ეკონომიკა

ნაგვის ფასი თბილისში

15 დეკემბერი, 2011 • 1702
ნაგვის ფასი თბილისში

გამოიწვია თუ არა მერიის ინიციატივამ ნაგვის გადასახადის გაძვირება? ახალი წესის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა დახარჯული კილოვატსაათების პროპორციულად იხდის დასუფთავების გადასახადს. ამის გასარკვევად ნეტგაზეთმა რამდენიმე ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა.

ერთ დახარჯულ კილოვატში მოსახლეობა 0,16 თეთრს იხდის, დასუფთავების გადასახადი დახარჯულ ელექტროენერიასთანაა მიბმული და თითო კილოვატზე ოჯახი დასუფთავებისთვის 0.05 თეთრს იხდის. ინიციატივამდე დასუფთავების გადასახადს მოსახლეობა სულადობის მიხედვით იხდიდა– თითო ადამიანზე 2.50 ლარს.

ნეტგაზეთმა  სოციალურ ქსელ ”Facebook”-ის მეშვეობითაც ჩაატარა მცირე მასშტაბების გამოკითხვა. გამოკითხვის მიზანს ახალი ინიციატივის შედეგების გამოვლენა წარმოადგენდა.

ნეტგაზეთის კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული– ”გაიზარდა თუ არა თქვენთვის ნაგვის გადასახადი?”, შესაძლო პასუხები იყო, კი, არა, მნიშვნელოვნად. მოგვიანებით მომხმარებლებმა აღნიშნულ გამოკითხვას თავისი ვარიანტებიც დაამატეს.

გამოკითხვაში ამ დრომდე სულ 692 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 364 აღნიშნავს, რომ გადასახადი გაეზარდათ,  240 გადასახადის მნიშვნელოვნად გაზრდას ადასტურებს, 18 ამბობს, რომ ნაგვის გადასახადი არ გაზრდიათ, 3 ადამიანს კი ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

შპს ”თბილსერვის” ჯგუფის დირექტორი, თორნიკე შიოლაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ინიციატივის მიღებამდე დედაქალაქის მასშტაბით კვლევა ჩატარდა.

შიოლაშვილის მტკიცებით, კვლევის მიხედვით, ახალი ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობის 50 %–ს, რომელსაც შედარებით დაბალი შემოსავალი აქვს, აღნიშნული ინიციატივა გადასახადს გაუიაფებდა, 25 %–ს იგივე დარჩებოდა, ხოლო 25 %-ისთვის გადასახადი გაიზრდებოდა. ბატონი თორნიკე იმასაც ამბობს, რომ ეს 25% მოსახლეობის ის ნაწილია, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს და მათთვის დასუფთავების გადასახადის გაზრდა პრობლემას არ წარმოადგენს.

თინა ამაშუკელი პენსიონერია, რომელიც ასევე პენსიონერ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ახალი ინიციატივის გამო ელექტოენერგიის მოხმარება მაქსიმალურად შეზღუდა.

ნოემბრის თვის მონაცემებით ოჯახმა 122 კილოვატი ელექტროენერგია დახარჯა, შესაბამისად, 19.52 გადაიხადა, ხოლო დასუფთავების– 6,10, როცა ადრე მათთვის დასუფთავების გადასახადი სტაბილურად 5 ლარი იყო.

ქალბატონი თინა ამბობს, რომ 1.10 არ არის საგანგაშოდ გაზრდილი თანხა, მაგრამ ის მდგომარეობაა მისთვის საგანგაშო, რითაც მინიმალური დანახარჯი მიიღო:

”ეკონომნათურას მხოლოდ სააღამოობით ვრთავთ, უთოს არ ვიყენებ, სახლიდან არ გავდივარ და არ მჭირდება, მაცივარს მხოლოდ რამდენიმე საათით ვრთავ, საჭმელს ქვაბებით ცივ ოთახში ვინახავ, გათბობით გაზით ვთბებით და ტელევიზორს ვრთავთ მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, ასევე, კომპიუტერსაც შვილთან საკონტაქტოდ, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს”

თინა ამაშუკელის და მისი მეუღლის შემოსავალი პენსიაა, რომელიც 220 ლარია.

”განათლებით მათემატიკოსი ვარ და დღე და ღამე ვფიქრობ, პენსია როგორ გადავანაწილო, მაგრამ ოპტიმალური გადანაწილება ჯერჯერობით ვერ შევძელი”

ამბობს, რომ ამ თანხით მათი საჭიროებების– კვება, გადასახადები, წამალი– ბოლომდე დაკმაყოფილება შეუძლებელია და თუნდაც 1.10 თეთრით გაძვირებული კომუნალური გადასახადი მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

ქალბატონი თინასგან განსხვავებით, მარიამ ჭუმბურიძეს დასუფთავების გადასახადი მნიშვნელოვნად გაეზარდა. ოჯახში 2 ადამიანი ცხოვრობს, ნოემბრის თვეში შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ელექტროგამათბობლის ჩართვა 24 –საათიან რეჟიმში მოუხდა. შედეგად  625 კილოვატი ელექტროენერგია დახარჯა და 100 ლარი გადაიხადა, დასუფთავების კი –31,25.

”100 ლარი არ არის ცოტა, მაგრამ არ მაქვს პრეტენზია, რაც დავხარჯე იმის მიხედვით ვიხდი, მაგრამ პრეტენზია მაქვს დასუფთავების გადასახადთან. 31,25  ლარის ექვივალენტი ნაგავი რამდენია, მითხრან, რომ მოვაგროვი და გადავყარო, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემი ნაგავის გატანა სახელმწიფოს 31 ლარი უჯდება”.

თინა ამაშუკელი მუშაობს, მისი ხელფასი საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ 500 ლარია:

”როდესაც 500 ლარი გაქვს ხელფასი და 130 ლარს შუქზე და ნაგავზე იხდი, ამას ემატება წყლის და გაზის გადასახადებიც. გარდა ამისა ადამინი, რომელსაც შემოსავალი აქვს, ეს იგი მუშაობს და სახლიდან გადის, ანუ ჭირდება ტრანსპორტი, რომელშიც თვეში, უხეშად რომ ვიანგარიშოთ, 50 ლარი ესაჭიროება, საკვების იქით არსებობს საპონი, სარეცხი ფხვნილი, წამალი, რომელიც ასევე 50 ლარი მიჯდება და რჩება 200 ლარი, რომელიც არ არის ის თანხა, რომ ადამიანი ნორმალურად იკვებოს.”

რამდენიმე გამოკითხულმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ახალი ინიციატივა ისეთი ოჯახებისთვის აძვირებს დასუფთავების გადასახადს, სადაც სულობრივად ცოტა ადამინი ცხოვრობს, მაგალითად– 2 ან 3. ხოლო ექვს და შვიდსულიან ოჯახებში შესაძლოა ახალმა ინიციატივამ გადასახადი გააიაფოს, რადგან ძველი ტარიფით 7– სულიან ოჯახს 17, 50 თეთრის გადახდა უწევდა.

მერკვილაძეების ოჯახი სწორედ ასეთ ოჯახს წარმოადგენს. ერთად ცხოვრობენ მშობლები, სამი შვილი და 2 რძალი. ქალბატონი მანანა ამბობს, რომ აგვისტოში გადასახადი ნამდვილად გაუიაფდათ, რადგან თბილისში ძირითადად არ იყვნენ. შემოდგომის და ზამთრის დადგომისთანავე ახალი ინიციატივა მათ ოჯახზეც უარყოფითად აისახა.

”ჩვენ რადგან ბევრნი ვცხოვრობთ ერთად, საჭიროებებიც მეტი გვაქვს, ბიჭები ვარჯიშობენ და აბაზანის მიღება შეიძლება დღეში რამდენჯერმე დასჭირდეთ, კომპიუტერიც სულ ჩართული გვაქვს, რადგან ერთია და რიგ-რიგობით სხდებიან, გათბობა ნაწილობრივ შუქზე, ნაწილობრივ გაზზე გვაქვს, ამიტომ ჩვენი ოჯახისთვის ფიქსირებული ტარიფი უფრო კომფორტული იყო”

ებანოიძების ოჯახს ახალი ინიციატივის შემდეგ გადასახადი გაუიაფდათ. სულ 3 სული ცხოვრობს, ადრე 7, 50-ს იხდიდნენ. ბოლო თვეში კი 4.95 გადაიხადეს.

ნანა ებანოიძე ამბობს, რომ აღნიშნული შედეგი ინიციატივის კომფორტულობის გამო ნამდვილად არ მიუღიათ, ქალბატონი თინას მსგავსად ოჯახი ეკონომიურად ხარჯავდა ენერგიას, შედეგად მხოლოდ 99 კილოვატი დახარჯეს ნოემბერში. ელექტროენერგიის  15.84 და დასუფთავების 4.95 გადაიხადეს.

ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს და ფიქსირებული შემოსავალი არ აქვთ, ქალბატონი ნანა და მისი და მანონი რეპეტიტორები არიან :

“მოსწავლეზე ვართ დამოკიდებული, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს, ასევე გააცდინოს, რაც მათ მიერ გადასახდელ თანხას შეამცირებს, ამიტომ ვერ მივცემთ თავს არაეკონომიურად ცხოვრების უფლებას”.

ნანა ებანოიძე ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ურჩევნია გაზით გათბეს, რადგან მხოლოდ დახარჯული კუბურიმეტრების მიხედვით მოუწევს გადახდა და არა დამატებით სხვა კომუნალური გადასახადის დაფარვა. მისთვის ასევე გაუგებარია, რა ლოგიკური კავშირი არსებობს ელექტროენერგიასა და დასუფთავებას შორის.

“ზაფხულში გაცილებით მეტი ნაგავი გროვდება ოჯახშიც და ქუჩებშიც ნაყინის, ლუდის, საზამთროს გამო და გაცილებით ნაკლები ელექტროენერგია იხარჯება, რადგან ადამიანები ან ქალაქგარეთ არიან, ან დროის დიდ ნაწილს სახლში არ ატარებენ, არც გათბობის აუცილებლობაა. ზამთარში კი პირიქითაა, ვერ ვხვდები, ეს ინიციატივა რას ემსახურება”.

უსტიანცების ოჯახშიც ახალმა ინიციატივამ დასუფთავების გადასახადის ზრდა განაპირობა, თუ ოჯახმა ივნისის თვეში 341 კილოვატზე ელექტროენერგის მოხმარებისთვის 60,35 გადაიხადა,  ხოლო დასუფთავების –5 ლარი. ნოემბრის თვეში 273 კილოვატის დახარჯვისთვის 43.60 გადაიხადა, დასუფთავებისთვის კი– 13.65.

ადამიანებიდან, ვისაც ნეტგაზეთი ესაუბრა, თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ მათ ესმით სისუფთავის მნიშვნელობა და არ გაურბიან დასუფთავების გადასახადს. მარიამ ჭუმბურიძე ამბობს, ადრინდელი ტარიფი შესაძლოა ძალიან დაბალი იყო, ამიტომ დადებითად შეხვდება  ფიქსირებული გადასახადის გაზრდას, თუნდაც ორმაგად და სიამოვნებით გადაიხდის თვეში სულზე 5 ლარს.

ნანა ებანოიძეც  თვლის, რომ ფიქსირებული გადასახადი უნდა დაბრუნდეს, არც მისთვისაა პრობლემა ფიქსირებული თანხის გაზრდა:

“მეცოდინება მაინც, რამდენი მექნება გადასახდელი, ჩემი არასტაბილური შემოსავლებიდან გამომდინარე, ასეთი საკითხების ცოდნა მნიშვნელოვანია”.

იმ ადამიანთა მონაცემების მიხედვით, ვინც ნეტგაზეთს ესაუბრა, საბოლოო ჯამში დასუფთავების დანახარჯმა ადრინდელ დანახარჯებს საშუალოდ 35 ლარით გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი