ხელოვნება

“არა ნგრევას” – სტუდენტების აქცია საყდრისის მაღაროს დაცვის მოთხოვნით [ვიდეო]

19 დეკემბერი, 2014 • • 1576
“არა ნგრევას” – სტუდენტების აქცია საყდრისის მაღაროს დაცვის მოთხოვნით [ვიდეო]

“დაიცავი საყდრისი”, “აღუდგეს საყდრისს სტატუსი ძეგლის”, “უნივერსიტეტი საყდრისის დასაცავად” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ სტუდენტები 15 საათზე უნივერსიტეტის ეზოში. ამის შემდეგ მათ ფეხით გაიარეს მელიქიშვილისა და რუსთაველის ქუჩები. მსვლელობის გამო ერთი მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო.

მსვლელობის დროს ისინი საყვირებითა და შეძახილებით- “არა ნგრევას”, შემოგვიერთდით”- გამვლელებს მოუწოდებდნენ, რომ მსვლელობას შეერთებოდნენ. აქციის მონაწილეები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს შენობასთან შეჩერდნენ. ისინი სამინისტროსგან მოითხოვენ, რომ კომპანია RMG-ის, რომელიც საყდრისის ტერიტორიაზე წიაღისეულს მოიპოვებს, არ გაუგრძელოს ლიცენზიის ვადა, რომელიც 2015 წლის პირველ იანვარს იწურება.

აქციის მონაწილე თორნიკე ადამაშვილმა სამინისტროს წინ ხურდები დაყარა იმის ნიშნად, რომ სამინისტროს უჭირს.

“ის, რომ ქვეყანა არ უფრთხილდება ქვეყნის კულტურულ მემკვიდროებას და დასანგრევად იმეტებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ფინანსები განმსაზღვრელია ყველაფრის. ჩვენ სიმბოლურად დავეხმარეთ სამინისტროს”, – ამბობს თორნიკე ადამაშვილი.

ხურდები დაყარეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთანაც. სტუდენეტები მოითხოვდნენ კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრას.

 

სტუდენტების აქცია საყდრისის მაღაროს მხარდასაჭერად. 19.12.2014
სტუდენტების აქცია საყდრისის მაღაროს მხარდასაჭერად. 19.12.2014

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განახლებას. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

სტუდენტების აქცია საყდრისის მაღაროს მხარდასაჭერად. 19.12.2014
სტუდენტების აქცია საყდრისის მაღაროს მხარდასაჭერად. 19.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი