ეკონომიკა

ერთი პარლამენტარის ფასი

30 ივნისი, 2011 • 2563
ერთი პარლამენტარის ფასი

საქართველოს ბიუჯეტს ერთი დეპუტატის სახელფასო ანაზღაურება წელიწადში საშუალოდ 50 ათასი ლარი უჯდება. «ნეტგაზეთმა» დაინაგარიშა, თუ რა დამატებით ხარჯებს მოუტანს ქვეყანას პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150–დან 190–მდე გაზრდა.

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი წინადადებების მიხედვით, რომელიც ამ დროისთვის შვიდმა პარტიამ გაიზიარა, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 40 დეპუტატით იზრდება.

საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის შესაბამისად, პარლამენტის წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განსაზღვრულია 2 000 ლარის ოდენობით, ანუ წელიწადში 24 000 ლარით, თუმცა, რეალურად, საქართველოს პარლამენტის წევრები გაცილებით მეტ თანხას იღებენ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად.

საშუალოდ, ერთი დეპუტატის შენახვა ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 50 ათასი ლარი, თვეში კი 4170 ლარამდე უჯდება. ამ ინფორმაციას ადასტურებს ნიკა ლალიაშვილი, პარლამენტის წევრი «ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან»:

«2000 ლარი საიდან არის? ვერ გეტყვით, მე რაც მიწერია დეკლარაციაში წლიური შემოსავალი, ეგ თანხა რომ გაყოთ 12–ზე, მაგდენს ვიღებ ხელფასის სახით ყოველთვიურად. პირდადად მე, დამატებით ვიღებ კიდევ თანხას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობისთვის და მეტი მე ნაღდად არაფერი არა მაქვს».

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში ლალიაშვილს მითითებული აქვს, რომ როგორც პარლამენტის წევრმა, მან გასულ წელს 50692,49 ლარი მიიღო შემოსავლის სახით.

«ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობა» პარლამენტში შვიდი წევრითაა წარმოდგენილი. მათგან სამუშაოს შესრულების შედეგად ყველაზე მეტი შემოსავალი – 69 732 ლარი ლევან ვეფხვაძეს აქვს მიღებული გასულ წელს, გიორგი თარგამაძეს – 60 192 ლარი, 59 572 ლარი – გიორგი ახვლედიანს, 55 831,49 ლარი – მაგდა ანიკაშვილს.

«საშუალოდ ერთი დეპუტატის ხელფასი 50 ათასი ლარი ჯდება დაახლოებით, კი, ეგრე გამოდის», – ამბობს ნიკა ლალიაშვილი.

საშუალოზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა აქვს გასულ წელს მიღებული პარლამენტის თავმჯდომარეს. დავით ბაქრაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შარშან მან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, 91 832 ლარი გამოიმუშავა.

86 619 ლარი აქვს მიღებული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიგი წერეთელს, 79 172,49 ლარი – პარლამენტის ვიცე–სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს; 72 082,49 ლარი – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილს.

67–დან 70 ათას ლარამდე აქვთ გამომუშავებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერშიპის წარმომადგენლებს – ზურაბ მელიქიშვილს, აკაკი მინაშვილს, პავლე კუბლაშვილს, რუსუდან კერვალიშვილს, გიორგი გაბაშვილს, გიორგი მელაშვილს.

ოპოზიციიდან ყველაზე მაღალი ანაზღაურება ლევან ვეფხვაძესა (ქდმ) და პაატა დავითაიას («ჩვენ თვითონ») აქვთ მიღებული (გასულ წელს თითოეულმა მათგანმა 69 732 ლარი გამოიმუშავა პარლამენტში), მათ მოსდევს გია თორთლაძე («საქართველოს დემოკრატიული პარტია»), რომელმაც შარშან 59572,49 ლარი მიიღო შემოსავლის სახით.

პარლამენტის წევრის ანაზღაურებას ოპოზიციური პარტიის ის წარმომადგენლებიც იღებენ, რომლებიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში არ მონაწილეობენ. ესენი არიან «ლეიბორისტული პარტიის» წარმომადგენლები – შალვა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა, იოსებ შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია.

კახაბერ ძაგანია პარლამენტის წევრი 2008 წლის მაისის არჩევნების შედეგად გახდა, თუმცა პროტესტის ნიშნად ის პარლამენტის სხდომებს არ ესწრება და არც საკომიტეტო საქმიანობაშია ჩართული. ამის მიუხედავად, მან როგორც პარლამენტის წევრმა, გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 40 210 ლარი მიიღო. ეს მონაცემი მას მის მიერვე შევსებულ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში აქვს მითითებული.

ძაგანია ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ კანონით დადგენილ ხელფასს იღებს მხოლოდ და იქვე განმარტავს:

«სხვა დეპუტატები ჩვენზე მეტს იღებენ. რახან ჩვენ არ დავდივართ პარლამენტის სხდომებზე, გვიქვითავენ რაღაცეებს და გვსჯიან. ჩვენ პრემიებს არ გვაძლევენ, მხოლოდ ხელფასს ვიღებთ, მაგრამ 2000 ლარს ვიღებთ ხელზე და 40 ათასი, ალბათ, იმიტომ იქნება მანდ მითითებული, რომ მაგას ემატება 20% საშემოსავლო, რომელიც იქვითება ხელფასიდან».

მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით, იმისათვის, რომ დეპუტატის ხელზე ასაღებმა ხელფასმა 2000 ლარი შეადგინოს, დარიცხულმა ხელფასი დაახლოებით 2550 ლარი უნდა იყოს, ანუ წელიწადში 30 600 ლარი. კახაბერ ძაგანიამ კი გასულ წელს 9610 ლარით მეტი მიიღო.

«არ ვიცი, პარლამენტის ბუღალტერიაში შეგიძლიათ დააზუსტოთ ციფრები. მე როგორც ვიცი, ყველაზე ნაკლებს პარლამენტის წევრებს შორის გვაძლევენ ჩვენ,» – აცხადებს ძაგანია.

ყველაზე ნაკლები ანაზღაურება პარლამენტის წევრებს შორის გასულ წელს უმრავლესობის წარმომადგენელს რამინ ბაირამოვს აქვს მიღებული – 35 ათასი ლარი,ოდნავ მეტი, 37 560 ლარი – უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, გოჩა თევდორაძეს, თუმცა ეს თანხებიც გაცილებით აღემატება კანონით დადგენილ ანაზღაურებას – თვეში 2000–ს, წელიწადში კი – 24 ათას ლარს.

«პარლამენტარის ხელფასი გამოწერით არის 3100 ლარი და ხელზე ასაღები ხელფასი 2000 ლარზე მეტია, მაგრამ როდესაც ხელფასზე ვსაუბრობთ, რაც გვეწერება ხელფასი – 3120–ია, თუ 3130, ის იანგარიშება. ასე, რომ, არა 24 ათასი, არამედ მეტია და მანდ, დეკლარაციაში, ასევე, იანგარიშება, თუ სადმე პრემიაც არის გაცემული რომელიმე თვეში, ამიტომ არის ჩემგან ნაჩვენები ეს თანხა – 37 560 ლარი», – განუცხადა გოჩა თევდორაძემ «ნეტგაზეთს».

საკითხის დაზუსტებას ჩვენ პარლამენტის ბუღალტერიაში შევეცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი, მათ შორის კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაც, კანონის შესაბამისად, 2000 ლარია. შეკითხვაზე, თუ რატომ აქვთ დეპუტატებს პარლამენტის წევრის სამუშაოს შესრულების შედეგად გაცილებით მეტი შემოსავალი მიღებული გასულ წელს, რაც მათ დეკლარაციებში აქვთ მითითებული, ვერ გვიპასუხეს და მთავარ ბუღალტერთან გადაგვამისამართეს.

«არ არსებობს ზეპირი პასუხი მაგ შეკითხვაზე, გამოუშვით წერილი და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე დროში გაგცეთ პასუხი,» – გვიპასუხა მთავარმა ბუღალტერმა.

წერილობით პარლამენტის აპარატიდან ინფორმაცია პარლამენტის მიერ 2011 წლის პირველ კვარტალში გაცემული ხელფასებისა და პრემიების ოდენობების შესახებ მიმდინარე წლის 3 მაისს გამოითხოვა «ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა», რომელმაც ადრესატისგან პასუხი ვადის დარღვევით მიიღო.

საპასუხო წერილში, რომელსაც ხელს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი ეთერ სვიანიძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის პირველ კვარტალში ხელფასის მუხლით გაიხარჯა 2 117 717 ლარი. წერილობით პასუხში არ არის გაშიფრული ამ თანხაში მხოლოდ პარლამენტის წევრების ანაზღაურება იგულისხმება, თუ მათთან ერთად აპარატის თანამშრომლების სარგოებიც.

მართალია, საქართველოს პარლამენტი 150 წევრისგან შედგება, მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციის 11–მა წარმომადგენელმა უარი თქვა დეპუტატობაზე, ბიუჯეტიდან ხელფასს 139 დეპუტატი იღებს.

ჩვენ შევაჯამეთ ის თანხები, რაც ამ 139–მა დეპუტატმა საკუთარ დეკლარაციებში მიუთითა, როგორც სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი გასულ წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბერის ჩათვლით. ჯამში, ამ თანხამ 6 919 075,66 ლარი შეადგინა, რაც საშუალოდ 50 ათას ლარს შეადგენს ერთ დეპუტატზე.

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა წელიწადში საშუალოდ 2 მილიონი ლარით გააძვირებს მარტო პარლამენტის წევრთა ხელფასებისთვის გამოყოფილ საბიუჯეტო ხარჯებს. საერთო ჯამში კი, 190 პარლამენტარის სახელფასო ფონდისთვის წელიწადში 10 მილიონამდე ლარის დახარჯვა გახდება აუცილებელი.

სახელფასო ხარჯების გარდა კი, პარლამენტის წევრებისთვის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ასევე, საკომუნიკაციო, სამივლინებო, საწვავის, ბინის ქირის ხარჯები და სხვა.

ვრცლად 2008 წლის მოწევევის პარლამენტარების მიერ დეკლარაციებში მითითებული შემოსავლები, რომელიც მათ მიიღეს პარლამენტის წევრის სამუშაოს შესრულებისთვის გასულ წელს, იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში
ვრცლად 2008 წლის მოწევევის პარლამენტარების მიერ დეკლარაციებში მითითებული შემოსავლები, რომელიც მათ მიიღეს პარლამენტის წევრის სამუშაოს შესრულებისთვის გასულ წელს, იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში

მასალების გადაბეჭდვის წესი