ხელოვნება

ქართული თარგმანი დღეს

12 ივლისი, 2010 • • 2437
ქართული თარგმანი დღეს

ბოლო წლებია ლიტერატურულ კონკურ ”საბაზე” წარდგენილ წიგნთა რაოდენობა გაიზარდა. კონკურსის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს თარგმნილი ლიტერატურის ხარჯზე მოხდა. საუკეთესო თარგმანის კატეგორიაში წელს ყველაზე დიდი კონკურსი იყო. შორტ ლისტის მიხედვით, ერთმანეთს 11 წიგნი ეჯიბრებოდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ პოსტსაბჭოთა სტაგნაციის პერიოდის შემდეგ საქართველოში მთარგმნელობითი საქმიანობა გამოცოცხლდა და ქართული თარგმანის ხარისხი გაიზარდა? საქართველოში 55-მდე გამომცემლობაა, რომელიც ”საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საზოგადოებაში” ერთიანდება. აქედან ნაწილი საერთოდ არ თარგმნის. 

თარგმნილი წიგნების რაოდენობის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ნეტგაზეთმა რამდენიმე გამომცემლობის მონაცემის შეგროვება მოახერხა. გაირკვა, რომ გამომცემლობა ”სიესტას” 2009 წელს 11 წიგნი უთარგმნია, წელს მხოლოდ ორი; გამომცემლობა ”დიოგენემ” 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე,  წიგნის სახით, 11 თარგმანი წარუდგინა მკითხველს; ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ენციკლოპედიებისა და საბავშვო პროზის ჩათვლით, 2009 წელს 25, 2010 წელს კი 23 დასახელების წიგნი გამოსცა; გამომცემლობა ”ინტელექტმა” სერიაში ”ნობელის პრემიის ლაურეატები”, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, 40 დასახელება დაბეჭდა, ხოლო 2004 წლიდან მოყოლებული სულ თარგმნილი აქვს  46 წიგნი. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გამომცემლობა ”ლოგოს პრესმა” 2001-2008 წლებში 14 უცხოენოვანი დასახელება თარგმნა, ხოლო გამომცემლობა ”ნეკერის” შარშანდელმა და წლევანდელმა თარგმნილმა ლიტერატურამ სულ რვა სათაური მოიცვა. 

გამომცემლობა ”ლოგოსმა”, რომელიც კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს და რომლის დირექტორი ”საბა” 2010-ის ჟიურის შემადგენლობაში მყოფი რისმაგ გორდეზიანია, ძირითადად, ძველბერძნული და რომაული ხანის ანტიკურ ლიტერატურას თარგმნის. გამომცემლობის ბოლო ათი წლის მუშაობის შედეგი 26 თარგმნილი და წიგნად გამოცემული ლიტერატურაა. მათ შორისაა, საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში ”საბა” 2010 გამარჯვებული გაიუს ვალერიუს კატულუსის ლექსების წიგნი, რომელიც ლათინურიდან მანანა ღარიბაშვილმა თარგმნა. 

უცხოენოვანი ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში არსებული ევროპული კულტურული ცენტრებიც ეწევიან. ფრანგულენოვანი ლიტერატურის შესახებ ქართულენოვან მკითხველთა წრეში ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამა, რომელსაც ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი კურირებს. 1998 წლიდან მოყოლებული ამ პროგრამის ფარგლებში ითარგმნა და სხვადასხვა ქართული გამომცემლობების მიერ დაიბეჭდა 93 სათაური. ამ დროისთვის გამოსაცემად კიდევ 16 დასახელების წიგნი მზადდება.  

წელს საქართველოს კულტურის სამინისტროში ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა უცხოენოვანი ლიტერატურის ქართულად და ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის სტიმულირებას ისახავს მიზნად. მთარგმნელობით კონკურსში გამარჯვებულს კულტურის სამინისტრო სუბსიდირების საქართველოსთვის ახლებური წესით დაეხმარება – ბიბლიოთეკებისთვის 300-დან 500 ეგზემპლარამდე შეიძენს. 

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, თარგმანზე არა მარტო პროფესიონალი მთარგმნელები, არამედ მწერლები და პოეტებიც მუშაობენ. პროფესიულ ინტერესთან ერთად, ეს მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. მწერალი ირმა ტაველიძე დიდი ხანია ფრანგული და ინგლისური ენებიდან თარგმნის. მისი ბოლო ნამუშევარი ”საბაზე” წარდგენილი მიშელ უელბეკის ”პლატფორმაა”. 

” ბოლო წლებში მართლაც უფრო მეტს ვთარგმნიდი, ვიდრე ვწერდი და ამას არ ვნანობ. თარგმნამ ბევრი მომცა, ზღვარზე სიარული მასწავლა. ფანტასტიკური გამოცდილებაა: მწერლის ენას ეხები, მის კანქვეშ შეძრომას ცდილობ, სხვა ადამიანი ხდები. მეორე მხრივ, დღეს საქართველოში მთარგმნელის პროფესიის არჩევა აზრს მოკლებულია. ეს ნამდვილი თავგანწირვაა, რადგანაც სრულიად შეუსაბამოა ის თანხა, რასაც მთარგმნელის შრომაში იხდიან. ზუსტად ვიცი, რომ დიდს და სერიოზულს აღარაფერს ვთარგმნი უახლოესი 10 წლის მანძილზე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თარგმნა ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს – უბრალოდ, ჩემს თავს მთარგმნელად არ ვთვლი. როცა მოწოდებით მთარგმნელი ხარ, როგორც ნებისმიერ პროფესიაში, მაშინ აკეთებ ყველაფერს, თვალს ხუჭავ და აკეთებ”, – ამბობს ირმა ტაველიძე. 

თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები განსხვავებული ინტენსივობით თარგმნიან. პოეტ დავით აკრიანის თარგმანებია: იუსტაინ გორდერის „ფორთოხლის გოგონა“, ჯორჯ ორუელის ”ცხოველების ფერმა” და ”1984”, შარლ ბოდლერის ”ბოროტების ყვავილები”. ვლადიმირ სოროკინის ”რიგი” ქართველ მკითხველს ზაზა ბურჭულაძემ გააცნო. სერგეი დორენკოს ”რომანი 2008” პოეტმა გიორგი კეკელიძემ და გელა თავაძემ თარგმნეს; პოეტ გიორგი ლობჟანიძეს ეკუთვნის სპარსულენოვანი პოეზიისა და  ”ყურანის” ქართული თარგმანები. 

ამავე თემაზე იხილეთ ინტერვიუ გამომცემელ ბაკურ სულაკაურთან

მასალების გადაბეჭდვის წესი