კინოხელოვნება

ამბავი მშვენიერ ბელაზე

25 იანვარი, 2024 • 3991
ამბავი მშვენიერ ბელაზე

ავტორი: თეო ხატიაშვილი


იორგოს ლანთიმოსმა, რომლის ყოველი ახალი ფილმის გამოსვლა დიდი ინტერესის საგანი ხდება, პრინციპში, „ეშვს“ ვერ გადააჭარბა, თუმცა მომდევნო ფილმებით ახერხებდა მაყურებლის გაოცებას, მონუსხვას, უპირველეს ყოვლისა, ბოლომდე გაუხსნელი, ორაზროვანი თუ მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის მქონე კინოტექსტებით, რაც ხშირ შემთხვევაში იყო კიდეც ფილმისადმი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების მიზეზი. მისი „საბრალონი“/Poor Things, ალბათ, გამონაკლისია იმ მხრივ, რომ ყველაზე თანმიმდევრული და ცხადი დრამატურგია აქვს (თუ არ ჩავთვლით „ფავორიტს“), თუმცა წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებებს ესეც გიტოვებს.

უდავოა, რომ ფილმი თავისი ვიზუალური თუ ხმოვანი გადაწყვეტით მართლაც შთამბეჭდავი და მომნუსხველია. გავბედავ და ვიტყვი, რომ ლანთიმოსი თავისი ჯადოსნური ფანტაზიორობით ცალკეულ ეპიზოდებში მელიესსაც კი უტოლდება, განსაკუთრებით, ინტერტიტრების ფონად წყლის სიღრმეში მოტივტივე ბელას გაცრეცილი შავ-თეთრის ფეერიულ გამოსახულებაში. უცნაური, დისონანსური და ცოტა შემაშფოთებელი მუსიკა, ისევე როგორც „თევზის თვალის“ ლინზებით გადაღებული კადრები, თითქოს ახლად ფეხადგმული ბელას გარემოსთან გაუცხოებულ, დაეჭვებულ, შეშინებულ თუ ცნობისმოყვარე მზერასა და აღქმას გვიზიარებს/გვაზიარებს.

ფილმი სწორედ ბელა ბაქსტერის (ემა სტოუნის საუკეთესო როლი), ფრანკენშტეინის ქალური ინკარნაციის არა უბრალოდ ცხოვრებას, არამედ მისი ქალური იდენტობის ფორმირებას მიჰყვება. თუ რაიმე აჩენს კითხვებს, უპირველეს ყოვლისა, ეს აშკარად ფემინისტური ნარატივია, რომელიც პერიოდულად წინაამდეგობაში ექცევა. ბელა ერთდროულად არის ჩვილი, ანუ უმანკო (როგორც ქალის ტრადიციული კულტურული კოდი) და ამავე დროს მოწიფული ქალი თავისი დაუოკებელი სექსუალობით (ასევე ფუნდამენტური არქეტიპი მეძავი ქალისა). მისი იდენტობის ძიება სწორედ სექსუალობის აღმოჩენასა და ეროტიკულ დაკმაყოფილებაზე გადის. „როცა შევიცნობთ სამყაროს, ის ჩვენი გახდება“ – არიგებს ბორდელის მფლობელი ქალი და ბელაც უყოყმანოდ პასუხობს, რომ მას უნდა შეიცნოს სამყარო. 

ბელას მიზანსწრაფულ ქცევაში ევას ფემინისტური ინტერპრეტაცია შეიძლება ამოვიკითხოთ, რომელიც ტრადიციული რელიგიური მნიშვნელობისგან განსხვავებით არა პირველ ცოდვას, არამედ პირველ ცოდნას, შემეცნებისკენ სწრაფვასა და მუდმივი შეცნობის ცნობისმოყვარე ჟინს უკავშირდება (საგულისხმოა, რომ ძველ ქართულში შეცნობა სექსუალური კავშირის დამყარებას ნიშნავდა). შეცნობის მიზნით ტოვებს ბელა „სამოთხეს“, „მამისეულ“ სახლსა და „ღმერთის“ – მისი შემქმნელის, დოქტორ გოდვინ (შემოკლებით God) ბაქსტერის (უილიამ დეფო თავისი განუმეორებელი შარმით ყველაზე საშიში გრიმითაც კი) სავანეს. თუმცა მისი გაქცევა სინამდვილეში „მამაღმერთის“ კურთხევით ხდება.

რამდენადაც გამოსახულების ბაროკალური გადაჭარბებულობა მაყურებლის პერმანენტულ აღტაცებას იწვევს, იმდენად სწორხაზოვან და მოსაწყენ თემად იქცევა ბელას სექსუალური გზის გადაჭარბებულობა და უსასრულობა. საგულისხმოა, რომ მას სხეულის ვარჯიშიდან გონების ვარჯიშისკენ, ფილოსოფიისკენ ქალი შემოატრიალებს – ჰანა შიგულა თავისი ხანმოკლე გამოჩენით, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი პერსონაჟით, როგორც კამეო, როგორც ფასბინდერის „ბებერი მეძავი“, რომელიც მშვიდი ღიმილით უხსნის ბელას, რომ უკვე დიდი ხანია, მას აინტერესებს არა ის, რაც ფეხებშუაა, არამედ – თვალებს შორის. ბელა უკვე ისეთივე პირდაპირობითა და ღიად სვამს ქალების უფლებების საკითხს, როგორც მანამდე თავისი ეროტიკული გამოცდილების შესახებ ყვებოდა. 

„საბრალონი“ შეიძლება ფემინიზმისა და ქალთა ისტორიის მოკლე და ზღაპრული პირობითობით დაწერილ ტექსტად წავიკითხოთ, სადაც ქალი მისთვის მინიჭებული რელიგიური თუ სოციალური ჩარჩოებიდან გათავისუფლებისთვის გაივლის რთულ გზას, სადაც მისი ჩაგვრის თითქმის ყველა ტრადიციული ფორმა ჩნდება: მოძალადე ქმარი, მზრუნველი „მამა“ თუ აბეზარი და ეჭვიანი საყვარელი, რომელიც მისგან მუდმივად ყურადღებას ითხოვს, პროსტიტუცია თავის სარჩენად თუ მუტილაციის საფრთხე, რაც საბოლოოდ ინტელექტუალური და პოლიტიკური ცოდნის მიღებით (ეცნობა სოციალიზმის საყოველთაო თანასწორობის იდეებს) და ქირურგიაში დახელოვნებით მთავრდება. ფინალში ბელას უკვე საკუთარ სამოთხეში ვხედავთ, საყვარელი, რბილი მამაკაცის, მეგობარი ქალის, ასისტენტ-მოსამსახურის, მორიგი „მონსტრის“ (სიმპტომატურია, რომ გოდ ბაქსტერი მხოლოდ ახალგაზრდა ქალებზე ატარებს ექსპერიმენტს, ბელას ნოსტალგიით ქმნის ახალ გასართობს უმშვენიერესი მარგო ქუოლის მონაწილეობით) გარემოცვასა და ანატომიის წიგნით, იქვე კი უკვე ბელას წარმატებული ოპერაციის შედეგად მიღებული მოძალადე ქმარი-ბატკნის ჰიბრიდი კიკინებს. ეს საყოველთაო მშვიდობისა და ჰარმონიის ფინალი, სადაც „თხა და მგელი ერთად ძოვენ“, შესაძლოა, ლოგიკური იყოს ზღაპრის დასასრულისთვის, მაგრამ თავხედურად ორიგინალური და მომაჯადოებელი ტიტრების თვალიერებისას არ გასვენებს კითხვა – გულწრფელად ასე წარმოუდგენია ფემინიზმი იორგოს ლანთიმოსს (სამწუხაროდ, არ მაქვს წაკითხული ალასდერ გრეის ლიტერატურული ორიგინალი და არ ვიცი, როგორ მთავრდება წიგნი) თუ ერთგვარი ირონიაა ფემინიზმზე, რომელიც რეჟისორისთვის ქალთა დომინაციასთან, ქალთა შურისძიებასთან ასოცირდება?

ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ფემინისტური თემა ბელა ბაქსტერში განსხეულებული დედა-ქალიშვილის ერთობაა. დოქტორი გოდი მოძალადე ქმრისგან თავის დასაღწევად კლდიდან გადაჩეხილი ბელას სხეულში მისი მუცლიდან ამოყვანილი ჩვილის ტვინს გადანერგავს. ბელა არის ერთდროულად დედა და შვილი, როგორც ყველაზე უფრო გიჟური გამოვლინება დედა-ქალიშვილის მუდმივი კავშირისა, რაც სიმბოლური ჭიპლარით არის გადაბმული. მაგრამ არ მგონია, ლანთიმოსს ამაზე ეფიქრა. 

საბოლოოდ თამამ ნარატივზე მეტად მეხსიერებაში გრჩება ულამაზესი, სიზმრისეული ფეერია, ემა სტოუნის, მარკ რუფალოსა და უილიამ დეფოს საუცხოო სამსახიობო ტრიოთი, რაც თავისთავად არ არის ცუდი ამ მოსაწყენ და ერთფეროვან კინოინდუსტრიაში.


ავტორის შესახებ: თეო ხატიაშვილი არის კინომცოდნე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. 


მთავარი ფოტო: ემა სტოუნი “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიაზე, როცა მან მიიღო ჯილდო ქალი როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში “Poor Things”. ფოტო: EPA-EFE/ALLISON 

მასალების გადაბეჭდვის წესი