ხელოვნება

თბილისის სტუდენტური კინოფესტივალი 3 ივნისს გაიხსნება

2 ივნისი, 2014 • • 998
თბილისის სტუდენტური კინოფესტივალი 3 ივნისს გაიხსნება

კინოფესტივალზე აჩვენებენ 2013 წლის გამარჯვებულს, გრან-პრის მფლობელ ფილმს „გზაგასაყარზე“ (რეჟისორი ზურაბ დემეტრეშვილი).

 

კინომცოდნე ირინა დემეტრაძის ხელმძღვანელობით პროფესიონალთა ჯგუფმა 300-ზე მეტი წარმოდგენილი ფილმიდან ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 50 შეარჩია. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 23 ქვეყნის კინოსკოლა: ფინეთი, გერმანია, ბელგია, ისრაელი, დანია, ბრიტანეთი, კოლუმბია, უკრაინა, რუსეთი, მაროკო, ჩეხეთი,ფილიპინები, სლოვაკეთი, ავსტრია, თურქეთი, ესპანეთი, ინდოეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ბრაზილია, ვიეტნამი,საბერძნეთი და საქართველო.

 

ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიში შედიან სხვადასხვა კინოსკოლის წარმომადგენლები: ბალტიის ზღვის კინოსკოლის (ესტონეთი) პროფესორი დირკ ჰოიერი, ბელგიის აუდიოვიზუალური და პერფორმაციული ხელოვნების სკოლის პროფესორი ბერტ ბეიენსი, ევრიმაჟის საბჭოს წევრი სუზანა გინდლ-ტატაროვა, რომან შირმანი – უკრაინის კინოკავშირის გენერალური მდივანი, შაჰარ როზენი – იერუსალიმის სემ შპიგელის კინოსა და ტელევიზიის სკოლის პროფესორი. ჟიურის ყველა წევრი მოაწყობს მასტერკლასს ან საინფორმაციო შეხვედრას.

 

სტუდენტური კინოფესტივალი ამირანი
სტუდენტური კინოფესტივალი ამირანი

ჟიურის წევრების შეფასებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო მხატვრული,დოკუმენტური, ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმი და დასახელდება ფესტივალის გრან-პრის მფლობელი. ასევე, გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რასაც სტუდენტები ეუფლებიან მსოფლიოს კინოსკოლებში: რეჟისურა, ხმა, მონტაჟი და ოპერატორის ნამუშევარი.

 

5 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კინოგანათლების საკითხების განსახილველად წელს პირველად მოეწყობა „მრგვალი მაგიდა“, სადაც მოწვეულია 15 ევროპული და რეგიონული კინოსკოლა.

 

კინოფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, თბილისში შეიქმნება საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც თანამშრომლობის მემორანდუმით გააერთიანებს რამდენიმე უნივერსიტეტს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს, თურქეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, შვედეთის, ისრაელის, რუმინეთის, ბელგიის, ბულგარეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის წამყვანი კინოსკოლების რექტორები, კინოფაკულტეტის დეკანები და პროფესორები.

 

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ფესტივალს დაესწრება ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი ფილმების 20 ავტორი. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში, გაიცნობენ ქართველ კოლეგებს და ითანამშრომლებენ მათთან „უწყვეტი კადრის“ უორკშოფში.

 

ფესტივალის პარალელურად გადაღებული რამდენიმე კოპროდუქცია ნაჩვენები იქნება ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 7 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ეზოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი