ხელოვნება

დაინგრევა თუ არა ისტორიის ინსტიტუტის შენობა?

29 მაისი, 2015 •
დაინგრევა თუ არა ისტორიის ინსტიტუტის შენობა?

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელებულმა ცნობამ დემონტაჟის მოთხოვნის შესახებ არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეების კრიტიკა გამოიწვია. “ნეტგაზეთი” შენობის მნიშვნელობაზე არქიტექორ ნანო ზაზანაშვლს ესაუბრა.

 

არქიტექტორის თქმით, 1927-1930 წლებში აშენებული ნაგებობა მსოფლიოში გავრცელებული კონსტრუქტივიზმისა და ქართული ეროვნული მოტივების გაერთიანების საინტერესო მცდელობაა: “შეისრული თაღებია გამოყენებული, აივნების დეკორში ორნამენტები, ინტერიერში არის კაპიტელების მორთულობა. ფასადი საკმაოდ სადაა და კონსტრუქტივიზმზე მიგვანიშნებს”.

 

ნანო ზაზანაშვილის თქმით, კონსტრუქტივისტული სტილის მქონე შენობები საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობითაა, რაც ასევე განაპირობებს შენობის მნიშვნელობას.

 

მელიქიშვილის გამზირის 10 ნომერში მდებარე შენობის არქიტექტორი კონსტანტინე ლეონტიევია. შენობაში თავდაპირველად ტუბერკულოზის ინსტიტუტი მდებარეობდა. 1980 წლიდან მასში საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი მდებარეობს.

შენობა სახელმწიფოს ბალანსზე იყო, 2010 წლიდან კი ლაურა ღაჭავას საკუთრებაშია. იგი უარჰყოფს ინფორმაციას, რომ შენობის დემონტაჟის მოთხოვნით მერიას მიმართა.

ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა. 29.05.2015
ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა. 29.05.2015

იგი ამბობს, რომ მან მერიას მართლაც მიმართა, მაგრამ – მხოლოდ რეაბილიტაციისთვის. მისივე თქმით, სურს გაამაგროს შენობა, რომელიც დაზიანებულია და განაახლოს, თუმცა მერიამ უარი უთხრა და ახლა პროექტი აქვს შესათანხმებელი.

 

ლაურა ღაჭავა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ არ აპირებს რემონტის დროს შენობაზე თუნდაც რაიმე სახის მიშენებას ან დაშენებას, რაც შენობას სახეს შეუცვლის.

 

ამის გარდა, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა “ქართუ ბანკის” მიერ იპოთეკით არის დატვირთული.

 

ლაურა ღაჭავა საუბრობს იმაზეც, რომ შენობაში ისტორიის ინსტიტუტი მდებარეობს და მას არ სურს თანამშრომლების საწინააღმდეგოდ რამე გააკეთოს. მისი თქმით, ინსტიტუტს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია, ფართი უნდა გამოუყოს თსუ-მ.

ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა. 29.05.2015
ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა. 29.05.2015

“საცავია საუკეთესო, ქვეყნისთვის საჭირო და ძალიან კარგი ხალხი მუშაობს იქ, პროფესორები და მეცნიერები. ამდენად, ცოტა დასაფასებელი ხალხიც არის და ყურადსაღებიც. ასე არ არის, შენ გააკეთო რემონტი და ისინი ქუჩაში გაყარო. სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამისი”, – ამბობს ღაჭავა.

 

ღაჭავას სიტყვების მიუხედავად, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის თქმით, მან მიიღო გაფრთხილება, რომ 2 თვეში ინსტიტუტმა შენობა უნდა დატოვოს. დირექტორ ვაჟა კიკნაძის თქმით, საშენებლო კომპანია m2-ის წარმომადგენლებმა შენობის აზომვები ჩაატარეს.

 

ვაჟა კიკნაძის თქმით, ინსტიტუტში 71 ადამიანი მუშაობს, აქვს 25 ათასამდე წიგნადი ფონდი ბიბლიოთეკაში და არქივი: კავკასიაში ექსპედიციებში მოპოვებული არტეფაქტები, აღწერილობები და ფოლკლორული სიმღერები და ისტორიები.

ვაჟა კიკნაძე ამბობს რომ თსუ არ არის დაინტერესებული ისტორიის ინსტიტუტის ინტერესების დაცვით, რადგან აღნიშნული შენობის გარემონტებაში არ დახმარებია, სადაც წყალი ჩამოდის. იგი ამბობს, რომ როდესაც იყო საუბარი ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე, მაშინაც სამ ოთახს დაპირდნენ და არქივის დასაბინავებლად მაღლივი ბიბლიოთეკის სარდაფს.

 

თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ კაკულია ამბობს, რომ უნივერიტეტი სხვის საკუთრებაში არსებულ შენობას, რომელიც ისტორიის ინსტიტუტს არც ჰქონდა სარგებლობით გადაცემული კანონიერად, ვერ გაარემონტებდა.

 

ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა. 29.05.2015
ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა. 29.05.2015

ხოლო ამავე უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტალახაძე უარყოფს იმას, რომ მათ სამი ოთახი და სარდაფი შესთავაზეს ინსტიტუტს.

 

ტალახაძის თქმით, 2012 წლის დასაწყისში ფართი ლიტერატურის ინსტიტუტის შენობაში, მეორე და მესამე სართულზე გამოუნახეს, თუმცა ინსტიტუტმა გადასვლა არ მოისურვა.

 

არჩილ კაკულია ამბობს, რომ უნივერსიტეტს მის დაქვემდებარებაში არსებული, მსგავსი პრობლემის მქონე არც ერთი ინსტიტუტი არ დაუტოვებია ფართის გარეშე და არც ისტორიის ინსტიტუტი იქნება გამონაკლისი. თუმცა ჯერ შერჩეული არ აქვთ კონკრეტული ფართი ინსტიტუტისთვის.

 

“ნეტგაზეთი” კომპანია m2-ს დაუკავშირდა, თუ რა ფორმით არის დაკავშირებული მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობასთან. კომპანია აცხადებს, რომ განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს.

კითხვაზე, თუ როგორ გამოიყენებს ლაურა ღაჭავა ისტორიის ინსტიტუტის შენობას, პასუხობს, რომ იგი მერიაზეა დამოკიდებული, რადგან მასთან უნდა შეათანხმოს პროექტი, რომელიც შენობის განახლებას ითვალისწინებს და არა დემონტაჟს.

 

თუმცა თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მეპატრონე ლაურა ღაჭავამ თბილისის მერიას დემონტაჟის ნებართვის მოთხვნით 2014 წლის სექტემბერში წერილობით მიმართა. მერიამ მიმართვა არ განიხილა, რადგან მათი თქმით, წერილში ხარვეზებით იყო ჩამოყალიბებული რამდენიმე პუნქტი.

მერიის ცნობით, ხარვეზიანი პუნქტის შეცვლის მოთხოვნით არავის მიუმართავს და იმის შემდეგ ამ საკითხთან დაკავირებით განხილვა მერიაში არ გამართულა. შესაბამისად, დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ შენობის დემონტაჟზე ნებართვა არავის აქვს.

ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა. 29.05.2015
ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა. 29.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი