასწია. ბოლოს რეფინანასირების განაკვეთი ეროვნული ბანკის სესხებზე 6,5 პროცენტამდე 2012 წლის იანვარში შემცირდა. მონეტარული კომიტეტის წევრების მორიგი შეკრება 2012 წლის 15 თებერვალს იგეგმება.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ფონზე საბანკო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთი არ იცვლება. აბაშიშვილის განმარტებით, ამის მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე „ძვირ ფულზე“ გაჩენილი მოთხოვნაა.

„მოქალალაქეების ერთი ნაწილი კონცენტრირდა მაღალპროცენტიან სესხებზე და ეს არაფრად არ მიაჩნიათ, მაგრამ სინამდვილეში ეს საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი სესხებია. ეროვნული ბანკი ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების დარეგულირებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით ცდილობს. სები სხვაგვარად პროცესში ვერ ჩაერთვება,“ –ამბობს აბაშიშვილი.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ თუ რეფინანსირების განაკვეთი აღარ გაიზარდა, მაშინ საბანკო ბაზარზე მიდგომები შეიცვლება და სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაიწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი