ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ”ქართუს” შემოწმება ორი თვით გააგრძელა

20 დეკემბერი, 2011 • 1247
ეროვნულმა ბანკმა ”ქართუს” შემოწმება ორი თვით გააგრძელა

”საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალი ბრძანების საფუძველზე ”ქართუ ბანკის” შემოწმების პროცესი კიდევ ორი თვით გაგრძელდება.ეროვნული  ბანკის თანამშრომლები ”ქართუში” ისევ მიმდინარე ოპერაციებს შეამოწმებენ” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ”ქართუ ბანკის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი.

ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახური ”ქართუ ბანკში” 2011 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ”ქართუს” შემოწმების ოფიციალურ მიზეზად ეროვნულმა ბანკმა, ტოპმენეჯმენტში მომხდარი ცვლილებები და  საინკასაციო მანქანის დაპატიმრებაა დაასახელა.

”ბანკი ქართუს”  პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ “გასულ კვირას კიდევ ორ ბიზნეს-ჯგუფს დაუყადაღდა 5,2 მლნ აშშ დოლარის ქონება, რის გამოც არაუზრუნველყოფილი და შედეგად პრაქტიკულად უპერსპექტივო გახდა კიდევ 3 მლნ აშშ დოლარის საერთო მოცულობის სესხები. პარალელურად დაიწყო დაყადაღებული ქონებების აუქციონზე გატანა. კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში აუქციონზე გატანილია 19 მლნ ლარის ღირებულების 26 ობიექტი საბაზრო ფასის 50%-ად, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრაქტიკულად არც ერთი ქონება არ გაყიდულა და დიდი ალბათობით არც გაიყიდება. ”

ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო მოქმედებს  გარკვეული სქემით, რათა აღნიშნული ქონება დაისაკუთროს,  თავდაპირველი მფლობელებისთვის უკან დაბრუნების მიზნით. აღნიშნული აძლიერებს ჩვენს ეჭვებს _ რისთვის გამოეყო წლის მიწურულს ბიუჯეტიდან ეკონომიკის სამინისტროს 160 მლნ. ლარის დამატებითი ასიგნებანი (ამ თანხიდან 40 მლნ. აშშ დოლარი, ანუ 66 მლნ. ლარი ებრაელ ბიზნესმენებთან გარიგების საფასურია) – სწორედ ამ ქონების საფასურის ბიუჯეტში გადასახდელად, ამ უკანასკნელის მიერვე წინა თვეში გამოყოფილი თანხების ხარჯზე?! განცხადებაში ნათქვამია, რომ დარჩენილი 94 მლნ ლარია დაკიდებული დამოკლეს მახვილივით “ბანკი ქართუს” თავზე და ამ თანხის ათვისებას უთუოდ მოახერხებენ წლის ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის გზით, ზემოთ აღნიშნული სქემითა და ბიუჯეტური სახსრებით მანიპულირების მეშვეობით, ქართული საბანკო სისტემის მხრიდან დანაშაულებრივი დუმილის ფონზე.

ჯავახიშვილი განცხადებაში  საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებებზეც საუბრობს, რომლებსაც ასე “ეფექტურად” და მხოლოდ “ბანკი ქართუს” წინააღმდეგ იყენებენ სადამსჯელო ოპერაციად, გაცილებით მეტ საშიშროებას უქმნის საქართველოს საბანკო სისტემასა და მთლიანად ქართულ ეკონომიკას.

“გირაოს არსისა და პირველი რიგის იპოთეკარის სტატუსის ნიველირება, მიუხედავად იმისა, მას ხელისუფლება მიზანმიმართულად გამოიყენებს თუ არა, ამა თუ იმ კლიენტისა და შესაბამისად მის კრედიტორ ბანკთან მიმართებაში, ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს სესხების უზრუნველყოფის ხარისხის მნიშვნელოვან შემცირებას და სათანადოდ დამატებითი სახსრების დარეზერვირების აუცილებლობას; ყოველივე ეს კი, დრამატულად შეამცირებს ახალი სესხების გაცემის შესაძლებლობებს და გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს”.

ჯავახიშვილის პროგნოზით, ავტომატურად, ვინმეს ნების მიუხედავად, გაიზრდება ქვეყანასთან დაკავშირებული რისკები, რაც გაართულებს და გააძვირებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან სესხების მიღებას, გამოიწვევს უკვე გამოყოფილ საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას, მათ შორის იმ უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უნდა დაფინანსებულიყვნენ, უცხოური ინვესტიციების მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირების გარანტირებული შედეგით.

“ქართული ბანკების ერთმა ნაწილმა უკვე გააკეთა გარკვეული რეაგირება შექმნილ სიტუაციაზე – შეაჩერეს ან შეამცირეს მსხვილი კრედიტების გაცემის საკითხების განხილვა. ეს პროცესი უთუოდ გაგრძელდება და გაღრმავდება.

მეორე მხრივ, უფრო ინტენსიური ხდება ზეწოლა “ბანკი ქართუს” დამფუძნებელ “ქართუ ჯგუფზე”. ორიოდე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დააკმაყოფილა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ყოვლად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობა “ქართუ ჯგუფის” განმეორებითი კამერალური შემოწმების ჩატარების თაობაზე.

გრძელდება “ქართუ ჯგუფის” კუთვნილი ტვირთების გამიზნული და ტოტალური დაზიანებების პროცესიც, რომელიც დაიწყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთების შემდგომ. 17 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული და ჩვენთვის განკუთვნილი ყველა ტექნიკა, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დაზიანებული და გამოსაყენებლად უვარგისია.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტვირთის მომწოდებლები მსოფლიოში აღიარებული ბრენდები არიან, გამორიცხული არ არის, საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო სკანდალში გაეხვიოს”, – აცხადებს ჯავახიშვილი.

ბანკი “ქართუ” მოუწოდებს  საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდან “ქართუ ჯგუფის” სამეურნეო სუბიექტებზე, მათ შორის “ბანკ ქართუზე” უსამართლო ზეწოლა, მით უმეტეს, რომ საფრთხე ექმნება მთლიანად ქართულ ეკონომიკასა და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი