კინოხელოვნება

სიდიქ ბარმაკი ავღანური კინოს შესახებ

17 სექტემბერი, 2010 •
სიდიქ ბარმაკი ავღანური კინოს შესახებ

სიდიქ ბარმაკი, 48 წლის ავღანელი რეჟისორი პასუხობდა დღეს მაყურებელთა შეკითხვებს საავტორო კინოს ბათუმის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალზე გამართულ მასტერკლასზე. ბარმაკის ფილმმა, „ოპიუმის ომი“, გასულ წელს ბათუმის კინოფესტივალის გრანპრი აიღო. წელს ბარმაკი ძირითადი ჟიურის ერთ-ერთი წევრია.

სიდიქ ბარმაკი: „ავღანურ კინოს დიდი ისტორია არა აქვს, პირველი ავღანური სურათი 40-იან წლებში იქნა გადაღებული.  ამჟამად ავღანეთში ყოველწლიურად დაახლოებით სამი  ფირზე გადაღებული ახალი სურათი და 35-მდე ციფრული აპარატურით გადაღებული ფილმი გამოდის. კინოთეატრები კი ოკუპირებული აქვთ ბოლივუდის ფილმებს.

ომის შემდეგ ბევრი კინოთეატრი დაინგრა, ხალხი, რომელიც მიჩვეული იყო კინოს ბილეთის ყიდვას, ემიგრაციაში წავიდა. ქალაქში ჩამოვიდნენ ადამიანები, რომელთაც სახლში, ტელევიზორში ურჩევნიათ ფილმის ნახვა. 28 დამოუკიდებელი სატელევიზიო  არხია ქაბულში, მთლიანად ავღანეთში  – 39. შეგიძლიათ ეს ქაოსი წარმოიდგინოთ? და ეს არის ქვეყანა, რომელიც ჯერ განვითარებად ქვეყნადაც კი არ ითვლება.

ავღანეთში ფაქტობრივად შეუძლებელია ვინმე დააინტერესო ფილმის გადაღებაში ჩადოს ფული, ჩვენი კინემატოგრაფისტები ეძებენ ფულს საზღვარგარეთ. მე ირანელი რეჟისორის, მაჰმალბაფის დახმარებით, 100 ათასი დოლარით, დავიწყე ფილმის გადაღება, მერე გამოჩნდა სხვა გზებიც. შეიძლება დიდი სახელი გქონდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია, რომ ფულს იშოვი, უბრალოდ ძალიან უნდა მოინდომო.

გასული საუკუნის 80-იან წლებში დავამთავრე „ვგიკი“ მოსკოვში. ბევრი რამ ვისწავლე რუსული კინოსგან, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ქართულმა კინომ ჩემზე უფრო დიდი გავლენა იქონია. როცა ვნახე თენგიზ აბულაძის „მონანიება“, სამი ღამე არ მიძინია. ვგრძნობ, რომ ქართული კინო უშუალოდ მე მეხება.

შეიძლება განაწყენდნენ ჩემი ირანელი კოლეგები, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ირანული კინო ქართული კინოს ტრადიციებს იმეორებს, ნახეთ იოსელიანის ძველი ფილმები და შემდეგ ქიაროსთამის კინო. არსებობს კავშირები, მსგავსებები კულტურებს შორის და შესაძლოა ეს იყოს ამის მიზეზი.

აღმოსავლეთი თანდათან ხდება წყარო მსოფლიო კინოსათვის. ვფიქრობ ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველი – ჩვენ უამრავი სოციალური პრობლემა გვაქვს,   ინდივიდუალიზმი, რომელიც დასავლეთის კინოოკუპაციას ახდენს, ჩვენთან არ არის. აღმოსავლეთში კი ჯერ კიდევ სოციალური კრიზისია, რაც გვაძლევს მასალას.  და მეორე – ფილოსოფიური, პოეტური მიდგომა, რაც ახასიათებდა აღმოსავლურ ლიტერატურას, დღეს უკვე კინოში გვხვდება და ეს იზიდავს მაყურებელს. აღმოსავლეთი ჯერ ისევ ხელშეუხებელია.

რაც შეეხება მდგომარეობას ავღანეთში, რომელსაც ბუნებრივია პირდაპირი კავშირი აქვს კინოს განვითარებასთან.

ათეული წლებია ავღანეთი პოლიტიკური ლაბორატორიაა დასავლეთისთვის.  შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ისეთივე დიქტატორია, როგორც მისი წინამორბედები, მაგრამ დასავლეთის ზეგავლენით, ამბობს – „რაც გინდათ ის გააკეთეთ, ცენზურა არ არის.“ მუშაობა შესაძლებელია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გრძნობ ძალას, შექმნა ისეთი ფილმი, სტატია, მუსიკა, სპექტაკლი და ასე შემდეგ,  რომ მთავრობას ეშინოდეს, ხოლო ხალხი შენს მხარეს იყოს.

გასული წლის დასაწყისიდან, არის ნიშნები და შესაძლოა თალიბები ავღანეთში ისევ დაბრუნდნენ.  თუ კი თალიბები მოვლენ, ეს დასასრული იქნება. არავის უნდა მათი დაბრუნება, ეს ისლამი არ არის, ეს ახალი იდეოლოგიაა, რომელსაც ყურანთან საერთო არაფერი აქვს. მაგრამ თუ დიდი სახელმწიფოების ინტერესებში  იქნება თალიბების ავღანეთში ყოფნა, თალიბები იქნებიან.

შეხედეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, მკვლელობები, ვანდალიზმი, მაგრამ რა.. ამერიკას აინტერესებს ნავთი და ამით მორჩა ყველაფერი.

რაც შეეხება ჩემს ფილმს, „ოსამა”, მასში მონაწილე ყველა მსახიობი არაპროფესიონალია. „ოსამას“ გადაღების წინ 3 000-მდე გოგონა ვნახე. ვეძებდი ყველგან, სკოლებში, ინტერნატებში, ბაზრობებზე და ბოლოს ვიპოვე ქუჩაში, როცა იგი მოწყალებას თხოულობდა. ძალიან ნიჭიერი ბავშვია, საოცარი სევდა აქვს  თვალებში და როცა იცინის, მისი შეჩერება შეუძლებელია.

„ოსამას“ სცენარი რეალური ისტორიების საფუძველზე დაიწერა. „ოპიუმის ომის“ სცენარიც მე მეკუთვნის, მე თავად ვნახე ოჯახი, რომელიც რუსული ტანკის ქვეშ ცხოვრობდა, ეს ამბავი დაედო საფუძვლად ფილმის სცენარს. 33 წელი ომი  – ეს ადვილი არ არის. არის თაობა რომელიც დაიბადა და გაიზარდა ამ ომში, ისინი  გრძნობენ ამ ომს, იციან,  უკვე აზრი არა აქვს გაქცევას. 

ირანისგან განსხვავებით ავღანეთში ქალის გადაღება თავსაფრის გარეშე შესაძლებელია, ამას ცენზურა არ კრძალავს, მაგრამ ქვეყანა ძალიან ტრადიციული, რელიგიურია და შეიძლება ამაზე უბრალოდ ვერავინ დაითანხმო, ეს დიდი სირცხვილია და შესაძლოა თავსაფრის გარეშე ეკრანზე გამოჩენამ ქალის რეპუტაციას ავნოს, არასდროს იცი, როგორ მიიღებს ამას საზოგადოება.

როცა „ოსამას“ გადაღებებს ვასრულებდით, მარინა (მთავარი როლის შემსრულებელი გოგონა) მოვიდა ჩემთან და ტირილით მეუბნება: „ბიძია, რა იქნება ამის შემდეგ?“ და დავფიქრდი ამ თემაზე, მე არ ვიცოდი, როგორ წავიდოდა ამ ბავშვის ცხოვრება. ახლა ის ჩემი გოგონაა (ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ  ბარმაკმა შვილად აიყვანა მთავარი როლის შემსრულებელი მარინა გოლბაჰარი).

მარინა ყოველ დღე მწერს ელფოსტაზე, საუბრობს ინგლისურად, იღებენ ფილმებში, მაგრამ მას საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, უმჯობესია თუ განათლების მისაღებად დასავლეთში წავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი