ხელოვნება

სასიამოვნო გაუგებრობა

5 მარტი, 2010 • • 2387
სასიამოვნო გაუგებრობა

წიგნმა სახელწოდებით „ქართული გაზაფხული – მაგნუმის დღიურები“არ შეუწყო ხელი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მთავარ ამოცანას – უცხოეთში ქვეყნის პოზიტიური იმიჯის შექმნას. უნდა განვიხილოთ თუ არა ეს ფაქტი როგორც სამინისტროს მიერ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა თუ მას შეიძლება შევხედოთ როგორც სასიამოვნო შეცდომას, რომლის შედეგადაც ალბომის ფურცლებზე  გაუპრანჭავი საქართველო ვიხილეთ, საქართველო, რომლის საზღვრებშიც წიგნის მიხედვით სამაჩაბლოს რეგიონი არ იმყოფება?

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოწვევით 2009 წლის გაზაფხულზე საქართველოს ათი მაგნუმელი ფოტოგრაფი ესტუმრა. მათი ვიზიტის მიზეზი იყო პროექტი სახელწოდებით “ქართული გაზაფხული – მაგნუმის დღიურები”, რომელიც სამინისტრომ ქართული კულტურის საერთაშორისო პრეზენტაციის პროგრამის, “ქართული სეზონის” ფარგლებში განახორციელა. პროექტის ერთ–ერთი ინიციატორი მაგნუმის თბილისში მცხოვრები ფოტოგრაფი თომას დვორჟაკია.

მაგნუმი პრესტიჟული ამერიკული ფოტოსააგენტოა, რომელიც 1947 წელს ფოტოგრაფებმა, რობერტ კაპამ, ანრი კარტიე-ბრესონმა, დევიდ სეიმურმა, ჯორჯ როჯერმა და უილიამ ვანდივერტმა დააარსეს. დღეს მაგნუმის სააგენტოს ოფისები აქვს ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონსა და ტოკიოში. ქართველი ფოტომოყვარულების წრეში, რომ აღარაფერი ვთქვათ პროფესიონალ ფოტოგრაფებზე, მაგნუმი ძალიან პოპულარული და შეიძლება ითქვას საკულტო ფოტოსააგენტოა. საქართველოში მაგნუმის აწ უკვე გარდაცვლილ და კლასიკოსებად აღიარებულ ფოტოგრაფებს, ისევე როგორც მის შედარებით გვიანდელ წევრებს საკმაოდ კარგად იცნობენ.

მარტინ პარის ფოტო
მარტინ პარის ფოტო

ალექს მაიოლი, პაოლო პელეგრინი, გიორგი პინხასოვი, ანტუან დ’აგატა, მარტინ პარი, იონას ბენდიქსენი, თომას დვორჟაკი, მარტინ ფრანკი, მარკ პაუერი, ალექ სოთი იმდენად ლეგენდარული ფოტოგრაფები არიან, რომ მათი საქართველოში ოდესმე ერთბაშად სტუმრობა ბევრი ფოტომოყვარულის და მათ შორის ჩემი წარმოდგენის ზღვარს სცდებოდა.

პროექტის საბოლოო პროდუქტის სახით გამოქვეყნდა ფოტოალბომი სახელწოდებით „ქართული გაზაფხული – მაგნუმის დღიურები“. ფოტოსააგენტოსთან გაფორმებული კონტრაქტის წინაპირობაში გამოფენების მოწყობაც დევს. მათგან სამი ბერლინში, მადრიდსა და ნიუ–იორკში უკვე გაიმართა. ფოტოგრაფებმა ასევე შექმნეს საკუთარი ნარაციითა და ფოტოებით აწყობილი ვიდეო–ესსეები.

„ქართული გაზაფხული“ მაგნუმის ჯგუფური („ჩვენს დროში“, „მაგნუმი მაგნუმი“, „სიცოცხლის უფლება“…) და ცალკეული ქვეყნებისადმი (სამხრეთ კორეა, ირლანდია, ჩინეთი…) მიძღვნილი პროექტების სიაში შედის. რადგანაც ალბომს ადგილობრივ წიგნის მაღაზიებში  ჯერ–ჯერობით ვერ შეიძენთ, მისი გამოწერა მაგნუმის სააგენტოს ვებ გვერდზე შეგიძლიათ. წიგნის ფასი 50 ამერიკული დოლარია.

“ქართული გაზაფხული” იყო ერთ–ერთი ყველაზე მაშტაბური პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტრომ ბოლო წლებში განახორციელა. მისი, ისევე როგორც “ქართული სეზონის” ყველა სხვა პროექტის მიზანი უცხოეთში საქართველოს პოზიტიური იმიჯის შექმნაა. თუმცა, საქართველოს მთავრობის სურვილი მაგნუმის ფოტოგრაფების მოზიდვით და პროექტის განხორციელებით უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაცია მოეხდინა და მისთვის ლამაზი ქვეყნის იმიჯი შეექმნა, გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოვიდა პროექტის საბოლოო სახესთან. ის, რასაც ალბომში ნახავთ რეალური საქართველოა, დანახული პროფესიონალების გამოცდილი მზერით, რომელიც შორსაა ტურისტული აღქმიდან, ისევე როგორც მოვლენებისა და ადამიანების ეგზოტიზაციისგან. ეგზოტიკა კი ალბომის მხოლოდ დასაწყისსა და დასასრულშია, ღია ბარათებზე, რომლებსაც თვალწარმტაცი ლანდშაფტები, კუთხეებში კი საქართველოს მცირე ზომის დროშები ამშვენებს.

მაგნუმის ვებ-გვერდი გვამცნობს, რომ წიგნის პირველ და ბოლო 12 გვერდზე განთავსებული ფოტოები მინისტრ, ნიკოლოზ რურუასა და ქვეყნის პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მიერ შეირჩა. ღია ბარათები საქართველოში ტურისტისთვის მიმზიდველ ადგილებს ასახავენ. საინტერესოა, რომ  ტურისტული მზერის ტირაჟირება ამ შემთხვევაში ქართველებმა მოახდინეს და არა უცხოელებმა, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოში პირველად მოხვდა. გიორგი პინხასოვის სვანეთის ფოტოს გამოკლებით, ყველა ამ ფოტოს ავტორი თომას დვორჟაკია, რომელმაც კადრების ასაკრეფად სპეციალურად ვერტმფრენით იფრინა.

თომას დვორჟაკის ფოტო
თომას დვორჟაკის ფოტო

ღია ბარათები,  კინემატოგრაფისტებში გავრცელებული რუსული ტერმნი რომ ვიხმაროთ, ერთგვარი “დასიომკაა” – როდესაც ფილმის გადაღების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და შემოქმედებით ჯგუფს რაღაც დააკლდება, არ ყოფნის. ამ შემთხვევაში კი ქართულ მხარეს ის დააკლდა, რის გამოც პროექტი წამოიწყო.  

ლექციაზე, რომელიც გაზაფხულზე მარტინ პარმა ეროვნული მუზეუმის საპრეზენტაციო დარბაზში წაიკითხა, მან გვიამბო, რომ ჩამოსვლამდე არ იცოდა თუ როგორ გამოიყურებოდა
საქართველო. ქვეყნაზე ვიზუალური წარმოდგენის შესაქმნელად მარტინ პარმა ინტერნეტში სცადა ფოტოების დათვალიერება, მაგრამ ის რასაც ვირტუალურ სივრცეში გადააწყდა მხოლოდ ხუროთმოძღვრების ნიმუშები და ე.წ. გუმბათოვანი საქართველოს გაპრიალებული ფოტოები იყო. იუმორით მოთხრობილი ეს ისტორია წინასწარ გვამცნობდა თუ რამდენად რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა ამ ფოტოებისგან ნამუშევრები ბრიტანელი ფოტოგრაფისა, რომელსაც იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს და გადასაღები ობიექტების/სუბიექტების ირონიზება უყვარს.  

პროექტის პროდიუსერი, კახა თოლორდავა თვლის, რომ ღია ბარათების იდეა შექნილი სიტუაციიდან კარგი გამოსავალი იყო. სიტუაცია კი იმაში მდგომარეობდა, რომ მაგნუმის მიერ შესრულებული სამუშაო შემკვეთის მოთხოვნებს არ დაემთხვა. “მოხდა გაუგებრობა შემკვეთსა და შემსრულებელს შორის. როდესაც ათი ძალიან დიდი ფოტოგრაფი აგყავს, გასაგებია, რომ განსაკუთრებული სიმკაცრის პირობებში თუ არ ამუშავებ, იმას გააკეთებენ, რაც კარგად გამოსდით. მაგრამ ამ შემთხვევაში სააგენტოს დამკვეთი საქართველოს მთავრობა იყო, ის, ვინც ფოტოგრაფებისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი გახადა ნებისმიერი გადასაღები ადგილის ჩათვლით”. პროდიუსერის აზრით შეცდომა იყო დაშვებული გადაღების სეზონის შერჩევის კონცეფციაშიც. გადაღებები მიმდინარეობდა თებერვლის ბოლოდან აპრილის ჩათვლით, ცივ და ნაცრისფერ საქართველოში.

ფოტოგრაფებს გადაღებები თემატურად ჰქონდათ შერჩეული და გადანაწილებული. მარტინ ფრანკი (არ გაგიკვირდეთ როცა ალბომში მარტინის ნაცვლად მარტინას ამოიკითხავთ) ქართულ ოჯახებს იღებდა, ალექს მაიოლი, როგორც საომარი მოქმედებების გაშუქებაში გამოცდილი ფოტოგრაფი – რუსულ–ქართული კონფლიქტის შედეგებს, პაოლო პელეგრინი რელიგიურ კონფესიებს, ანტუან დ’აგატა, რომელმაც სამი კვირა დაჰყო საქართველოში და ბევრი ადგილი დაათვალიერა, მისთვის ნაცნობ თემატიკაზე შეჩერდა და მეძავების ცხოვრებით დაინტერესდა, გიორგი პინხასოვმა თავისი პოეტური მზერა საქართველოს დასავლეთ სანაპიროს მიაპყრო და ა.შ. თემები ძირითად შემთხევევაში ფოტოგრაფებს თავად არ შეურჩევიათ (როგორც ამას მაგნუმის ფოტოს სააგენტოს ვებ–გვერდზე პროექტის შესახებ ინფორმაციაში ამოიკითხავთ), არამედ მათ შერჩევაზე პროექტის პროდიუსერმა (კახა თოლორდავა), ინიციატორმა (თომას დვორჟაკი) და კულტურის სამინისტრომ იზრუნა.

თემებიც დაუგეგმეს, მარშრუტებიც დაუგეგმეს, გადასაღები ობიექტებიც შესთავაზეს და პერსონაჟებსაც დაელაპარაკნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იმედგაცრუებულები დარჩნენ. “საბოლოოდ წიგნი საკმაოდ პირქუში და თამამი გამოვიდა – ამბობს კახა თოლორდავა, – ყოველთვის უნდა მიიღო მხედველობაში თუ რა უნდა შემკვეთს, გინდ მაილს დევისი იყავი და გინდაც პინხასოვი. სააგენტომ ეს სურვილი არ გაითვალისწინა. ეს კურატორის, ქრის ბუთის  ბრალი უფრო იყო. ფოტოგრაფებს ვერაფერს დააბრალებ, იმიტომ რომ ისინი იმ საქართველოს იღებდნენ, რომელიც მათ ორი კვირის განმავლობაში თავს დაეცათ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საქართველოს მთავრობამ არ მიიღო ის, რასაც ელოდა, მაგრამ მან ძალიან კარგად და სწორად გამოიყენა ეს წიგნი, რომელიც არ ჩაწოლილა. საბოლოო ჯამში საქართველოს მთავრობა შეეგუა იმას, რომ ასეთი თამამი წიგნი საქართველოზე არავის გაუკეთებია, მითუმეტეს მსგავს ფოტოგრაფებს”.

 

მსგავსი პროექტი მაგნუმმა სამხრეთ კორეაშიც განახორციელა. ფოტოგრაფებს მკაცრად ჰქონდათ განსაზღვრული თუ რა სახის ნამუშევრები უნდა შეექმნათ და როგორი რაკურსები შეერჩიათ. სამხრეთ კორეის მთავრობა კმაყოფილი დარჩა, თუმცა, როგორც კახა თოლორდავა ამბობს, წიგნი საბოლოოდ უინტერესო გამოვიდა.

მეორე უსიამოვნება, რომელიც პროექტის მიმდინარეობას ახლდა თან, წიგნის შეცდომებით დაბეჭდვა იყო. ღია ბარათების ქვეშ გაკეთებული ქართულენოვანი წარწერები ვერონის სტამბაში (იტალია) ლათინური ასოებით დაიბეჭდა. ამიტომ მაგნუმს წიგნის ხელმეორედ დაბეჭდვის ხარჯების აღება საკუთარ თავზე მოუწია. შრიფტთან დაკავშირებული პრობლემა გამოსწორდა, თუმცა ტექსტში, რომელიც ალბომს ახლავს, გარკვეული ფაქტობრივი უზუსტობები მაინც დარჩა.

ფოტოების გარდა წიგნს საინტერესო ტექსტუალური ნაწილი აქვს, რომელიც თავს უყრის ფოტოგრაფების დღიურებს, შესავალ სიტყვებს, კომენტარებს, თომას დვორჟაკის წინასიტყვაობას, ასევე უენდელ სტივენსონის ესსეს საქართველოს შესახებ და ქვეყნის ისტორიული ფაქტების ერთგვერდიან კომპილაციას. თუკი ამ უკანასკნელს თვალს გადაავლებთ, რამდენიმე ისეთ ფაქტობრივ შეცდომას ნახავთ, რომელსაც საქართველოს ისტორიის ღრმა ცოდნა არ სჭირდება. მაგალითად, როგორც აგვისტოს ომის შესახებ მოცემულ პასაჟში წერია, თურმე 2008 წლის აგვისტოში სამხედრო ძალების მობილიზება რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საზღვარზე მოუხდენია და არა საქართველო-რუსეთის საზღვარზე. „ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი არაა. არ არის კარგი, როცა სახელმწიფოს ხელშეწყობით გამოცემულ წიგნში ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითს ვაწყდებით“ – ამბობს ლაშა ბაქრაძე, რომელსაც წიგნის გერმანული ვერსია აქვს და თვლის, რომ ტექსტში სხვა ფაქტობრივი უზუსტობაც არის. მაგალითად, წერია, რომ გიორგი სააკაძე ბრძოლაში დაიღუპა, მაშინ, როცა საქართველოდან ოტომანთა იმპერიაში წასულ სააკაძეს სინამდვილეში თავი მოჰკვეთეს.

იმ ათი ფოტოგრაფის ნამუშევრების გარდა, რომლებიც 2009 წლის გაზაფხულზე საქართველოს ესტუმრნენ, წიგნში შესულია  მაგნუმის საარქივო მასალა – სხვადასხა დროს გადაღებული ანრი კარტიე-ბრესონის, რობერტ კაპას, ქრისტინა გარსია როდეროს, ჯონ ვინკის ნამუშევრები. 1948 წელს რობერტ კაპასთან ერთად საქართველოს ამერიკელი მწერალი, ჯონ სტაინბეკი ეწვია. საბჭოთა კავშირში მოგზაურობას მან „რუსული დღიური“- წიგნი-რეპორტაჟი მიუძღვნა, რომელიც სამყაროს მეექვსედ ნაწილში 1990 წლამდე არ დაბეჭდილა. თავის დროზე კი არც ამერიკაში მოეწონათ და არც საბჭოთა კავშირში. ერთგან პრორუსულ, მეორეგან კი პროამერიკულ და ანტისაბჭოთა წიგნად მიიჩნიეს.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მოგვწონდეს წიგნის დიზაინი, ღია ბარათებით დამშვენებული პირველი და ბოლო გვერდები, გაგვაღიზიანოს ფაქტობრივმა შეცდომებმა და პროპაგანდისტულმა სარეკლამო ვიდეომ, რომელიც წიგნის ვებ-გვერდზე დევს, „ქართული გაზაფხული – მაგნუმის დღიურები“ ძვირფასი წიგნია, თანაც ძვირფასი არა დიდძალი ფულის გამო, რაც მის შექმნას დასჭირდა, არამედ მისი კულტურული მნიშვნელობის გამო. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოზე მსოფლიოში საუკეთესო ფოტოგრაფების მზერაზე დაკვირვება კიდევ ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ საკუთარი მზერა გავაფართოვოთ და გარედან შევხედოთ იმას, რაც ჩვენში და ჩვენს გარშემო ხდება. 

ანტუან დ
ანტუან დ’აგატას ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი