ეკონომიკა

„ჯენერალ მედია“ და „აუთდორ. ჯი– სარეკლამო ბაზრის ორი მონოპოლისტი

13 დეკემბერი, 2011 • 2418
„ჯენერალ მედია“ და „აუთდორ. ჯი– სარეკლამო ბაზრის ორი მონოპოლისტი

„საქართველოს სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს ყოფილი თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებს“ – ამ სკანდალურ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ წარმომადგენელი მათიას ჰუთერი აკეთებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს სარეკლამო ბაზარი შეისწავლა. „კვლევის თანახმად , გამოიკევთა, რომ სარეკლამო სექტორის დიდი ნაწილი გაუმჭვირვალეა და კომპანიებს ფორმალური ხელმძღვანელები მართავენ. ბაზარზე დომინანტის პოზიცია აქვთ კომპანიებს– „ჯენერალ მედიას“ და „აუთდორ. ჯი“–ს .

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად, სარეკლამო ბაზარზე  რეკლამის 78 პროცენტი ტელევიზიაზე მოდის, 4 პროცენტი ჟურნალებზე, 4 პროცენტი გაზეთებზე, ხოლო 1 პროცენტი ინტერნეტ–რეკლამაზე ნაწილდება.  კვლევის თანახმად,  გარე რეკლამას– 6 %, რადიოს– 7 %, ხოლო  კინოს 0 პ% ერგო.

2010 წელს საქართველოს სარეკლამო ბაზრის წმინდა მოცულობა 43–სა და 46,5 მილიონ აშშ დოლარს შორის მერყეობდა. სატელევიზიო რეკლამის წილი 35 მილიონი აშშ დოლარია, რადიორეკლამის –2,2 მილიონი აშშ დოლარი, ინტერნეტრეკლამის წილი კი 1 მილიონ აშშ დოლარსაც ვერ გაუტოლდა.

„სარეკლამო სექტორის კვლევისას ორგანიზაციამ უამრავი ოფშორული ჰოლდინგური კომპანია აღმოაჩინა, რომლებიც მფლობელების და ფინანასური ნაკადების დასამალად  პანამასა და ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული,“– ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ გენერალური დირექტორი  ეკა გიგაური. გაუმჭვირვალე სქემები ძირითადად ტელერეკლამის და გარერეკლამის სეგმენტში იკვეთება.

ანგარიშის მიხედვით,  დავით კეზერაშვილი, რომელიც 2006 –2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად  საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს აკონტროლებს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც დავით კეზერაშვილის სიძეა, სარეკლამო სექტორის  ერთ–ერთი ძირითადი მოთამაშე გახდა.

სარეკლამო ბაზრის მთავარი  მოთამაშეები

2010 წლის ბოლომდე სატელევიზიო რეკლამების ბაზარზე ორი  გაყიდვების სახლი დომინირებდა.  „თაჩ მედია“  ტელეკომპანია  „იმედის“  ჰოლდინგური კომპანიის  „ჯორჯოან მედია პროდაქშენ  გრუპის “ ნაწილი იყო და სარეკლამო დროს ტელეკომაპანია „იმედზე“  ყიდდა.  ჰოლდინგს გიორგი არველაძე ხელმძღვანელობდა,   რომელიც მანამდე ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო და  პრეზიდენტ საკაშვილის აპარატის  უფროსად მუშაობდა.  „თაჩ მედია“–ს  „რაკ ჯორჯია ჰოლდინგი“ ფლობს, რომელიც პანამაშია  რეგისტრირებული.

სარეკლამო ბაზარზე მეორე ძირითადი გაყიდვების სახლს წარმოადგენდა  „მედია ჰაუსი“,  რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობდა.  ეს კომპანია სარეკლამო დროს  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე,  „მზესა „ და „პირველ სტერეოზე“ ყიდდა.

კომპანია „მედია ჰაუსის“ ერთ–ერთი თანამფლობელი ირაკლი ჩიქოვანი იყო.  2009 წელს ის კომიუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გახდა.  ჩიქოვანი  ერთი წლის განმავლობაში ისევ „მედია ჰაუსის “ თანამფლობლად რჩებოდა. „მედია ჰაუსი“  რეკლამას ტელეკომპანია  „რუსთავი 2 „– ზე  და „მზეზე“ ყიდდა.  2010 წელს იარკლი ჩიქოვანმა „მედია ჰაუსი გაყიდა“, მისი კლიენტები კი ახლა „ჯენერალ მედიასთან “ თანამშრომლობენ, რომელიც რეკლამების გაყიდვის სფეროს ახალი მონოპოლისტი გახდა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი სამშენებლო კომპანია „ბედეგის“ აქციების 10 პროცენტს ფლობს, მისი  ბიზენსპარტნიორია გიორგი გეგეშიძე, „ბედეგში“ მას აქციების 7 პროცნტი აქვს, რომელიც   ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის  გენერელური დირექტორია.  გეგეშიძესთან ერთად,  ჩიქოვანი სამშენებლო კომპანია „მაგი სტილს“  ფლობს, რომელიც ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობას აშენებს.  ჩიქოვანი ასევე ფლობს სარეკლამო სააგენტო   „მაგი სტილი მედიას“,  რომელიც მომხმარებელს  გარერეკლამას,  სამაუწყებლო დიზაინს,  სატელევიზიო რეკლამის  შექმნას და განთავსებას სთავაზობს.

„ირაკლი ჩიქოვანი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეა.  „მაუწყებლის შესახებ კანონის თანახმად, “ ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა, რადგან ის იმ სფეროში საქმიანობს, რომელსაც არეგულურებს“– ამბობს მათიას ჰუთერი.

სარეკლამო ბაზარზე 2011 წელს  ახალი კომპანია  „ჯენერალ მედია“ გამოჩნდა.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ კვლევის თანახმად, „ჯენერალ მედია“ შეიქმნა  „თაჩ მედია“ და „მედია ჰაუსის“ არაფაქტობრივი შეწყმის შედეგად.

„ჯენერალ მედია“ სარეკლამო სააგენტოებსა და  მედია–საშუალებებს შორის   რეკლამების გაყიდვის სფეროში შუამავლია. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და „იმედი“ „ჯენერალ მედია“–სთან თანამშრომლობენ.  „ჯენერალ მედია“ ამ ორ ტელეკომპანიაში სარეკლამო დროს ყიდულობს.

როგორც მათიას ჰუთერი ამბობს, მას  „რუსთავი 2 „–ის და „იმედის“ ხელმძღვანელებმა განუცხადეს, რომ კომპანიებს შორის კონკურენციამ  ბაზარზე ფასების დაწევა  გამოიწვია  და მათ  ფინანსურ მდგრადობას პრობლემები შეექმნა. ამიტომ  მათ ერთმანეთის წინააღმდეგ კონკურენცია შეწყვიტეს და  „ჯენერალ მედიასთან“ თანამშრომლობენ.

ამჟამად „ჯენერალ მედია“ ბაზარზე დე ფაქტო მოოპოლისტია და ნებისმიერი კომპანია, რომელსაც ნაციონალურ არხებზე რეკლამის განთავსება სურს,  იძულებულაია, მასთან ითანამშრომლოს.  „ჯენერალ მედიას“ აქვს ექსკლუზიური უფლება,  გაყიდოს სარეკლამო დრო „იმედზე,“რუსათავი 2 „–ზე, ტელეკომპანია  „საქართველოზე“, „მზეზე“,  „რეალტივიზე“ და „პირველ სტერეოზე“.  2011 წლის აპრილში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად  საზოგადებრივ მაუწყებელს  რეკლამის განთავსება აეკრძალა. მანამდე  „ჯენერალ მედია“ სარეკლამო დროს  „პირველ არხზეც“  ყიდდა.

2011 წლის იანვარ–სექტემბრის მონაცემებით, ტელეკომპანია „იმედს“ სარეკლამო ბაზრის 31,56 პროცენტი უჭირავს, „რუსთავი 2“–ს – ბაზრის 28,88 პროცენტი. ორივე ტელეკომპანიაში რეკლამა „ჯენერალ მედიამ“ განათავსა, კომპანია სარეკლამო ნაკადების ორ მესამედს აკონტროლებს.

გარერეკლამის ბაზარი

გარერეკლამის ბაზარზე მთავარი მოთამაშე „ალმა + „ იყო.  2009 წელს რეკლამის დიდი ნაწილი კომპანია „აუთდორ.ჯი“–ს ხელში გადავიდა.  ბაზარზე მზარდი გავლენის მოთამაშეა  „ვილაჯიო“,  რომელიც კომპანია „ვისოლის“ შვილობილია და  „ავტოგასამართ“   სადგურებზე,  თბილისის და ბათუმის აეროპორტებში  მდებარე გარერეკლამის აბრებს მართავს.

2009 წელს თბილისის მერიამ  აუქციონის წესით ორი  ნებართვა გასცა, რომელიც გარერეკლამის განთავსებას 12 წლით ითვალისწინებს.  მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აბრები „აუთდორ.ჯი “–ს გადაეცა, მარცხენა სანაპიროზე კი  ლიცენზია „მაგი სტილი მედიამ“ მიიღო.  ამ კომპანიას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობს. 2011 წლის დასაწყისში  „მაგი სტილი მედია “  „სმოდ ედვერთაისინგმა“  ჩაანაცვლა,  რომელიც 2011 წლის იანვარში შეიქმნა.  კომპანიას  „სმოდ  ექუიზი კორპი“ ფლობს და პანამაში  დარეგისტრირებუული ჰოლდინგური კომპანიაა.  მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში  ალექსანდრე გოგოხიაა, რომელიც „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია  და 2008 წელს „აუთდორ ჯი“–ს  მთავარ ფინანასურ დირექტორად მუშაობდა.

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70 პროცენტს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი  „საქართველოს ფოსტა “  მართავს.  30 პროცენტს კი „ლექსორ კეფიტალ კორპი“,  რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.   საქართველოში კომპანიის წარმომადგენელი  დიმიტრი ჩიქოვანია, რომელიც  დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა  და 2011 წლის სექტემბრამდე „აუთდორ.ჯი“–ს გენერალურ დირექტორად მუშაობდა.

თბილისის მერიაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  განუცხადეს, რომ  გარერეკლამებზე  გაცემული ყველა ნებართვის ვადა 2010 წელს ამოიწურა  და ბაზარზე დომინანტური პოზიცია „აუთდორ ჯი“–მ და “სმოდმა“ დაიკავეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ მედიაანალიტიკოსი  მამუკა ანდღულაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „ როგორც სამაუწყებლო, ასევე გარერეკლამასთან დაკავშირებით სახეზე გვაქვს ბაზრის მონოპოლიზაცია.  გამოვყოფდი „ჯენერლ მედიას“,   რომელსაც  ნაციონალურ ტელვიზიებში რეკლამის გაყიდვის ექსკლუზიური უფლება აქვს.  გარერეკლამის ბაზარზე კი– „აუთდორ.ჯი“.  ორივე კომპანიას  ნათესავების და ახლო მეგობრების ჯგუფი აკონტროლებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი