ხელოვნება

თბილისის ფოტოფესტივალი – მაისიდან სექტემბრამდე

28 მაისი, 2014 •
თბილისის ფოტოფესტივალი – მაისიდან სექტემბრამდე

ფოტოფესტივალი 29 მაისს, 19:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმში გამოფენით “ნამდვილი სამყარო” გაიხსნება, რომელიც ბრიტანელი ფოტოგრაფის, ფოტოსააგენტო „Magnum Photo“-ს წევრისა და პრეზიდენტის, მარტინ პარისა და ლიტველი ფოტოგრაფის – რიმალდას ვიკსრაიტის ერთობლივი პროექტია.

 

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი თინა ლაღიძე ამბობს, რომ რიმალდას ვიკსრაიტის ფოტოსერია ასახავს ლიტვის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრებას, რომელიც “საკმაოდ მძიმე სურათს” წარმოადგენს.

 

თბილისის ფოტოფესტივალი 2014
თბილისის ფოტოფესტივალი 2014

ბრიტანელ მარტინ პარის ფოტოსერია კი დათმობილი აქვს ტურისტების დასვენების ამსახველ ფოტოებს, რომელიც მან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა დასასვენებელ ადგილას გადაიღო. გამოფენის ორივე ნაწილი მთლიანობაში აღწერს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას, რადგან ორივე ფოტოსერია რეალურ სამყაროს ასახავს, ამბობს თინა ლაღიძე:

 

“მარტინ პარი ძალიან ირონიულია, ბრიტანულ სულისკვეთებაშია გაკეთებული ეს სერია, ხოლო რიმალდას ვიკსრაიტისი -მძაფრ, მძიმე ყოფის ამსახველ ფორმატში”.

 

ერთობლივი გამოფენა “ნამდვილი სამყარო” 14 ივნისამდე გაგრძელდება ლიტერატურის მუზეუმში.

 

ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნესტან ნიჟარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს, რათა ისინიც ჩაერთონ ფოტოგრაფიაში.

 

ფოტოფესტივალის სოციალური პროექტის ეგიდით, 30, 31 მაისს და 1 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჩატარდება ფოტოვორქშოფები, სადაც ისინი ფოტოგრაფიის საფუძვლებს თეორიულად და პრაქტიკულად შეისწავლიან.

 

ვორქშოფს გაუძღვება ლიტველი ფოტოგრაფი რიმალდას ვიკსრაიტისი. პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები გახდება ნაწილი დოკუმენტური ფილმისა, რომელიც  ვორქშოფის მიმდინარეობის 3 დღეს აღბეჭდავს. ფილმს თბილისის ფოტოფესტივალისა და “რადიო თავისუფლების” პარტნიორობით გადაიღებენ.

 

რიმალდას ვიკსრაიტისი ლიტველი ფოტოგრაფია, რომელიც 1971 წლიდან მუშაობს საავტორო ფოტოგრაფიაში. საერთაშორისო აღიარება 2008 წელს მოიპოვა, როდესაც მარტინ პარმა – ცნობილმა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა მისი ნამუშევრები აღმოაჩინა და ფოტოგრაფიის პრესტიჟულ ჯილდოზე წარადგინა.

 

2009 წელს თანამედროვე ფოტოგრაფიის წრეებში სრულიად უცნობი ლიტველი ფოტოგრაფი არლის ფესტივალის (საფრანგეთი) სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.

 

ფოტოვორქშოფებში ჩაერთვება სპეციალური საჭიროებების მქონე 20-მდე პირი, რომლებსაც შეუძლიათ ფოტოს გადაღება და ფოტოგრაფიის საფუძვლების დაუფლება. თინა ლაღიძის თქმით, ფოტოფესტივალმა მიმართა ათამდე გაერთიანებას, რომელიც მუშაობს სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებთან, ხოლო მათ შერჩეულ მონაწილეთა ნუსხა მიაწოდეს.

 

ვორქშოფის ფარგლებში, თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების გარდა, დაგეგმილია მოგზაურობა აღმოსავლეთ საქართველოში, გასეირნება და გადაღება ძველ თბილისში, ვიზიტები გამოფენებსა და კინოგადაღებებზე.  

 

ფოტოფესტივალის სოციალური პროექტის ეგიდით, ეტლით მოსარგებლეთათვის ლიტერატურის მუზეუმის ცენტრალურ შესასვლელთან იგეგმება პანდუსის დამონტაჟება.

 

თბილისის ფოტოფესტივალი 2014
თბილისის ფოტოფესტივალი 2014

Tbilisi Photo Festival 2014-ის ღონისძიებები ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით გაიმართება თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

 

ნესტან ნიჟარაძის თქმით, “ფოტოგრაფიის ღამე”, რომელიც არლის ფოტოფესტივალის თანამშრომლობით იმართება, ფოტოფესტივალის ფარგლებში წელს სექტემბრის ბოლო კვირაში ჩატარდება.

 

“ფოტოგრაფიის ღამეს” ძველი თბილისის სხვადასხვა ნაწლში ღია ცის ქვეშ მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელზე გამოფენილი ფოტოებიც მოიცავს არლის ფოტოფესტივალის პროგრამაში შერჩეულ ფოტოებსაც. მათ გვერდით შეირჩევა ქართველი ფოტოგრაფების გადაღებული ფოტოებიც, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბებს ასახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი