ეკონომიკა

64 მილიონი ბათუმის ანბანის კოშკისთვის

8 ნოემბერი, 2011 • 1226
64 მილიონი ბათუმის ანბანის კოშკისთვის

ბათუმში ანბანის კოშკის მშენებლობისთვის 64 მილიონი იხარჯება, მაშინ, როცა მთელი აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 115 მილიონი ლარით არის დაგეგმილი.

ანბანის კოშკის მშენებლობისთვის, რომელზეც უკვე განთავსებულია ქართული ანბანის 33-ვე ასო, ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი დაიხარჯა, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის კი დამატებით 4 მილიონი ლარი გამოიყო. კოშკის ბოლო სამ სართულზე რესტორნის, ტელესტუდიისა და ობსერვატორიის გაკეთება იგეგმება.

„დღეს ვხსნით ბათუმის ეიფელის კოშკის მშენებლობას და გვჭირდება 5 თვე, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ეს არის სახელმწიფო და კერძო ინვესტიცია და მთაზე, ასევე, იწყება ფუნიკულიორის მშენებლობა. საუბარია საბაგირო გზაზეც და ბათუმს ექნება ფუნიკულიორი და ბათუმს ექნება ანძა. აქ იქნება სატელევიზიო სტუდიები. ძალიან მაგარი მოტრიალე რესტორანი. მაგრამ აქ მთავარი იდეა არის ქართული ანბანი. ქართული ანბანი არის ჩვენი დნმ და აქ ანძა არის გაკეთებული, როგორც გენეტიკური კოდი და თუ დააკვირდებით, ის არც ერთ სხვა ანძას მსოფლიოში არ ჰგავს. ეს პრაქტიკულად არის ქართული ანბანის დიდი მონუმენტი, რომელიც აქ იხსნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 10 ოქტომბერს.

მიხეილ სააკაშვილის ვარაუდი არ გამართლდა. ბათუმის ანბანის კოშკის მშენებლობა 5 თვის განმავლობაში ვერ დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან თანხის გაცემის პროცედურები დაჩქარებულ ვადაში განხორციელდა და არც ერთ შესყიდვაზე ტენდერი არ გამოცხადებულა.

ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასო ბათუმში სპეციალურად აგებულ ანბანის კოშკზე უკვე დაიწერა მხედრულად, ასომთავრულად და ნუსხურად. ანბანის თითოეული ასოს სიგრძე დაახლოებით 7 მეტრია. ესპანური კომპანია „კობრას” თანამშრომლები აქ ახლა ელექტროსისტემას ამონტაჟებენ. ისინი საქართველოში ახალ შეკვეთასაც ელიან.

კოშკი დაახლოებით 130 მეტრი სიმაღლისაა. ნაგებობის თავზე კი მინის სფეროა განთავსებული. პროექტის მიხედვით, სფეროში მბრუნავი რესტორანი უნდა იყოს. იგი ერთ ბრუნს ერთ საათს მოანდომებს. აქვე განთავსდება ტელესტუდია და ობსერვატორია.

ბათუმის მერიაში ვარაუდობენ, რომ კოშკის მშენებლობა 2011 წლის ბოლოს  დასრულდება. ანბანის კოშკის არქიტექტორი ესპანელი ალბერტო დომინგო კაბოა. მისი  არქიტექტურით ქუთაისში მალე პარლამენტის შენობა აიგება. ანბანის კოშკის მშენებლობისთვის ესპანურ კომპანიას, შპს  „GMD  DOMINGO  Y LAZARO  INGENIEROS .S.L“-ს ბათუმის მერიამ 59 მილიონი გადაურიცხა. მერია საქართველოს მთავრობის განკარგულებას დაეყრდნო და გამარტივებული შესყიდვის ფორმა გამოიყენა.

გარდა აღნიშნული თანხისა, ანბანის კოშკისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო: მილიონ 600 ათასი ლარი კოშკის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამარტივებული შესყიდვის ფორმით შპს „ზიმოს“  გადაეცა; კოშკის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 2,5 მილიონი ლარი ასევე გამარტივებული შესყიდვის ფორმით შპს „გზამ“ მიიღო. ორივე შემთხვევაში თანხა საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაიცა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, არ უპასუხა კითხვას, გასხვისდება თუ გაქირავდება კოშკი – „ჯერჯერობით მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და თუ გაიყიდება, თქვენ პირველები გაიგებთ“.

კოშკის განკარგვის მექანიზმებზე პასუხი მთავრობისგან ვერც ბათუმის საკრებულოს “რესპუბლიკელმა” წევრმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა მიიღო:

„ეს ნონსენსია. არც ერთ ევროპულ ქარტიაში არ წერია, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა ააშენოს რესტორნის ტიპის  ნაგებობა და მართოს. ჩვენ გვაქვს ქვეყნის 20% ოკუპირებული. არც მეტი და არც ნაკლები – ვაშენებთ რესტორანს, რომელიც 60 მილიონი გვიჯდება. რაც შეეხება არქიტექტურას, არც ეს არის სიახლე, მაგრამ მე მართვის საკითხი მაღელვებს. ქალაქის მერი უნდა იყოს რესტორნის დირექტორი, თუ საკრებულოს თავმჯდომარე. ამ კითხვებზე პასუხი საკრებულოს უმრავლესობას ან ჯერ არ აქვს, ან გაურბის“.

კითხვას, რატომ დაუჭირა მხარი ანბანის კოშკის ბიუჯეტიდან დაფინანსებას, გიორგი კირთაძე პასუხობს: „რა კითხვებს მისვამთ? მომწონს თაუერი, ამიტომ დავუჭირე მხარი. ის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის. დეტალები არ მახსოვს, რომელ სართულზე რა უნდა განთავსდეს, დაახლოებით ასეა: ობსერვატორია, ტელესტუდია და რესტორანი. მსგავსი პროექტის ძალიან ბევრი ანალოგი არსებობს. შორს რომ არ წავიდეთ, პიაცა ავიღოთ. თვითმმართველობა აქტიური რომ არ ყოფილიყო, პიაცაც ვერ აშენდებოდა. აშენდა პიაცა და შემდეგ მოხდა მისი გასხვისება”.

ეკონომისტ დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ „საერთაშორისო პრაქტიკაში არის ასეთი ანალოგიური პროექტები, მაგალითად, პარიზსა და ბერლინში. მთავარია, მესაკუთრეს, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტს, გადაუხადონ ქირა და დამქირავებელს არ გადაეცეს ობიექტი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად, რადგან იგი სახელმწიფო რესურსებით ააშენეს. მეორეც, ეს მნიშვნელოვანი წყარო უნდა გახდეს ბიუჯეტისთვის.

რაც შეეხება პიაცას, თუ იგი დაჯდა 19 მილიონი და გაიყიდა ამაზე ნაკლებ ფასად, მაშინ ეს ბიუჯეტის თანხის არარაციონალური ხარჯვაა. უფრო მარტივ ენაზე კი – გაფლანგვა. ბიუჯეტში თითოეული მოქალაქე და კერძო კომპანიები თანხას იხდიან, რათა იგი შემდგომ საჯარო სერვისს მოხმარდეს“.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ნარმანიას ასე პასუხობს: „დავით  ნარმანია კარგი ეკონომისტია, როგორც მე ვიცი, მაგრამ საბუთებში ჩაიხედოს. ნაკლებად გაიყიდა თუ მეტად გაიყიდა პიაცა, იქ გაარკვევს“.

მერიის დოკუმენტებში გაზეთმა „ბათუმელებმა“ ჩაიხედა და დაადგინა, რომ პიაცა, რომლის აშენებაზეც 19,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, 11 მილიონ ლარად გაიყიდა, ოღონდ მოედანი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩა. პიაცას მფლობელს მოედანი უფასოდ სარგებლობის უფლებით გადასცა მერიამ. მერიამ მფლობელად ირაკლი სამხარაძე გამოაცხადა, თუმცა, ასევე, „ბათუმელებთან“ინტერვიუში სამხარაძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს მან სრულად იყიდა პიაცა, არ არის სწორი.

პიაცასგან განსხვავებით, ჯერჯერობით, გაურკვეველია ანბანის კოშკის ბედი.

მასალების გადაბეჭდვის წესი