ეკონომიკა

კალაძე საბანკო ტერორის შესახებ საუბრობს

24 ნოემბერი, 2011 • 959
კალაძე საბანკო ტერორის შესახებ საუბრობს
“ეს არის გაგრძელება საბანკო ტერორისა, რომელიც ეროვნული ბანკის ხელით დაიწყო “ქართუ ბანკზე“ და ამჟამად გრძელდება „პროგრეს ბანკზე“ – ასეთ განცხადებას ავრცელებს დღეს, 24 ნოემბერს, ქართველი ლეგიონერი კახა კალაძე, რომლის “პროგრეს ბანკის” თანამფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდა.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “პროგრეს ბანკის“ 9 პროცენტი ბიძინა ივანიშვილმა 1 მილიონ  300 ათას ლარად იყიდა, გუშინ ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ბანკის” პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა გაახმიანა.
“ბიძინა ივანიშვილი პირადად შევიდა დამფუძნებლად კალაძის ბანკში. ამ თანხით გაზარდა თავისი საწესდებო კაპიტალი და ზრდის ნაწილი შეიძინა,“– განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც „პროგრეს ბანკიდან“ „ქართუს“ წარმომადგენლებმა ფინანსური ინფორმაცია წაიღეს შემოწმების მიზნით, კალაძის ბანკში “ეროვნული ბანკის“ ზედამხედველობის სამსახური შევიდა.
„ისევე მუშაობენ, როგორც ჩევნთან, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები წინასწარი კონტროლის რეჟიმში არიან,“– აცხადებს ჯავახიშვილი.
გუშინვე ჯავახიშვილმა “ნეტგაეზეთს” განუცხადა, რომ “პროგრეს ბანკის” წილის შესაძენად განკუთვნილი თანხა დღეს, 24 ნოემბერს, უნდა გადაერიცხა ბიძინა ივანიშვილს. დღესვე “ქართუ ბანკსა” და “პროგრეს ბანკის” ფინანსური გარიგების შესახებ ინფორმაციას კახა კალაძე გამოეხმაურა:
“საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მმართველ რეჟიმს თვალში არ მოსდის არც კახა კალაძე და არც ბიძინა ივანიშვილი. ისინი ყველანაირ აკრძალულ ხერხს მიმართავენ, ოღონდ რეჟიმი შეინარჩუნონ და მასთან ერთად შეინარჩუნონ ქონება და რეგალიები… ეს არის ერთ კაცზე მორგებული რეჟიმი, ამ ერთმა კაცმა ამოწურა თავისი შესაძლებლობა და ის ამოწურა საკმაოდ დიდი ხნის წინ… ვარდების რევოლუციის შემდეგ რვა წელი გავიდა, ეს იყო ხალხისათვის იმედგაცრუების და ნიჰილიზმის საშინელი რვა წელი. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, არა რევოლუციით, არამედ კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა გზით უნდა შევძლოთ არსებული რეჟიმის შეცვლა.
დადგა დრო ყველამ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება, საქართველოს მოსახლეობა ამას ნამდვილად იმსახურებს”, – აცხადებს კახა კალაძე.

ამავე თემაზე:

ივანიშვილი კალაძის ბანკის თანამფლობელი ხდება

კალაძის ბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი