ეკონომიკაკომენტარი

ბესო ნამჩავაძე: ლარის 18-თეთრიანი გამყარების 2 მიზეზი

17 მარტი, 2016 • 2562
ბესო ნამჩავაძე: ლარის 18-თეთრიანი გამყარების 2 მიზეზი

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტის, ბესო ნამჩავაძის აზრით, დოლარის მიმართ ლარის კურსის ბოლოდროინდელ გამყარებას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოსახლეობასა და ბიზნესში მოლოდინების ცვლილებაა კურსის მიმართ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 17 მარტისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3157 ლარი ღირს. ეროვნული ბანკის მიერ 1 მარტისთვის დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4713 ლარი ღირდა. 17 მარტამდე პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 0.1556 პუნქტით გამყარდა. ბესო ნამჩავაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ლარის გამყარება რეალურად თებერვლის დასაწყისიდან დაიწყო და თუ ამ პერიოდსაც მივიღებთ მხედველობაში, გამოდის, რომ თებერვლის შემდეგ ლარი სულ 18 თეთრითაა გამყარებული:

“ლარის კურსის გამყარება არა მარტიდან, არამედ თებერვლის დასაწყისიდან დაიწყო, თუმცა ნელი ტემპით მიმდინარეობდა ეს პროცესი. ჯამში, თებერვალში ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა. ჩვენ 3 თეთრს უკვე არაფერს ვეძახით, მგარამ ეს საკმაოდ დიდი ცვლილებაა. მარტიდან პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა და დღეს, გკრკვეულ მომენტში 2.26-ზეც კი ჩამოვიდა კურსი [ბლუმბერგის მიხედვით]”, – ამბობს ანალიტიკოსი და აცხადებს, რომ ლარის კურსის გამყარებას 2 მიზეზი აქვს:

“1. ეროვნულ ბანკს ლარის მასა, ფაქტობრივად, უკვე გაყინული აქვს, ანუ მიმოქცევაში არსებული ლარის მასა არ იზრდება. ამ ფონზე ცოტათი აღგვიდგა სავალუტო შემოდინებები და თებერვლის სტატისტიკიდან ვიცით, რომ თებერვალში იანვართან შედარებით ექსპორტი გაიზარდა… გარდა ამისა, გაიზარდა ფულადი გზავნილები, ასევე გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებელებიც. გაიზარდა იმპორტიც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის წამლების ღირებულების წილი, რომელშიც ჩვენ რეალურად ფული არ გადაგვიხდია, ამერიკელები გვჩუქნიან… ამას თუ გამოვაკლებთ, გამოდის, რომ მცირედითაა გაზრდილი იმპორტი. არ ვიცით, რა ვითარებაა ინვესტიციებისა და კრედიტების კუთხით სტატისტიკაში, მაგრამ [ლარის გამყარების] პროცესი გვიჩვენებს, რომ, როგორც ჩანს, იქაც ზრდაა. შეიძლება ითქვას, რომ საგარეო შოკი, რომელიც 1,5 წელიწადია გვაქვს, შერბილდა. საგარეო ფაქტორებიდან იმდენი ზეწოლა ლარის კურსზე აღარ მოდის. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ თებერვლიდან დაწყებული ჯერ მცირედით და შემდეგ უკვე მარტიდან ლარმა გამყარება დაეწყო.

2. რაც შეეხება მეორე მიზეზს, ბუნებრივია, ისეთი რაღაც არ მომხდარა, რომ 18 თეთრით გამყარებულიყო ლარი [დოლართან მიმართებაში], ამას უკვე დაემატა აჟიოტაჟი მოსახლეობისა და ბიზნესის მხრიდან. ადამიანები საქართველოში დანაზოგს დოლარში აკეთებენ. თუ დოლარში გაქვს დანაზოგი და ლარი მყარდება, მაშინ შენი დანაზოგი უფასურდება, რადგან შენ ეს ფული ხვალ და ზეგ რომ დაგჭირდება, უნდა გამოიტანო და ლარში დახარჯო. ადამიანები აღარ ელოდებიან და სანამ უფრო მყარია დოლარი, ახლა ყიდულობენ ლარს. ლარზე მოთხოვნაც იზრდება. ლარის კურსის გამყარება ამან კიდევ უფრო დააჩქარა. არის ის მომენტიც, რომ თვის შუა რიცხვებში დღგ-ს გადასახადების გადახდის დროა, არის ის მომენტიც, რომ მოგების გადასახადს კვარტლურად იხდიან საქართველოში და პირველი გადახდა ამ წელს მარტში უწევთ 1 აპრილამდე. მცირედით, მაგრამ ესეც გაზრდიდა ლარზე მოთხოვნას”, – ამბობს ნამჩავაძე.

მისივე თქმით, ბიზნესის ნდობა ეკონომიკური პროცესებისადმი ცოტათი გაიზარდა და ეს ძირითადად პრემიერ-მინისტრის ცვლილებას უკავშირდება.

“კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ თავის განცხადებებში [ბიზნესმენები] არც მალავენ, რომ უფრო პოზიტიურად არიან განწყობილი. იმავე მოგების გადასახადის გაუქმების და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების დაპირებით და ა.შ. მათაც ალბათ უფრო თამამად ამოიღეს გადანახული დოლარები და ხარჯვა დაიწყეს. მე გამიჭირდება იმის თქმა, 18-თეთრიან გამყარებაში რომელი ფაქტორის წილი რამდენია. თეთრების მიხედვით ამის ჩამოყალიბება გამიჭირდება. ეს შეუძლებელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ აჟიოტაჟური ქცევის წილი ძალიან დიდია. ანუ ახლა პირიქითაა შიში იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად არ გამყარდეს ლარი და ჩემი დოლარები არ გაუფასურდეს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, სწორი იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკებისგან დღეს 5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა და ლარი გამოუშვა ბაზარზე. მან ეს პანიკა ცოტათი შეარბილა. თორემ ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად გამყარებულ ლარის კურსს მივიღებდით, რის უკანაც საკმარისი ეკონომიკური ფაქტორები არ იქნებოდა, ჩაივლიდა აჟიოტაჟი და ლარი ისევ სწრაფად დაიწყებდა გაუფასურებას. ეროვნული ბანკი სწორედ ამ როლს ასრულებს: ისეთი ტემპით არ უნდა მოხდეს ვალუტის კურსის გამყარება/გაუფასურება, რომ ის საბაზრო პროცესებსა და ეკონომიკურ პროცესებს თავიდან ბოლომდე აცდეს”, – ამბობს ნამჩავაძე.

რაც შეეხება იმას, თუ რა პრობლემას შექმნის სწრაფად, ეკონომიკური წინაპირობების გარეშე გამყარებული ლარი, იგი განმარტავს:

“თანდათანობით უნდა გამყარდეს ლარის კურსი და არა რამდენიმე დღეში. რამდენიმე დღეში სწრაფად გამყარებული ლარის კურსი რას მოგვიტანს: 1-2 კვირაში ამას მოყვება იმპორტის ზრდა, შემცირდება ექსპორტი, შეაფერხებს ტურსიტების შემოსვლას, დავუბრუნდებით იმ მძიმე საგარეო შოკს, რაც გვქონდა, და ლარის კურსი დაუბრუნდება გაუფასურების ტენდენციას. რა ხდება, თუ ჩვენ პერიოდულად, ნელ-ნელა ვახერხებთ ლარის გამყარებას, ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი ასწრებს შეგუებას ახალ პირობებთან, ბიზნესმენს დრო აქვს, რომ ახალ გამოწვევებს უპასუხოს და ასე შემდეგ. ლარის გამყარებისთვის ეკონომიკური წინაპირობები უნდა გვქონდეს. გაჩნდა ცოტა უკეთესი წინაპირობა და ლარმა გამყარება დაიწყო, მაგრამ იმხელა წინაპირობა ჯერ არ გვაქვს, რომ კურსი 2.2-ზე ჩამოვიდეს, შეიძლება ასე 2 თვის შემდგეგ იყოს”, – აცხადებს ნამჩავაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი