ხელოვნება

ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება! – „ყველაზე მაგარი გოგოები” ძალადაკარგული ხატების გარემოცვაში

5 დეკემბერი, 2022 • 1768
ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება! – „ყველაზე მაგარი გოგოები” ძალადაკარგული ხატების გარემოცვაში

უტყვი ხატები უცნაურად აკვირდებიან ეკლესიაში შემოსულ ადამიანებს, იქვე  განლაგებულ განსხვავებულ სკამებს და მათზე დადებულ ფურცლებს, სიტყვებით – „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!“.  მათ კიდევ დიდხანს და ბევრჯერ მოუწევთ ამ ყველაფერზე დაკვირვება. და თუ უკვე არ შესჩვევიან, მალე შეეგუებიან, რომ იქცნენ სპექტაკლის განუყრელ ნაწილებად.

მდუმარე ხატების ფონზე დეტალებსა და მსახიობებზე დაკვირვება სრულიად სხვა ელფერს სძენს ყველას და ყველაფერს. ისინი არიან ატმოსფეროსა და სიჩუმის შემქმნელი მთავარი დეტალები. აქ ყველაფერი ისმის, ყველაფერი გესმის. სიჩუმეს სიჩუმეშივე ერწყმის ანუშკა ჩხეიძის მუსიკა, ქეთანა სტურუას არფის სიმების ჟღერადობა კი სიჩუმეშივე იჟღინთება კედლებში და ქმნის ძალიან პირად, ინტიმურ სივრცეს.

ხატები ჯერ ექვსი ქალის ურთიერთგადამფარავ, სრულიად თვითმყოფად ამბავს მოისმენენ. სულისშემძვრელსა და მძიმე ამბავს, რომელსაც უფრო ტრაგიკულს გახდის მთხრობელების გულგატეხილი თბილი ღიმილი და შემგუებლური ტონი.

ექვს გამორჩეულ, ზღვრის გადამლახავ ქალს განცდილი სისასტიკე და ტკივილი აქცევს ერთმანეთის თანაზიარად. განსხვავებული ღირებულებების, ხასიათისა და მსოფლმხედველობის მქონე ქალებს, რომელთა შეხვედრის პირველი წუთები ძალიან ფრთხილია, საერთო ტკივილი (გა)აერთიანებთ. განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად მძიმე, სასტიკი და დაუნდობელი წარსული, სადაც მათ ერთმანეთი არ ჰყოლიათ, თუმცა იმდენად დიდია სურვილი, ჰყავდეთ ერთმანეთი, იმდენად დიდია სურვილი, ჰყავდეთ ამბის გამზიარებელი, რომ ეს ნატვრა ერთად კრებს სრულიად სხვადასხვა ეპოქის განსხვავებულ ქალებს და პოლილოგიც დგება. მათი შეკრების ინიციატორი მარლინია. რეალიზებული ქალი, რომელიც, მართალია, დღეს თავის კარიერულ წარმატებას აღნიშნავს, თუმცა სრულად მარტოა საკუთარ ტკივილთან.

შეხვედრის მდინარება ნელ-ნელა გითრევს. 2022 წელს მცხოვრებ, გაუგებარ გზაზე მყოფ კაცს მალევე გხდის განსაკუთრებულ ქალთა შეხვედრის თანამონაწილედ. ხუთი ქალი, რომელმაც მარლინის მსგავსი და მასზე მძიმე გზა განვლო, ხდება მისი თანაზიარი. მარლინს ბევრი კითხვა აქვს მათთან, მისაბაძ ქალებთან, რომლებიდანაც ზოგის ესმის, ზოგის – არა, თუმცა მათი სულიერი ერთობაა ის, რაც მათი შეხვედრის შეუძლებლობას სძლევს და შესაძლებლად აქცევს. ეს მდინარეა, რომელსაც უნდა გაჰყვე და არაფრით არ უნდა სცადო თვითგამორკვევა. უნდა შეძლო და უბრალოდ მიჰყვე დინებას, რომელიც ხატებისა და საკურთხევლის გარემოცვაში წაშლის ზღვარს რეალურსა და ირეალურის შორის. და უკვე, როცა ლედი ნიძიო, ნელი, ფრთხილი, სათუთი მოძრაობებით დაიწყებს კიმონოს შეხსნას, დაკეცვას და კითიდ გადაიქცევა, პერსონაჟებთან ერთად შენც  ნელ-ნელა უბრუნდები რეალობას. ეს კი მეტწილად არაფერს ცვლის, რადგან ოთხმოციანი წლების ბრიტანეთში მოხვედრა არავისთვის ამარტივებს ცხოვრებას.

კერილ ჩერჩილი არღვევს დრამატულ კონვენციებს. ემიჯნება კლასიკურ-გაბატონებულ დრამატულ სტრუქტურულ წესრიგს. სრულად ქალი პერსონაჟებით შექმნილ დრამაში შემოაქვს ურთიერთგადამფარავი რეპლიკები, რომლებიც არღვევს მონოლოგურობას და სიმწყობრეს.

„ყველაზე მაგარ გოგოებში“ იერარქიულ წესრიგთან, მკაფიოდ სტრუქტურირებულ სიუჟეტთან და სიმწყობრესთან  ერთად, ირღვევა ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობა. ტექსტში დროითი სტრუქტურა არამდგრადია. პირველ და მეორე მოქმედებებს, მეორე მოქმედების პირველ და მეორე სცენებს  შორის არასრული დღეა გასული.  მოქმედების ადგილი ყველა სცენასა და აქტში განსხვავებულია. მესამე მოქმედება კი სულაც წარსულში, ერთი წლის წინ მომხდარ ამბავთან დაბრუნებაა. ჩერჩილის ტექსტი არის ზღვარი, რომელშიც ყველა და ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანია. მასში არაფერია ზედმეტი და შემთხვევითი. პირველ ყოვლისა კი, არავინ და არაფერია ცალსახა და პლაკატური.

ურყევი, წარმატებული მარლინის შინაგან სამყაროს მხოლოდ წარსულში დაბრუნებულები შევიცნობთ. შინაგან სამყაროს „ყვერებიანი ქალისა”, როგორც მას სამსახურში ზურგს უკან უწოდებენ. „ყვერებიანი ქალის“ იდეა მუდმივად აჩრდილივით დაჰყვება როგორც პერსონაჟს, ისე ტექსტს. სივრცე, რომელშიც ქალებს უწევთ თვითდამკვიდრება საკუთარი თავის, ქალობისა და  ქალურობის უარყოფაზე დგას. საზოგადოებაში, რომელშიც ქალად ყოფნა ყველაფერია პრივილეგიის გარდა, „კაცად“ ქცევაა საჭირო, სულ მცირე, კაცის ნიშან-თვისებების ტარება.

ხატები ახლა უკვე საკურთხევლის წინ მჯდომი ორი დის დიალოგს ადევნებენ თვალს, რომელშიც ძალიან ნელა, ფრთხილად იხსნება ორივე პერსონაჟის ტკივილი და ნელ-ნელა მოიცავს ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიას. საბოლოოდ შიშვლდება ერთმანეთისგან განსხვავებული გზისა და იდეოლოგიის მქონე დების შინაგანი სამყარო. ერთი შეხედვით, მათ ერთმანეთის არ ესმით, არც წარსულში დარჩენილი იარების გაღვივება სურთ, თუმცა მუდმივ საზრისად ქცეული, შინიდან წასული და შინ დარჩენილი ქალების გზები თანაბრად პირქუში და სასტიკია. ფრთხილი დიალოგი, რომელიც თანადროულად აშორებთ და ერთ მთლიანობად აქცევთ პერსონაჟებს კათარსისის ხარისხამდე ადის. განსაკუთრებით მაშინ, როცა საწოლიდან ავი სიზმრით გაღვიძებული ენჯი თავის დეიდას, მისივე ნაჩუქარი ყვითელი კაბით ჩაიხუტებს, საწოლად ქცეულ საკურთხეველში ჩაუწვება და ანთებული შვიდსანთლიანი შანდლის ფონზე გულში ჩაიკრავენ ერთმანეთს, მათი კაბების ფერები კი უკრაინის დროშად გადაიქცევა.  დაუგეგმავი, თავისთავადი დამთხვევა და უეცარი ზარის გამაყრუებელი ხმა ყველაფერს დაადუმებს. ხატებსაც განაცვიფრებს, მათი ზებუნებრივი ძალების არსებობაზე დააფიქრებს და უტყვადვე დატოვებს როგორც მათ, ისე მაყურებელს, რომლისთვისაც სიჩუმეში დარჩენილი ზარის ექოს ტალღები ემოციების ყველაზე დიდი თანაზიარი გახდება.

სრულად ქალთა პერსონაჟებით შემდგარი სპექტაკლი არცერთი წამით არ იქცევა  პლაკატურ პათეტიკად, ამის რისკი კი ძალიან დიდია. მით უფრო, როცა სპექტაკლში მონაწილეობს, ფაქტობრივად, ყველა თაობის გამოცდილი, შემდგარი არტისტი (ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, თეა კიწმარიშვილი, ქეთი ხიტირი, ლიზა კერესელიძე, ქეთა შათირიშვილი). ამ შემთხვევაში ბალანსის შენარჩუნება არნახულად რთულია; ერთი შეხედვით, ასეთი შემადგენლობა საქმეს უნდა ამარტივებდეს, თუმცა დაუსრულებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ სპექტაკლებზე, ერთად შეყრილი ვარსკვლავებით, რომელთაგან პათეტიკის და დიდაქტიკურობის მეტი არაფერი დარჩენილა. ზღვარი, უფაქიზესი ბალანსი, რომელიც სულის შებერვით შეიძლება დაირღვეს, სპექტაკლის მანძილზე არც ერთხელ არ ირღვევა. გურამ მაცხონაშვილის ზღვარზე მავალი ნამუშევარი თავად მასვე აქრობს. რეჟისორი იქცევა უჩინარ ფიგურად, რომელიც ყველაფერს მართავს,  თუმცა უჩინრად რჩება. არსად და არაფერში ჩანს. იგი სრულად უთმობს სცენას ტექსტს და მსახიობებს. ეს შეგნებული გაქრობაა ქალთა ტექსტიდან. ტექსტსა და პერსონაჟებში გააზრებული გაუჩინარება. ეს საგულისხმო ასპექტია, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რეჟისორს ტექსტი არც შემთხვევით აუღია ხელში და არც შემთხვევით დაუდგამს. ჯერ კიდევ წინა წლის გაზაფხულზე დინამო არენაზე განხორციელებული პრემიერის შემდეგ, სპექტაკლის დაბრუნება ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში იქცა ერთგვარ მანიფესტად. მიზნად, სპექტაკლის თითოეული მონაწილისა და შემქმნელის მხრიდან ყოვლად მასკულინურ, პატრიარქალურ და ძალადობრივ სივრცეში ხშირად ისმოდეს ქალთა ხმა ყოველგვარი იერარქიულობისგან დაცლილი სივრციდან.

ფოტო გარეკანზე: დავით წაქაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი