ხელოვნება

როტშილდის ფონდი საქართველოში ებრაელთა ისტორიის შესწავლას დააფინანსებს

16 ივნისი, 2014 • • 1817
როტშილდის ფონდი საქართველოში ებრაელთა ისტორიის შესწავლას დააფინანსებს

პროექტი, სახელწოდებით „ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში და ებრაული მუზეუმის რენოვაცია თბილისში“ მიზნად ისახავს ებრაული კოლექციების სრულ მეცნიერულ შესწავლას, ატრიბუციას, დარჩენილი ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაციას, დაჩარჩოებას, მოწესრიგებასა და ფონდებში შესაბამის პირობებში დაცვას.

 

ერთწლიანი პერიოდის პროექტის დასრულების შემდეგ კოლექციების სრული კატალოგიზაცია და ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიქმნება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება და ლექციათა ციკლი, რომელიც ჩაიწერება DVD-ფორმატში.

 

პროექტის ავტორმა, ეროვნული მუზეუმის გამოფენების დეპარტამენტის უფროსმა ლელა წიწუაშვილმა გვითხრა, რომ სამომავლოდ პროექტი ითვალისწინებს კოლექციების მომზადებას დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში გამოსაფენად.

 

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული თორა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული თორა

წიწუაშვილის თქმით, იგი წლების განმავლობაში მუშაობს ებრაული კოლექციის შესწავლასა და პოპულარიზაციაზე. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ებრაული კოლექციების დიდი ნაწილი შეისწავლა, გაუკეთა მათ შესაბამისი ანოტაცია, თუმცა კიდევ ბევრი ექსპონატი ელის განახლებას.

 

“ეს გრანტი ეხება საქართველო-ისრაელის კულტურული მემკვიდრეობის მოვლასა და შემდეგ ებრაული მუზეუმის რენოვაციას. ძალიან საინტერსო არის ჩვენთვის ამ პროექტთან თანამშრომლობა. ეს გახლავთ ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული ფონდი, რომელიც ხელს უწყობს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას, განვითარებას, პოპულარიზაციას ევროპულ ქვეყნებში. ამ ფონდთან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას საქართველოსა და ეროვნული მუზეუმის ჩართვას ევროპული მუზეუმების ქსელში”, – გვითხრა ლელა წიწუაშვილმა დღეს, 13 საათზე კულტურის მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ 

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი არა მარტო ისრაელის ისტორიას შეისწავლის, არამედ ეს პროექტი შეისწავლის საქართვლოს ისტორიას.

 

კულტურის მინისტრი დღეს შეხვდა როტშილდის ფონდის წარმომადგენლებს, სოფი ჰირთსა და ჯეკ ლოჰმანს, რომელთა ვიზიტის ძირითადი მიზანია, გაეცნონ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობას. როტშილდის ფონდის აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის პირველ პრეცედენტს წარმოადგენს.

 

“ნასიამოვნები ვართ ეროვნული მუზეუმის პოლიტიკის გაცნობით, რომელიც არის მყარი ხედვის მქონე და გვსურს, მას მხარი დავუჭიროთ”, – განაცხადა ჯეკ ლოჰმანმა.

 

ქართველი ებრაელების ისტორიის ამსახველი კოლექციები მოიცავს ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ძველ სამოსს, ქსოვილებს, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთებს. კულტურის სამინისტროს ცნობით, 2006 წლიდან საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელა ებრაული კოლექციების ამსახველი ხუთი დროებითი გამოფენა და გამოსცა ოთხი კატალოგი.

შეხვედრა როტშილდის ფონდის წარმომადგენლებთან კულტურის სამინისტროში. 2014 წლის 16 ივნისი
შეხვედრა როტშილდის ფონდის წარმომადგენლებთან კულტურის სამინისტროში. 2014 წლის 16 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი