ეკონომიკა

ოქტომბერში წლიური ინფლაციის საშუალო დონე 9,9 პროცენტია

7 ნოემბერი, 2011 • 1515
ოქტომბერში  წლიური ინფლაციის საშუალო დონე  9,9 პროცენტია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფალციის დონემ 0,2 პროცენტი შეადგინა.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ  შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ფასები შემცირდა 0,1 პროცენტით და მისი წვლილი ოქტომბრის თვის ინფლაციაში 0,07 პროცენტია.

ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები, (1,1 პროცენტით), ხილი და ყურძენი (0,1 პროცენტით), ხორცი და ხორცპროდუქტები (0,6 პროცენტით). საქსტატის ინფორმაციით, ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილი და სხვა ბოლქვოვნები (1,8 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (0,4 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფებზე ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით და მისმა წვლილმა მთლიანი ინფლაციის მაჩვეენბელში – 0.07 პროცენტი შეადგინა. ფასის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა საწვავ–საპოხ მასალებზე , რაც 2,1 პროცენტს გაუტოლდა.

2011 წლის ოქტომბერში, 2010 წლის ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2,3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის შეფასებით, 12– თვიან პერიოდში ფასების ფორმირებაში ძირითადი გავლენა შემდეგმა ცვლილებებმა განაპირობა: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები 1,5 პროცენტით გაიზარდა და ინფლაციის წლიურ მაჩევნებელში 0,7 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხორცისა და ხორცპროდუქტების ქვეჯგუფზე (21,8 პროცენტი), შაქრისა და ტკბილეულის ქვეჯგუფეზე (10,0 პროცენტი), ზეთის და ცხიმის ქვეჯგუფზე (6,7 პროცენტი). ფასების შემცირება დაფიქსირდა  ბოსტნეულზე, ბაღჩეულსა და სხვა ბოლქვოვნებზე (18,9 პროცენტი), ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (14,5 პროცენტი).

ერთი წლის განმავლობაში ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა 16,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 1,6 პროცენტი შედგინა.  აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამოქალაქო საგზაო ტრანსპორტზე (24,3 პროცენტი) სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე (23,9 პროცენტი) და საწვავ–საპოხი მასალების ქვეჯგუფზე (14,1 პროცენტი).

2011წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ფასების 7,6– პროცენტაინი კლება დაფიქსირდა კავშირგაბმულობის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც ინფლაციის საერთო მაჩვენებელში  0,3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

საშუალო წლიური ინფლაციის დონე 2011 წლის ოქტომბერში 9,9 პროცენტი  იყო. . 2010 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 6,3 პროცენტს, ხოლო 2009 წელს 1,5 პროცენტს შეადგენდა.  ქვეყანაში ბოლო სამი წლის მანძილზე წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როცა ეს მაჩვენებელი 13,6 პროცენტი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი