თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ინფორმაციით, კონცერტზე შესრულდება სიმღერები გიული ჩოხელის რეპერტუარიდან. კომპოზიციების ახლებური ვერსიების ავტორი, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილია.
კონცეტრში მონაწილეობენ გიული ჩოხელი, გულიკო ჭანტურია, მერაბ სეფაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, დათო გომართელი, სოფო გელოვანი, სოფო ბედია, მარიკო ებრალიძე, ლევან მასპინძელაშვილი, თიკო ანდღულაძე, ელენე კალანდაძე, ანსამბლი ,,დიელო“, თეატრალურის კვარტეტი და დავით მაზანაშვილის ორკესტრი.
გიული ჩოხელი არის პირველი ქართველი ჯაზის მომღერალი, რომელმაც შესრულების თამამი და დახვეწილი მანერით გასული საუკუნის 50–60–იან წლებში გადატრიალება მოახდინა საბჭოთა კავშირის ე.წ. კომერციულ მუსიკალურ სამყაროში.
მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გიული ჩოხელს სოლო პროგრამით არაერთი საგასტროლო ტურნე აქვს გამართული ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქალაქებში.
სხვადასხვა დროს იგი თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან და ორკესტრებთან. 1953 წლიდან გიული ჩოხელი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. 1963 წელს მან თავის მეუღლესთან, ცნობილ ჯაზ–პიანისტთან და კომპოზიტორთან ბორის რიჩკოვთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში ჩამოაყალიბა ბიგბენდი “ჩანგი“, სადაც მიწვეულნი იყვნენ ცნობილი უცხოელი ჯაზის მუსიკოსები.
განსაკუთრებული აღიარება მომღერალს მოუტანა სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალმა 1967 წელს, სადაც მსოფლიოს 55 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის იგი გახდა „გრან–პრის“ მფლობელი და გიული ჩოხელი ევროპის საუკეთესო მომღერალთა ხუთეულში შეიყვანეს. ამავე წელს გიული ჩოხელი მიწვეულ იქნა ტალინის ჯაზ–ფესტივალზე, სადაც მოიპოვა ლაურეატის წოდება. მომღერალს მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისის, მოსკოვისა და პრაღის საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალებზეც.
1995 წელს გიული ჩოხელი მიიწვიეს აშშ–ში, „კარნეგი–ჰოლში“ სტუმრის სტატუსით, როგორც პირველი ქართველი ჯაზის მომღერალი, სადაც დააჯილდოვეს ცნობილი ჯაზ–კომენტატორის უილის ქანოვერის მიკროფონით. ჟურნალმა „დიდმა ვაშინგტონმა“ გიული ჩოხელს გადასცა ჯილდო მე–20 საუკუნის მსოფლიო ჯაზის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის. აშშ –ის ფირმა „ინტერპრაისისმა“ გამოსცა გიული ჩოხელის ფირფიტა „მუდამ იქნება მუსიკა“.
გიული ჩოხელზე გადაღებულია ფილმები: „მღერის გიული ჩოხელი“ (რეჟ.ზაალ კაკაბაძე), „ყვითელი ჩიტი“ (სცენარის ავტ.გიული ჩოხელი) და „ეს იყო სიზმარი“ (რეჟ. ლევან კიტია).