ეკონომიკა

ივანიშვილი კალაძის ბანკის თანამფლობელი ხდება

23 ნოემბერი, 2011 •
ივანიშვილი კალაძის ბანკის თანამფლობელი ხდება

კახი კალაძის სს“პროგრეს ბანკის“ 9 პროცენტი ბიძინა ივანიშვილმა 1 მილიონ  300 ათას ლარად იყიდა.

„გარიგება ოფიციალურად არ დასრულებულა, თანხის გადარიცხვა ხვალ მოხდება. ბიძინა ივანიშვილი პირადად შევიდა დამფუძნებლად კალაძის ბანკში. ამ თანხით გაზარდა თავისი საწესდებო კაპიტალი და ზრდის ნაწილი შეიძინა,“– განუცხადა „ნეტგაზეთს“ ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ბანკის” პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისივე განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილი ბაზარზე მოქმედი სხვა ბანკების წილის შესყიდვითაც დაინტერესდეს, „თუმცა ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან „ქართუს“ საბანკო სექტორიდან მხარს არავინ უჭერს. ამ ეტაპზე „ქართუ ბანკსა“ და „პროგრეს ბანკს“ შორის თანამშრომლობა შედგა. ამ ორ ბანკს ხელისუფლება ღიად ებრძვის,“ – ამბობს ჯავახიშვილი.

ჯავახიშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ „პროგრეს ბანკში“, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის წილი 25 პროცენტამდე გაიზარდოს. თუმცა არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეს საკითხი პროცედურულად საქართველოს ეროვნულ ბანკთან უნდა შეთანხმდეს.

„შემდეგში გავაგზავნით ეროვნულ ბანკში მოთხოვნას, რომ „პროგრეს ბანკში“ 25 პორცენტით შევიდეთ, თუმცა, შესაძლოა, ეს პროცედურა რამდენიმე თვე გაიწელოს,“ – ამბობს ჯავახიშვილი.

„სს „პროგრეს ბანკსა“ და სს „ქართუ ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 7 ნოემბერს გაფორმდა. ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მხარეები „პროგრეს ბანკში“ ბიძინა ივანიშვილის შესვლის შესახებ ფაქტობრივად შეთანხმდნენ.

„ბიძინა ივანიშვილის დავალებით „პროგრეს ბანკიდან“ „ქართუს“ წარმომადგენლებმა ფინანსური ინფორმაცია გასული კვირის ხუთშაბათს წამოვიღეთ, მეორე დღეს კი შემოწმების მიზნით კალაძის ბანკში “ეროვნული ბანკის“ ზედამხედველობის სამსახური შევიდა,“ – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ნოდარ ჯავახიშვილი.

მისი თქმით, შემოწმებისას ეროვნული ბანკი სს“პროგრეს ბანკში“, როგორც „ქართუში“, ზუსტად ანალოგიურ პროცედურებს ახორციელებს. „ისევე მუშაობენ, როგორც ჩევნთან, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები წინასწარი კონტროლის რეჟიმში არიან,“– აცხადებს ჯავახიშვილი.

სს „პროგრეს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური  ბანკში საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის  შესვლის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ამ თემაზე არ საუბრობენ ეროვნულ ბანკშიც.

კახი კალაძემ  ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება  აღნიშნულ კომერციულ გარიგებამდე ერთი თვის წინ გაავრცელა:

„ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი, მიგულეთ თქვენ გვერდით. მჯერა, დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენ გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი…“ – ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

ამის შემდეგ კალაძე ივანიშვილს პირადად შეხვდა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე მხარეებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

“პროგრეს ბანკის” გაყიდვის შესახებ ინფორმაცია თვენახევრის წინ გავრცელდა, თუმცა ეს ინფორმაცია მაშინ ბანკის წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს.

2008 წელს დაფუძნებული ,,პროგრეს ბანკი’’ საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის ,,კალა კაპიტალის’’ საკუთრებაა, რომლის მთავარი ოფისი თბილისში მდებარეობს. ქართველმა ლეგიონერმა კახი კალაძემ ბანკი 2008 წელს დააფუძნა და  ამ დრომდე ის აქციების 100%-ის მფლობელი იყო.

2011 წლის მეორე ნახევრის მონაცემებით, ბანკის მთლიანი კაპიტალი 14 473 034 ლარით განისაზღვრა. 2011 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბანკი 0,1 მლნ ლარის მოგებით მომგებიან ბანკებს შორის მე-16 პოზიციაზეა.

“ქართუ ბანკის” 100%–ანი წილის მფლობელი სს “ქართუ ჯგუფია”, რომლის დამფუძნებელია ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქტივებისა და პასივების მოცულობით “ქართუ ბანკი” საქართველოში მოქმედ 19 ბანკს შორის მეხუთე ადგილზეა.

ამავე თემაზე:

კალაძის ბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი