კინოხელოვნება

„ოქროს გლობუსის” 81-ე დაჯილდოების გამარჯვებულები

8 იანვარი, 2024 • 1888
„ოქროს გლობუსის” 81-ე დაჯილდოების გამარჯვებულები

7 იანვარს ლოს ანჯელესში გაიმართა ოქროს გლობუსის რიგით 81-ე დაჯილდოების ცერემონია. წლევანდელი დაჯილდოების მთავარი პრიზიორი გახდა კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი”, რომელსაც გადაეცა 5 ოქროს გლობუსი შემდეგ კატეგორიებში: „საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა”, საუკეთესოდ შესრულებული კაცის როლი მხატვრულ ფილმში – დრამა (კილიან მერფი), კაცის მიერ საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლი მხატვრულ ფილმში (რობერ დაუნი უმცროსი), საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი) და საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკა.

კილიან მერფი და რობერტ დაუნი უმცროსი ოქროს გლობუსებით. ფოტო: EPA-EFE/ALLISON DINNER

იორგოს ლანთიმოსის „საცოდავი არსებები” (Poor Things) დასახელდა საუკეთესო მხატვრულ ფილმად მიუზიკლსა ან კომედიაში, ემა სტოუნს კი  ფილმში განსახიერებული როლისთვის გადაეცა ოქროს გლობუსი კატეგორიაში: საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში.

„საცოდავი არსებების” გუნდი ოქროს გლობუსებით (მარცხნიდან): იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი, უილიამ დეფო, მარკ რუფალო და იემი იუსეფ პოუზი. ფოტო: EPA-EFE/ALLISON DINNER

საუკეთესო მსახიობ ქალად – დრამაში დასახელდა ლილი გლედსტონი მარტინ სკორსეზეს ფილმში „ყვავილის მთვარის მკვლელები” განსახიერებული როლისთვის.

ლილი გლედსტონი ოქროს გლობუსით. ფოტო: EPA-EFE/ALLISON DINNER

ფილმში „The Holdovers” განსახიერებული მთავარი და მეორეხარისხოვანი როლებისთვის ოქროს გლობუსი გადაეცათ: პოლ ჯიამატის (საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში) და და’ვინ ჯოი რენდოლფს (ქალის მიერ შესრულებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი მხატვრულ ფილმში).

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში ოქროს გლობუსი გადაეცა ჰაიო მიაზაკის ანიმაციურ ფილმს „ბიჭი და ყანჩა”.

საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო მიიღეს ჟუსტინ ტრიემ და არტურ ჰარარიმ ფილმისთვის „დაცემის ანატომია”, რომელიც ასევე დასახელდა საუკეთესო არაინგლისურენოვან ფილმად.

ჟუსტინ ტრიე ოქროს გლობუსებით. ფოტო: EPA-EFE/ALLISON DINNER

საუკეთესო ორიგინალურ სიმღერად დასახელდა ბილი აილიშისა და ფინნეას ო’კონელის „ბარბისთვის” დაწერილი სიმღერა „What was I made for.

სერიალებში ოქროს გლობუსები ასე განაწილდა:

საუკეთესო სერიალი – დრამა: The Succession

საუკეთესო სერიალი მიუზიკლი ან კომედია: „დათვი” (The Bear)

გამარჯვებულების სრული სია ნახეთ აქ.

ფოტო გარეკანზე: EPA-EFE/ALLISON DINNER

მასალების გადაბეჭდვის წესი