სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია-ფესტივალი ლისის ტბაზე, ღია ცის ქვეშ, 24-26 აპრილს გაიმართება. No Violence – არა ძალადობას, წლევანდელი ფესტივალის მთავარი გზავნილია და სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შორის მშვიდობასა და მეგობრობას ეძღვნება.

 

ფესტივალის ფარგლებში მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ მოუსმინონ ბენდებს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან და მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში. დაგეგმილია ბაიკერების შოუ. გამოყოფილი იქნება ლაუნჯ და კემპინგ ზონები. მუსიკალური ჯგუფები გამართავენ შეხვედრებს გულშემატკივრებთან.

 

ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალის მიზანი მუსიკის სხვადასხვა ჟანრების შერწყმაა. 3 დღის განმავლობაში, დღის 3 საათიდან ღამის 12 საათამდე შესრულდება ცოცხალი მუსიკა. ხოლო ღამის 12-დან დილამდე მელომანებს ელექტრონული მუსიკის მოსმენა შეეძლებათ. ფესტივალზე დაუკრავენ VADER, DIARY OF DREAMS, DEAD BY APRIL, THE FADING,  СЛОТ და სხვა ცნობილი ბენდები.

JAM Event-ის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და ფესტივალის მონაწილეები
JAM Event-ის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და ფესტივალის მონაწილეები

როგორც JAM Events-ის წარმომადგენელი ერნსტ ხეჩუმოვი ამბობს, ფესტივალზე მძიმე მუსიკის სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლები გამოდიან, რომ განხვავებული გემოვნების მსმენელმა 3 დღის განმავლობაში მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.

 

“Dead By April ახალგაზრდა, პოპულარული ბენდია; VADER უკვე “ძველი სკოლის” წარმომადგენელია, რომელსაც შედარებით წინა თაობები უსმენენ. The Fading შორსაა მეტალისაგან, ის უფრო ელექტრონულ მუსიკას ქმნის. ამგვარად, ჩვენ გვინდა, რომ გავაერთიანოთ ყველა გემოვნების მსმენელი,” – ამბობს ერნსტ ხეჩუმოვი.

 

JAM Events-ის ორგანიზებული ფესტივალი 2007 წლიდან ყოველწლიურად ეწყობა. უკვე მესამე წელია ფესტივალის ფარგლებში იმართება მუსიკალური ორთაბრძოლა – WACKEN METAL BATTLE, რომლის გამარჯვებულიც გერმანიაში, საერთაშორისო მეტალ-ფესტივალზე, Wacken Open Air-ზე მიემგზავრება. Wacken Open Air, ყველაზე მასშტაბური მძიმე მუსიკის ფესტივალია, რომელსაც  ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრება. ღონისძიება ყოველ ზაფხულს გერმანიაში, ჰამბურგთან ახლოს მდებარე დასახლება Wacken-ში 1990 წლიდან იმართება. ბენდების ორთაბრძოლაში მონაწილეობას ჯგუფები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იღებენ.

 

კონკურსის მონაწილე ბენდებს ევალებათ წარმოადგინონ ცნობილი სიმღერების საკუთარი ვერსიები ფესტივალის ჰედლაინერების, მუსიკალური პროდიუსერებისა და ფესტივალის ორგანიზატორებისაგან შემდგარი ჟიურის წინაშე. პირველი ორი დღის განმავლობაში იმართება ნახევარფინალები, ხოლო ფესტივალის ბოლო დღეს ფინალურ ბრძოლაში გამოვლინდება გამარჯვებული.                                         

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში კონკურსში ქართული ბენდები ლიდერობენ. Wacken Open Air Metal-Battle Caucasus-ის 2013 წლის გამარჯვებული ჯგუფი INDUSTRIAL CITY იყო, 2014 წელს კი – DISMORIAL.

 

როგორც DISMORIAL-ის სოლისტი, Andrew Guyawetz ამბობს, Tbilisi JAM Fest-მა მათ შანსი მისცათ გამოსულიყვნენ საერთაშორისო ასპარეზზე და გამოეცადათ საკუთარი ძალები, როგორც ბენდს. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება მომდევნო ორი წლის განმავლობაში აღარ აქვთ, თუმცა წელს ფესტივალის “ლაინ აფის” წევრები არიან და ქართველი მსმენელისათვის JAM Fest-ის სცენიდან კიდევ ერთხელ დაუკრავენ. ამის შემდეგ  DISMORIAL ევროტურში მიემგზავრება.

 

“ყველაზე დიდი პრიზი, რაც შეიძლება ჯგუფმა მიიღოს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ არის უბრალოდ ამ ფესტივალზე გამოსვლა. სამხრეთ კავკასიის მეტალ სამყაროს კარგად ვიცნობ და ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ ამ ფესტივალზე საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენა ყველა მძიმე მუსიკის შემსრულებელ ბენდს დიდ შანს აძლევს კარიერის გასაუმჯობესებლად,” – განაცხადა DISMORIAL-ის ვოკალისტმა ფესტივალის პრესკონფერენციაზე.

 

Ducktape ერთ-ერთია იმ ქართული ბენდებიდან, რომელიც წელს ფესტივალის სცენაზე ავა. Pop-Punk ბენდი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და მას შემდეგ სხვადასხვა კონკურსსა თუ კონცერტში აქტიურად მონაწილეობს. ამჟამად მუსიკალური შოუს “X Factor” მონაწილეებიც არიან. როგორც ბენდის გიტარისტი, გიორგი ხვიტია ამბობს, ქართული ლაივ მუსიკის შექმნაში ჩართვა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ხშირად ფინანსურ პრობლემებთან ერთად ახალგაზრდა მუსიკოსები წინააღმდეგობას მშობლების მხრიდანაც აწყდებიან. ბენდმა ახლახან ჩაწერა პირველი ალბომი და პრეზენტაციას მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებდნენ, რომ CD დისკების ჩასადები ყუთები ვერ შეიძინეს.

 

“ფართო აუდიტორიასთან მუშაობა არის ძალიან დიდი გამოცდილება, არა მარტო ის, რომ უკრავ, არამედ ის, რომ უყურებ ამ ადამიანებს და ისინიც გხედავენ,”- ამბობს გიორგი და მიიჩნევს, რომ მსგავს ფესტივალებში მონაწილეობა ცნობადობის გაზრდასთან ერთად მუსიკოსებს განვითარებაში ეხმარება.

 

JAM Fest-ი ყოველ წელს ირჩევს ერთ ბენდს კატეგორიაში Best New Come და მას მთავარ სცენაზე გამოსვლის უფლებას აძლევს. მსურველებმა წინასწარ უნდა შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა და გაუგზავნონ JAM Fest-ს.  შერჩევის წლევანდელი გამარჯვებული ახალი ქართული ბენდი Third Side Justice გახდა.

 

“ფესტივალზე გამოსვლა დიდი შანსია ყველა დამწყები მუსიკოსისათვის. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით რთულია, რომ გააცნო მსმენელს თავი და მიიღო გამოცდილება. შესაძლებლობა მაქვს იმ ბენდებთან ერთად ავიდე სცენაზე, ვისაც ბავშვობაში ვუსმენდი,” – ამბობს Third Side Justice-ის ერთ-ერთი წევრი ქეთი დალაქიშვილი.

 

JAM Fest-ის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში მძიმე მუსიკის წინ წამოწევაა. საორგანიზაციო ჯგუფის წევრები თბილისს 3 დღით მეტალის ქალაქად გადაქცევას ჰპირდებიან.

ფესტივალის მხარდამჭერები თბილისის მერია და გოეთეს ინსტიტუტი არიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *