ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა რამდენიმე წლის წინ პროგრამა, სახელწოდებით “გავიცნოთ აფხაზეთი” ჩამოაყალიბა. პროგრამის იდეა და მიზანი აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის აღწერა, მისი შენარჩუნების, განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ამ პროგრამის ერთ-ერთი ბოლო პროექტი არის დოკუმენტური ფილმი “ანიხა” [სალოცავები]. ფილმზე და ზოგადად, ცენტრის საქმიანობაზე ნეტგაზეთთან ზურაბ შენგელია, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს.
ბატონო ზურაბ, ჯერ ფილმით დავიწყოთ. რის შესახებაა ის და ვის ეკუთვნის ფილმის გადაღების იდეა, ქართულ თუ აფხაზურ მხარეს?
შარშან ზაფხულს ჩვენი თანამშრომელი იმყოფებოდა სოხუმში, სადაც აფხაზურ საზოგადოებაში წამოიჭრა საუბარი ამ პროგრამის მხარდაჭერასა და მასში თანამონაწილეობის შესახებ. აღნიშნა. რომ პრობლემა აქტუალურია როგორც აფხაზური, ისე ქართული საზოგადოებისთვის. აფხაზური ეთნო-ტრადიციების გაცნობა სასარგებლო იქნებოდა არა მხოლოდ დაპირისპირებული მხარეებისთვის, არამედ ჩვენი კავკასიური სივრცის მიღმაც. გადაწყდა, რომ პირველი ასეთი ნაბიჯი გადაიდგას და გადაღებული იყოს ფილმი აფხაზეთში არსებულ 7 სალოცავზე, რომელთა ადგილებზე ტაძრებია აშენებული, ასევე, ახალი წლის აღნიშვნის ეთნიკურ ტრადიციაზე.
რას გულისხმობდა შეთანხმება ისტორიული ფაქტების წარმოჩენის შესახებ იმ პირობებში. როდესაც გარკვეული კოლიზია არსესბობს ფაქტების შეფასებაში?
ჩვენი შეთანხმება რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობის საწყის ეტაპზევე მოხდა. პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ის თემები და საკითხები, რომლებზეც ერთნაირი ხედვა გვაქვს, და თუ მაინცდამაინც შეიქმნებოდა კოლიზია, დაგვეფიქსირებინა ორივე ხედვა. საბედნიეროდ, ამ ფილმზე მუშაობის პროცესში პრობლემა ნაკლებად შეგვექმნა. თავად ის ფაქტი, რომ ქართველების გვარებიც არის ტიტრებში აფხაზურთან ერთად, ვფიქრობ, უკვე ბევრს ნიშნავს.
ფილმის გადაღების პროცესი როგორი იყო, აფხაზურ მხარესთან კომუნიკაციაში ხელი ხომ არ შეგიშალათ რამემ?
აფხაზური საზოგადოებისთვის გარკვეული სიმამაცე იყო ჩვენთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, აფხაზეთში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფილმზე მუშაობის პროცესში აფხაზური საზოგადოების ელიტარული ნაწილი ჩაერთო. ყველა ის წინააღმდეგობა, რომელსაც პოლიტიკური სიტუაცია იწვევდა, მათ გადალახეს და თავიანთი ქმედებით საფუძველი ჩაუყარეს ამ ტიპის პროექტების შემდგომ განვითარებას. ეს ფილმი მთლიანად აფხაზურმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაიღო ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობით და თავად ეს ფაქტი ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობისა იმედს იძლევა, რომ პროექტი გაგრძელდება და მეტი მხარდაჭერა ექნება ორივე მხრიდან.
ფილმი სად დამონტაჟდა?
ფილმი იქ დამონტაჟდა, ჩვენთან მოხდა მხოლოდ ქართული ტიტრების დადება. ჩვენი შეთანხმების თანახმად, ფილმის ტიტრირება სხვა ენაზე შესაძლებელია მოხდეს ერთადერთი გამონაკლისით – რუსულ ენაზე არ იქნება ტიტრირება.
სოხუმში ჩვენების დროს წარმოიშვა იდეა ფილმის ინგლისურ ენაზე ტიტრირებისა, რომელსაც ჩვენი მხარე დაეთანხმება იმ პირობით, რომ მისი საზღვარგარეთ გატანისას, პრეზენტაციას ჩვენი მხარის წარმომადგენელი აუცილებლად დაესწრება.
აფხაზეთში ჩვენება უკვე იყო? როგორ მიიღეს ფილმი აფხაზურმა და ქართულმა საზოგადოებებმა?
ფილმის პრეზენტაცია სოხუმში საკმაოდ ელიტურ საზოგადოებაში უკვე შედგა. შეფასებაც საკმაოდ დადებითია. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული პოლიტიკური სარჩულის გამო შენიშვნები არსებობდა. ანალოგიური შეფასება მოჰყვა თბილისში ფილმის ჩვენებას. განსაკუთრებით ეს ეხებოდა აფხაზურ ინფორმაციას ბიჭვინთის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხეთან დაკავშირებით.
ფილმში ნახსენებია, რომ ბიჭვინთის ტაძარი აგებულია აფხაზი არქიტექტორის მიერ, თუმცა ფილმის ბოლოს მითითებულია ისტორიული წყარო, საიდანაც ეს ინფორმაციაა აღებული, რომლის საწინააღმდეგოც ქართულ ისტორიულ წყაროებს არ ჰქონიათ. ეს ისტორიკოსების შესასწავლი საკითხია და მეცნიერებს ვთხოვთ, თუ დასაზუსტებელია, დააზუსტონ.
მეორე საკითხი იყო ტაძრების ლოკაცია, რომელიც მონიშნულია და რუკაზე აფხაზეთის საზღვრებია შემოვლებული. ჩვენი კანონმდებლობით, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა, ანუ სახელმწიფო წარმონაქმნი, და მას, როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას, თავისი საზღვრები გააჩნია. ეს უკვე სამართლებრივი საკითხია.
მომავალში “მუხაჯირობაზე” მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გაკეთება გვინდა. ამჯერად უკვე საქართველოს კინოცენტრის დაფინანსებით ვცდით. ამ ეტაპზე ჯერ ისტორიულ წყაროებს ვსწავლობთ.
რაც შეეხება თქვენს დანარჩენ საქმიანობას, რას აკეთებთ კიდევ და რამდენად მოდის აფხაზური მხარე თანამშრომლობაზე, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისთან ერთადაც მუშაობთ?
პროგრამის “გავიცნოთ აფხაზეთის” ფარგლებში ხორციელდება რამდენიმე პროექტი. უნივერსიტეტში დაფუძნდა აფხაზური ბიბლიოთეკა. აფხაზები ბოლო წლებში გამოცემულ წიგნებს, ლიტერატურას გვიგზავნიან და შეიქმნა შესაძლებლობა, დაინტერესებულ პირთათვის თავიანთი სამეცნიერო თუ პირადი ინტერესი დააკმაყოფილონ.
ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფმა ჩვენთვის აპარატურა შეიძინა და გვაქვს აფხაზურენოვანი ინტერნეტრადიო “ჰარა”. უკვე წელიწადნახევარია, დღეში ერთი საათი აფხაზურ ენაზე გადაცემა გვაქვს. იმ ინფორმაციას გადავცემთ, რომელიც რუსულ პროპაგანდას ეწინააღმდეგება, რომელსაც მათ იქ უმალავენ. ვსაუბრობთ დემოკრატიის პრინციპებზე, NATO-ზე. იქიდან ჩართულობაც არსებობს. მაგალითად, იქ გამოცემულ ერთ-ერთ წიგნზე რეცენზია გვთხოვეს. აქ გავაკეთეთ რეცენზია და რადიოს მეშვეობით ვისაუბრეთ ამაზე.
კომუნიკაციის ეს საშუალება აფხაზურ მხარესთან აქტიური ურთიერთობების, პრობლემების გაზიარების და გადაწყვეტის შესაძლებლობას ქმნის. ასეთებია ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, ასევე, საგანმანათლებლო სფეროში. ყველაფერ ამას პროგრამას პოლიტიკური მიზანიც აქვს – აფხაზური საზოგადოების პრობლემების გაზიარება, ამ საკითხებში მათთან თანადგომა და ურთიერთობების აღდგენა და დამსახურება.
ჩვენ სახელმწიფო ვალდებულება გაგვაჩნია აფხაზური ეთნოსის მიმართ, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ცივილიზაციის წინაშე აფხაზეთის ეთნოკულტურული სივრცის შენარჩუნებაზე, განვითარებაზე და თუნდაც რეკლამირებაზე.
ამ პროგრამის საბოლოო მიზანია, შევქმნათ საფუძველი აფხაზური ენციკლოპედიის შემუშავებისთვის. ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია, სანამ ვინმე დაგვასწრებს [კარგად მოგეხსენებათ, ვინც]. მნიშვნელოვანია, ეთნოკულტურული სივრცე ისტორიის ხელოვნური გააზრებით სხვამ არ აღწეროს.
ამ ყველაფერს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. თუ ჩვენ გვინდა ნდობის აღდგენა, ან ნდობის თავიდან დამსახურება, ამისთვის საჭიროა, რაღაც საკითხებში თანაკვეთა მოხდეს და უპირველესად იმ პრობლემებში, რომელიც მათ აწუხებთ. უნდა გავიაზროთ და გვერდში დავუდგეთ მათ გადაჭრაში. ამას ზოგი კულტურულ ექსპანსიას ეძახის, მაგრამ მეორე მხრივ, ეს აუცილებელი ნაბიჯია.