ბიძინა ივანიშვილი „ქართუ ბანკში“ პროკურატურის შესვლასთან დაკავშირებით ვარაუდს ია ანთაძისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გამოთქვამს – “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს “ქართუ ბანკი”.
“მიმდინარე პროცესები „ქართუ ბანკის“ გარშემო პოლიტიზირებულია, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბანკიდან ფინანსური რესურსების გადინება დაიწყოს“, – ასეთ შეფასებას აკეთებს „ნეტგაზეთთან “ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია.
„ამგვარი საკითხები მომხმარებელს აფრთხობს, მით უმეტეს, მაშინ, როცა ეს პოლიტიკურ საკითხთან პირადპირ არის მიბმული. მეანაბრეებს ურჩევნიათ, ფინანსური რესურსების უსაფრთხო ადგილას განთავსება. როცა მომხმარებელი საფრთხეს გრძნობს, მას სრული უფლება აქვს, ბანკში შენახული საკუთარი კაპიტალი გაიტანოს.“
საბანკო სექტორის პოლიტიზირების თემა ახალი არ არის. პირველი გახმაურებული საქმე 2007 წელს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის „სტანდარტ ბანკში“ შესვლას უკავშირდება. „სტანდარტ ბანკის“ აქტივებს ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი ფლობდა.
2007 წლის ნოემბერში ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩაერთო. „მთაწმინდის პარკის“ და „ტელეიმედის“ შემდეგ „სტანდარტ ბანკი“ პატარკაციშვილის ის ფინანსური აქტივი იყო, რომელიც პოლიტიკური ზეწოლის სამიზნე გახდა.
2007 წლის 24 ნოემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დავით ამაღლობელის განკარგულების საფუძველზე სააქციო საზოგადოება “სტანდარტ ბანკში” დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნა. ეს საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რადგან პატარკაციშვილის პოლიტიკაში ჩართვამდე “სტანდარტ ბანკი” ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი იყო. 2007 წელს ეროვნულმა ბანკმა “სტანდარტ ბანკს” “CAMEL” სისტემის მიხედვით მეორე კატეგორია მიანიჭა, რაც უმაღლესი კატეგორიაა ქართულ კომერციულ ბანკებს შორის.
ბანკის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაინიშნა. ქადაგიძე აცხადებდა, რომ ბანკის ლიკვიდაცია არ მოხდებოდა და ეროვნული ბანკი მეანაბრეების ინტერესებს დაიცავდა.
2007 წელს კომპანია „სელფორდის“ ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე აცხადებდა, რომ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ „სტანდარტ ბანკის“ მეანაბრეებსა და კორპორაციულ კლიენტებზე ზეწოლა განხორციელდა და ბანკიდან კაპიტალის გადინება დაიწყო. კაპიტალის გასვლის დინამიკა საკმაოდ მაღალი იყო _ ორ კვირაში ბანკიდან 40 მილიონი ლარი გავიდა. სწორედ ლიკვიდურობის პრობლემა გახდა „სტანდარტ ბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის მიზეზი. თუმცა მაშინ „სელფორდის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბაკის ფინანასური რესურსების შევსება შეეძლოთ. მათ ამის საშუალება არ მიეცათ.
2008 წლის მარტში „სტანდარტ ბანკის“ აქციების 100% კორ ბანკმა შეიძინა. რომლის დამფუძნებელიც „საინვესტიციო კომპანია “დაბი ჯგუფია”. ახლა ბაზარზე ყოფილი სტანდარტ ბანკი „კორ სტანდარტ ბანკის“ სახელით ოპერირებს. პატარკაციშვილების ოჯახმა ეს აქტივი დღემდე ვერ დაიბრუნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სს “ბანკი ქართუსთან” დაკავშირებით ამბობს, რომ “ბანკ ქართუსთან” დაკავშრებით რამდენიმე ყურადსაღებ ფაქტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი იყო სს ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტი, რაც, მისი თქმით, ეროვნული ბანკის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა.
“რეგულატორმა სწორედ ასეთი რეაგირება უნდა მოახდინოს ყოველთვის, თუ რომელიმე კომერციულ ბანკში მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება”, – აცხადებს ქადაგიძე.
“რაც შეეხება აძღრულ სისხლის სამართლის საქმეს – თუ კომერციულ ბანკს ისეთი გადაუდებელი აუცილებლობისთვის სჭირდებოდა დიდი ოდენობით ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში, ამის შესახებ შეეძლო ეცნობებინა ეროვნული ბანკისათვის და ერთობლივად განვსაზღვავდით საკითხის მოგვარების გზას უკვე არსებული პრაქტიკის შესაბამისად: ეროვნულ ბანკს ადრეც არაერთხელ გადაუჭრია მსგავსი ტიპის საკითხები, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია”
ქადაგიძე განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ბანკის ოპერაციების შეჩერება, ან ნებისმერი სხვა ფორმით საკუთრების ხელყოფა; „გავიხსენებ “სტანდარტ ბანკის” მაგალითს, რომელიც ბრალდების თვალსაზრისით ქართუ ბანკის მაგალითს წააგავს, როდესაც თემის პოლიტიზირება ხდება. თუმცა არავინ იხსენებს “სტანდარტ ბანკის” ამბავს, თუ როგორ დასრულდა ის. „სელფორდ კაპიტალის“ ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე მადლობას უხდიდა სებ-ს კომპეტენტური ჩარევისთვის. ამიტომ ჩემთვის მიუღებელია ნებისმერი ფორმით ფინანსური სექტორის პოლიტიზირება. მე პირადად და ეროვნული ბანკი არის იმის გარანტი, რომ საბანკო სექტორში პოლიტიზირება არ მოხდეს“.
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, რომ ბანკში არ დგას ლიკვიდურობის პრობლემა: „დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნა მხოლოდ სპეციალური დასკვნის საფუძველზეა შესაძლებელი, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ ბანკს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საკითხი ასე არ დგას. „ქართუ ბანკში“ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები საქმიანობენ და მომზადებული დასკვნა საჯარო გახდება.
თუმცა იკვეთება კიდევ ერთი დეტალი, ნოდარ ჯავახიშვილი „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა. პროცედურის თანახმად კი კომერციული ბანკების ტოპმენეჯმენტის დანიშვნას ეროვნული ბანკის თანხმობა სჭირდება. ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, მან ეროვნულ ბანკში სათანადო დოკუმენტაცია უკვე გააგზავნა.
რაც შეეხება ლიკვიდურობის პრობლემას, „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ინფორამციით, მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბანკიდან ანაბრების გატანის და ანგარიშების გადატანის პროცესი დაიწყო. ჯავახიშვილი ზეწოლაძე არ საუბრობს, თუმცა, მისი თქმით: „ ბოლო მონაცემებით, ბანკიდან კაპიტალის გადინება საშუალოზე მეტია, ანუ საშუალო არითმეტიკულ სტატისტიკას აჭარბებს, მაგრამ კატასტროფული არ არის. ანგარიშების გადატანის სურვილით ბანკს რამდენიმე მომხმარებელმა დღეს დილიდან მიმართა.“
„ქართუ ბანკის” 100%–ანი წილის მფლობელი სს “ქართუ ჯგუფია”, რომლის დამფუძნებელია ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი. სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი „როსიისკი კრედიტი–ქართუ’’ 1996 წელს დაფუძნდა. ერთი წლის შემდეგ მან საბანკო ლიცენზია მიიღო. 1998 წელს სააქციო საზოგადოება კომერციულ ბანკს სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“ დაერქვა. 1998 წელს ბანკმა მიიღო ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლება და ამ დროიდანვე ბანკი ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. 2011 წლის 30 ივნისის მონაცემებით, ბანკის მთლიანი აქტივები 188 476 201 ლარია. უცხოურ ვალუტაში აქტივების მოცულობა 331 677 951 დოლარია. ჯამში, ბანკის აქტივები სულ 520 154 452 ათასი ლარია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქტივებისა და პასივების მოცულობით “ქართუ ბანკი” საქართველოში მოქმედ 21 ბანკს შორის მეხუთე ადგილზეა.