ახალი ამბები

უშგულის ლამარიას ძველი კარი რესტავრაციის მიზნით არის ჩამოხსნილი – სააგენტო

8 აგვისტო, 2019 • 1444
უშგულის ლამარიას ძველი კარი რესტავრაციის მიზნით არის ჩამოხსნილი – სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს თქმით, უშგულის ლამარიას კარი უკვე თითქმის 3 წელია, რაც რესტავრაციას ელოდება, რესტავრაციამდე კი მის ნაცვლად რკინის კარია ჩადგმული.

სააგენტოში ამბობენ, რომ კარი დაახლოებით 3 წლის წინ ჩამოხსნეს, როდესაც აღმოჩნდა, რომ ფიცარნაგი, რომელიც კარს იჭერდა, მათ შორის, დიდთოვლობის დროს, დაზიანდა. მათივე განმარტებით, სააგენტოს საზედამხედველო დეპარტამენტმა ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ იცის და კარი უნებართვოდ არ ჩამოუხსნიათ.

უწყება ამბობს, რომ ტაძრის, რომელიც მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, ძველი კარი რესტრავრაციამდე ეკლესიაში ინახება, ხოლო სარეაბილიტაციო პროექტი უკვე დაგეგმვის ფაზაშია.

ლამარიას ისტორიული კარის ნაცვლად დაკიდული ახალი რკინის კარის ფოტოები დღეს ერთ-ერთმა მოქალაქემ ფეისბუკით გაავრცელა.

მთავარი ფოტო: უშგულის ლამარიას კარი/ლელა ნიჟარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი