ეკონომიკა

“მადნეულის” უცნობი კონკურენტი

18 ოქტომბერი, 2011 • 2034
“მადნეულის” უცნობი კონკურენტი

სააქციო საზოგადოება “მადნეულზე” ჩამორთმეული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ორი ლიცენზიიდან ერთ-ერთი  კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ 93,5 მილიონ ლარად იყიდა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონზე გამოტანილი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის  30–წლიანი ლიცენზიის საწყისი ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენდა. ოფიციალური ინფორმაციით, „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ აუქციონში მონაწილე მეორე  კომპანიას, „ანგლო ჯორჯია მაინინგ კომპანიას”, ფასით მოუგო და ლიცენზიაში საწყის ღურებულებაზე სამჯერ მეტი შესთავაზა. კომპანიამ ეს თანხა ორ თვეში უნდა დაფაროს.

ლიცენზია, რომელიც “კავკასიის სამთო ჯგუფმა” შეიძინა, ვრცელდება ბოლნისის, მარნეულის, დმანისის წალკისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებში არსებულ ოქროს, ბარიტის , სპილენძის, მადნეულის საბადოებზე.

ვინ არის ახალი მოთამაშე ძვირფასი ლითონების ბაზარზე?  – “კავკასიის სამთო ჯგუფი” 2011 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა და კვიპროსში 2011 წლის 6 ივნისს დარეგისტრირებული Pamtilon Holdings Limited–ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

„კავკასიის სამთო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ჯონდო შუბითიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ Pamtilon Holdings Limited –ი,  საქართველოს გარდა, ირანში,  შუა აზიაში, სომხეთში და მონღოლეთში საქმიანობს, სადაც ჰყავს კონკრეტული პარტნიორები. თუმცა  შუბითიძე აცხადებს, რომ არ დაასახელებს არც კომპანიის მფლობელებს და არც პარტნიორებს.

თავად შუბითიძე სამთო-გეოლოგიური კომპანიის 50% წილის მფლობელი და ხელმძღვანელია. ეს კომპანია  2010 წელსაა დარეგისტრირებული.

შუბითიძის  განმარტებით, “კავკასიის სამთო ჯგუფი” პირველ ეტაპზე, ლიცენზიის პირობების თანახმად, 2–5 წლის განმავლობაში გეოლოგიურ საძიებო სამუშაოებს ჩაატარებს,  რისთვისაც  ყოველ წელს  10–15  მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს:

“ოქრო, სპილენძი, ტყვია და თუთია – ამ წიაღისეულიდან, რომელიც იქნება ჩვენთვის ხელმისაწვდომი, იმას დავამუშავებთ.“

შუბითიძე ამბობს, რომ  ლიცენზია, რომელიც “კავკასიის სამთო ჯგუფმა” შეიძინა, მანამდე  სს „მადნეულს“ ჰქონდა, თუმცა არ იყენებდა და არ ამუშავებდა:

„კომპანია „მადნეული’’ და „კვარციტი“ ოქროს, თუთიას და სპილენძს კონკრეტულად თავის კარიერში  მოიპოვებს. ის არის მათი სალიცენზიო ტერიტორია.  ისინი არ ეხებიან ჩვენს საბადოს.“

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, რომელიც “კავკასიის სამთო ჯგუფმა” შეიძინა, ერთ-ერთია იმ ორი ლიცენზიიდან, რომელიც სს “მადნეულს” ჩამოართვეს.

სს “მადნეული” მონოპოლისტი იყო სასარგებლო წიაღისეულის ბაზარზე. ის 37 ლიცენზიას ფლობდა და მხოლოდ ორს იყენებდა.

ენერგეტიკის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ “მადნეულისთვის” ორი ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზი სამინისტროს მიერ მონიტორინგის ჩატარების შედეგად აღმოჩენილი სალიცენზიო პირობების დარღვევაა. პირობების დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ “მადნეული” არ იყენებდა ლიცენზიას და არ ამუშავებდა კარიერებს.

რატომ ჩამოართვეს 37–დან მხოლოდ 2 ლიცენზია და რატომ სწორედ ახლა, მაშინ, როცა “მადნეული” 2005 წლიდან ფლობდა ამ ლიცენზიებს? – ამ კითხვების ადრესატი ენერგეტიკის სამინისტროა, თუმცა როგორც სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, ამ კითხვებს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური უპასუხებს, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.

სს „მადნეული“ მმართველი გუნდის წევრ, პარლამენტარ კობა ნაყოფიას სახელს უკავშირდება. ნაყოფიას ბიზნეს ბიოგრაფია რუსეთში იწყება. 1996-2004 წლის ოქტომბრამდე ის რუსეთში სხვადასხვა კომპანიის გენერალური დირექტორი და ვიცე–პრეზიდენტი იყო. 2004 წლის ოქტომბერში კი საქართველოში ჩამოვიდა და სს “მადნეულის” გენერალური დირექტორი გახდა. შემდეგ  შპს “კვარციტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და  შპს “ზარაფხანა დეველოპმენტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წლიდან ნაყოფია საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტში აირჩიეს  “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ დეპუტატადად.

2010 წელს ნაყოფიამ პატრიოტიზმისა და ბიზნესში ახალი სტანდარტების დანერგვისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიიღო.

კოფა ნაყოფიამ დააფინანსა რენი ჰარლინის ფილმი “აგვისტოს ხუთი დღე”, რომელიც imdb.com-ის მონაცემებით, დაახლოებით 12 მილიონი დოლარი დაჯდა. ნაყოფია ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიცაა. საზოგადოებას იგი განსაკუთრებით დაამახსოვრდა ფილმის პრემიერაზე ჩამოსულ შერონ სტოუნთან შეხვედრისას.

კობა ნაყოფია ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში სამი კომიტეტის წევრობას (სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის წევრი) ითავსებს.

ამავე თემაზე:

„მადნეულს “ ლიცენზია ჩამოართვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი