ეკონომიკა

შეძლებს თუ არა ხელისუფლება ყაზბეგისგან ლას ვეგასის შექმნას

13 იანვარი, 2012 • 2042
შეძლებს თუ არა ხელისუფლება ყაზბეგისგან ლას ვეგასის შექმნას

წყალტუბოს, სიღნაღის, ბათუმის,  ბაკურიანის და გუდაურის შემდეგ, სამორინეების ბიზნესის განვითარებას ხელისუფლება ყაზბეგშიც გეგმავს.

ყაზბეგის გამგებელის, ვიქტორ სუჯაშვილის თქმით, ეს იდეა ტურისტების ნაკადის ზრდის შედეგად გაჩნდა. ყაზბეგში სათამაშო ტურიზმის სეგმენტის განვითარება იგეგმება.

სამორინეების ბიზნესის გასავითარებლად ყაზბეგის საკრებულომ საგადასახადო შეღავათების პაკეტი მიიღო. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე მოსაკრებელი კვარტალში 15 000 ლარია; თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი. ცვლილებების დამტკიცებამდე  ყაზბეგში კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე მოსაკრებელი კვარტალში 30 000 ლარი იყო; თითოეული სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი; ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე კი– 3750 ლარი.

ყაზბეგის გამგებელი ვიქტორ სუჯაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „საგადასახადო შეღავათები მიღებულია, მაგრამ ყაზბეგში ჯერ არც ერთი სამორინე არ მუშაობს. ეს საკითხი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და გადაწყვეტილი. ჯერჯერობით მშენებლობის პროცესი მიდის.“

ვიქტორ სუჯაშვილის თქმით, პირველი  სამორინე ყაზბეგში შეიძლება ზაფხულში გაიხსნას.

„ახლა ორი სასტუმრო შენდება, სადაც, სავარაუდოდ, კაზინო გაიხსნება. ნაადრევია ამ პროექტის წარმატებულობაზე საუბარი. იმედი მაქვს, რომ სამორინე ტურისტებს მოიზიდავს“.

გუდაურში სამორინეების მოწყობა გადასახადისგან 2011 წლის გაზაფხულზე გათავისუფლდა. ეს ინიციატივა პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს ეკუთვნის.

მოქმედი კანონმდებლობით, სამორინეს ლიცენზიის ფასი წელიწადში 5 მილიონი ლარია, გამონაკლისს მხოლოდ სიღნაღი, წყალტუბო და ბაკურიანი წარმოადგენს. ამ შემთხვევში ლიცენზია უფასოა.

„ცვლილების თანახმად, გუდაურის ხუტორს ახალი პროფილი ექნება, რის შედეგადაც განსხვავებული ინტერესის ტურისტებსაც მოიზიდავს. ცვლილება კანონში ერთ–ერთ დამატებითი, წამახალისებელი წინადადება იქნება ინვესტორებისა და ქართველი ბიზნესმენებისთვის.“

პოზიტიური პროგნოზების მიუხედავად, გუდაურში ჯერ სამორინე არ გახსნილა.

წყალტუბოს ახალ „ლას ვეგასად“ გადაქცევის იდეა ხელისუფლებას 2009 წელს გაუჩნდა. სამი წლის წინ მიღებული საგადასახადო შეღავათების  მიუხედავად, სათამაშო ბიზნესი წყალტუბოში ვერ განვითარდა.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ საგადასახადო შეღავათების მიუხედავად, ქალაქში ერთი სამორინე და ორი ინტერნეტკაზინო მუშაობს:

„წყალტუბოსთვის სამორინეს ლიცენზია არის უფასო. მოსაკრებელი ნული გვაქვს, ხოლო  ელექტრონულ კაზინოზე –მინიმალური. სამორინე და ინტერნეტკაზონოები დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და ქართული ინვესტიციით გაიხსნა,“– ამბობს მამუკა საღარეიშვილი.

მისი თქმით, ამ ბიზნესის განვითარებას ქალაქში სასტუმროების ნაკლებობა აფერხებს:

„უკვე ოთხი სანატორიუმი გათავისუფლდა. დევნილები გამოვიყვანეთ. სანატორიუმებს ხელისუფლება აუქციონზე გაიტანს. ვინც იყიდის, გააკეთებს ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და სერვისში კაზინოსაც შეიტანს”.

სათამაშო ბიზნესის ტურიზმის განვითარებას მთიან რეგიონებსა და პატარა ქალაქებში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტი შოთა მურღულია სკეპტიკურად აფასებს:

„სათამაშო ბიზნესის ტურიზმის განვითარება ყაზბეგში ნაკლებად არის შესაძლებელი. ეს არის სამთო ტურიზმისთვის გათვალისწინებული რეგიონი. როცა ყაზბეგში სასტუმროების განვითარებაზე იყო საუბარი, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტურისტებს კარვებში ცხოვრება ურჩევნიათ. ტურისტები მთაში იმიტომ მიდიან, რომ დაისვენონ  და ასეთი ცხოვრების სტილისგან განიტვირთონ“ .

ექსპერტის შეფასებით, ეს პროექტი ყაზბეგში ეფექტური ვერ იქნება.

„სათამაშო ბიზნესის ტურისტული პაკეტები დიდ ქალაქებში ამართლებს, მაგალითად, ზღვისპირეთში, სადაც დიდი რაოდენობის ტურისტია და გართობას ენიჭება პრიორიტეტი. ყაზბეგის ბიუჯეტის მოცულობა ვიცი და იქ სათამაშო ბიზნესის კუთხით აქტივობა ნაკლები იქნება“, – ამბობს მურღულია.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  ბათუმის, ქობულეთის, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის, დაბა ბაკურიანის, ასევე, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების გარდა, სამორინეს მოწყობის ნებართვის მოსაკრებელი 5 000 000 ლარია. ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში კი – 250 000 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი