ეკონომიკა

მსხვილი ბიზნესის რევანში ”1000 ჯიხურის” აუქციონზე

20 დეკემბერი, 2011 • 1767
მსხვილი ბიზნესის რევანში  ”1000 ჯიხურის” აუქციონზე

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერ ”1000 ჯიხურის” პროექტის ფარგლებში გამართულ ელექტრონულ აუქციონებზე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.

ქონების  მართვის სააგენტოს  ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 9 აუქციონის შედეგების მიხედვით, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში  შპს „პოულტრი ჯორჯია“ ლიდერობს. კომპანიამ აუქციონის შედეგად იჯარით 24 ობიექტი აიღო. მეორე ადგილზეა შპს „ელვა სერვისი“, რომელსაც იჯარით  17 ობიექტი გადაეცა. მესამეზეა შპს „ნუგეში“, რომელმაც  იჯარის უფლება 15 ობიექტზე მოიგო.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო ”1000 ჯიხურის” პორექტის ფარგლებში ჩატარებული აუქციონების შესახებ განცხადებას ავრცელებს: ”აუქციონის პროცესი ღიად, მარტივად და სამართლიანად წარიმართება. მერიის ახალ ინიციატივას რამდენიმე დადებითი ეფექტი ექნება. ერთ-ერთი და უმთავრესი პრობლემა არის სამუშაო ადგილების შექმნა. მსგავს ჯიხურებში  მინიმუმ 3– 4 ადამიანი დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.”

ჯიხურების აუქციონში ყველაზე მსხვილი მოთამაშე შპს ”პოულტრი ჯორჯიაა”, რომელიც პროდუქციას ”კოდას” ბრენდის ქვეშ აწარმოებს.

შპს ”პოულტრი ჯორჯია” საჯარო რეესტრში 2002 წელს არის რეგისტრირებული. მის 100–პორცენტიან წილს სააქციო საზოგადოება ”პოულტრი ენტერპრაისი” ფლობს, რომელიც პანამაშია რეგისტრირებული. კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი ”ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ”პოულტრი ჯორჯიამ”  რეალურად 24 ლოტზე გაიმარჯვა, მაგრამ შემდეგ ორ ლოტზე ხელშეკრულება გააუქმა, რადგან ამ ადგილას მანამდე პრესის გავრცელების ჯიხური იდგა. ”ამ ნაბიჯით პრესას სოლიდარობა გამოვუცხადეთ”, – ამბობს ჭუჭულაშვილი.

მისი თქმით, კომპანია ამ ეტაპზე  22 ლოტს ფლობს. ”საშუალოდ თითო ლოტში გადათვლით 2 ათასი ლარი გვაქვს გადახდილი. აუქციონზე 15 ლოტი პირველივე ბიჯზე მოვიგეთ. ჩვენ ავიღეთ ლოტები პერიფერიებში. ყველაზე ძვირი, 11 ათასი ლარი, ნავთლუღის ბაზარის ტერიტორიაზე მდებარე ლოტში გადავიხადეთ”.

შპს ”პოულტრი ჯორჯია” მონაწილეობას სხვა აუქციონებშიც გეგმავს.  როგორც ჭუჭულაშვილი ამბობს, მისი კომპანია კიდევ 13 ლოტის ყიდვას აპირებს. ჯიხურის მოდელი მერიის პროექტიდან იქნება აღებული, რომელზეც ”კოდას” ბრენდის აბრევიატურა განთავსდება. კომპანია გაყიდის მხოლოდ ”კოდას” ბრენდის ქვეშ წარმოდგენილ პროდუქციას: კვერცხს, ქათმის ასორტიმენტს, ნედლ და გაყინულ  ბროილერის ქათამს. ამ ეტაპზე ”პოულტრი ჯორჯია” რუსთავში 7 ჯიხურს ფლობს, სადაც კომპანიის პროდუქცია იყიდება. თბილისში კი პროდუქციის დისტრიბუციას მაღაზიების ქსელში ახორციელებს.

”1000 ჯიხურის” აუქციონში მეორე მსხვილი მოთამაშეა კომპანია ”ნუგეში”. კომპანიამ აუქციონის შედეგად გამარჯვება 15 ლოტზე მოპოვა.”ნუგეშის” გენერალური დირექტორის შოთა ბასილაშვილის განცხადებით, კომპანია მერიის საიტზე გამოქვეყნებული ჯიხურების სავარაუდო მაკეტებიდან ერთ–ერთს აარჩევს.  კომპანია პროფილს არ შეიცვლის და სავაჭრო ობიექტებში სურსათს გაყიდის.  ჯიხურებსაც აბრევიატურად „ნუგეში“ ექნება.  კომპანია დედაქალაქში 51 ჯიხურს და ორ სუპერმარკეტს ფლობს. ბასილაშვილი ”ნეტგაზეთთან” ლოტებში გადახდილ თანხას არ ასახელებს. აცხადებს, რომ ეს კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა.

კომპანია  ”ნუგეში” 2010 წლის 18 ივნისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და მისი იურიდული ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. აღნიშნული სავაჭრო ქსელს რამდენიმე მფლობელი ჰყავს: 60%–ს აკაკი ახვლედიანი ფლობს, 15,6%–ს – გოჩა დარჩიაშვილი, 10%–ს – გიგა ხვინგია, 9,15%–ს – უტა მაზიაშვილი და 5,25%–ს – ვლადიმერ დარჩიაშვილი.

სავაჭრო ობიექტების ახალი ქსელი ”ნუგეში” თბილისის თითქმის ყველა უბანში 2010 წლის  8  დეკემბერს გაიხსნა. მისი მომსახურებით სარგებლობა თავიდან მხოლოდ პენსიონერებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და იმ სოციალურად დაუცველ პირებს შეეძლოთ, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში იყვნენ ჩართულნი. 2011 წლის 7 თებერვალს თბილისის მერმა, გიგი უგულავამ „ნუგეშის“ ქსელის ერთ–ერთი ობიექტის მონახულებისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროდუქცია უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი: „მე ყოველდღიურად ვაკონტროლებ ამ ფასებს და მომდის ფასთა სხვაობა“.

შოთა ბასილაშვილი ამბობს, რომ შპს „ნუგეშს“ ქალაქის მერთან არანაირი კავშირი არ აქვს: „ბატონი მერი მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ, ბრენდის პრეზენტაციაზე შევაწუხეთ. გიგი უგულავა იმდენ პრეზენტაციას ატარებს, რომ გამოდის, მთელი თბილისი მხოლოდ მერიის ყოფილა“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქალაქ თბილისის ტერიტორიზე გარევაჭრობაზე თანხმობის გაცემის საკითხი სამართლებრივად შეისწავლა. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ნუგეში“ 2010 წლის 18 ივნისს დაფუძნდა, ხოლო  10 სექტემბერს ერთდროულად 83 მისამართზე,  გარევაჭრობის განხორცილების მიზნით, დროებითი შენობა–ნაგებობების განთავსების უფლება მიიღო. შპს „ნუგეშის“ სავაჭრო ჯიხურების მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქის გარეუბნებშია განთავსებული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევამ, რომელიც 2009 წლის 24 მარტიდან 2011 წლის 14 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა, აჩვენა, რომ კომერციული ჯიხურების განთავსების რაოდენობრივ ჭრილში 11 კომპანია იკვეთება. პირველ ადგილზეა კომპანია შპს „უაიდ დისტრიბუშენი“– 185 ადგილით, მეორეზე შპს „ნუგეში“ – 85 ადგილით, ხოლო მესამეზე „აუთდორ.ჯი“– 50 ადგილით.

”1000” ჯიხურის აუქციონში მესამე  მსხვილი  მოთამაშე შპს ”ელვა სერვისია,” კომპანიამ აუქციონზე გამარჯვება 17 ლოტზე მოიპოვა. კომპანია 2000 წელს ”პალიტრა მედიამ” დააფუძნა, რომელიც მედიასახლის პროდუქციის გარდა ჟურნალ-გაზეთების და წიგნების დისტრიბუციას ახორციელებს.

კომპანიის გენერალური დირექტორი რამაზ თეთრუაშვილი ”ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ 17 ლოტზე მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, კომპანიისთვის აუქციონში მონაწილეობა წამგებიანი აღმოჩნდა. ”ჩვენ იმ ადგილებზე მოვიგეთ ლოტები, სადაც  რენტაბელურობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. იმ ობიექტების შენარჩუნება, თუნდაც დროებით, საკმაოდ რთულია. აუქციონში ძლიერი მოთამაშეები ჩაერთვნენ და პრესტიჟულ ლოტებზე წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ”- ამბობს თეთრუაშვილი.

”ელვა სერვისი” დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში და მეტროსადგურებთან  პრესის ჯიხურებს  იჯარით 22 ადგილას ფლობდა. ”ნეტგაზეთთან” საუბარში თეთრუაშვილი აცხადებს,  რომ ”1000 ჯიხურის” აუქციონის გამოცხადების შემდეგ  მათი კუთვნილი ჯიხურების  90 პროცენტი აიღეს და დარჩენილ  10  პროცენტსაც ამ დღეებში აიღებენ, რადგან საბურთალოს ტერიტორიაზე არსებულ ლოტებზე  აუქციონი 28 დეკემბერს ჩატარდება.

კომპანიის მიერ იჯარით აღებული  ჯიხურების ადგილზე აუქციონი მას შემდეგ გამოცხადდა, როცა ”ელვა სერვისს” დედაქალაქის მერიასთან დადებული  ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. ”22 ჯიხური იჯარით 10 წლის განმავლობაში გვქონდა აღებული. იჯარის გადასახადი ფაქტობრივად არ არსებობდა, იმდენად  მწირი იყო. ეს  იყო არასასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწა და თვითონ კანონი არ ითვალისწინებდა დიდ გადასახადს” – ამბობს რამაზ  თეთრუაშვილი.

თბილისის მერიის ქოენების მართვის სააგენტომ „1000 ჯიხურის“ პროექტის ფარგლებში პირველი  აუქციონი 19 ოქტომბერს გამოაცხადა. პირველი ვაჭრობა  7 ნოემბერს შედგა. აუქციონის ბიჯმა 50 ლარი შეადგინა. ვაჭრობის შედეგად ლოტებზე  შემდეგი თანხები დაფიქსირდა: 1050, 1100, 1551, 1800, 2100, 4600, 5200, 9700, 10000, 10200, 10500, 12050, 12500, 19000, 22000, 25050, 36000 ლარი. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს რიგით მეათე  აუქციონი 28 დეკემბერს არის ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი