ხელოვნება

კლასობანა

8 თებერვალი, 2014 • 9892
კლასობანა

 

 

 

უცნაური სტრუქტურა აქვს „კლასობანას“  –  ხან ბოლოში უნდა გადახტე, ხან შუიდან უნდა წაიკითხო. შეგიძლია, მიჰყვე და სწორხაზოვნად ჩაერთო თამაშში, მაგრამ საბოლოოდ ისეთი აზარტული და საინტერესო აღარ გამოდის. ერთი შეხედვით, სრული ქაოსია ამ წიგნში, მაგრამ მაინცადამაინც ნუ ეცდებით საღი აზრის მოხმობას და ისე წაკითხვას –  „კლასობანა“ მთლიანად ემოციების წიგნია და საღ აზრს აქ არაფერი ესაქმება.

 

 

ხეტიალის და ოდისეების წიგნია „კლასობანა“. კითხვისას თითქოს მოჯადოებულ წრეში ხარ. ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ მკითხველმა თავი წიგნის გმირად იგრძნოს. ეს შენ ხარ, მკითხველი ხარ, ვინც პარიზის ქუჩებში დაეხეტება, ვინც გაყინული კაფეში შედის გასათბობად, ვინც სიგარეტს სიგარეტზე ეწევა, ვინც ორაზროვან დიალოგებში ერთვება. მაგაც ხარ, ორასიოც, პოლაც, ხეკრეპტენიც, ტალიტაც და გრეგოროვიუსიც, უცნაური, მარტოსული ადამიანების მთელი ჯარი, პარიზშიც ხარ და არგენტინაშიც, უსაზღვრო და ყოვლისშემძლე ხარ…

 

 

წიგნი სავსეა განწყობებით, მეტაფორებით, უცნაური ნივთებით, სიტყვებით და მუსიკით. მუსიკა ისმის ყველა ფურცლიდან. გმირები ერთმანეთშიც კლასობანას თამაშობენ _ ხან უახლოვდებიან ერთმანეთს, ხან გაურბიან, ზოგი მიდის ბოლო უჯრედამდე, ზოგი მალევე ყრის ფარ-ხმალს. მთავარი ხაზი ორასიო ოლივეირასია – კაცის, რომელიც საკუთარი თავის საპოვნელად არგენტინიდან საფრანგეთში ჩამოიყვანა უცნაურმა განწყობამ, მარტოობამ, ლექსებმა და დაუკმაყოფილებელმა სურვილებმა.

 

 

ფურცლები ბოჰემური განწყობითაა სავსე – თითქოს არაფერი ხდება, სვამენ, ხმამაღლა მღერიან, უამრავს ეწევიან, სექსით ირთობენ თავს, მაგრამ მაშინაც კი, როცა წიგნის გმირები იცინიან, მათი სიცილი ძალიან, ძალიან სევდიანია. მაშინაც კი, როცა ერთად არიან, მაინც ყველა მარტოა. ემეგობრებიან ერთმანეთს და მაინც საკუთარ ნაჭუჭში არიან გამოკეტილები. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი ძალიან ბევრს იმსახურებდნენ და არც ერთ მათგანს ოცნებები არ აუხდა. შეიძლება, თავად არ მოისურვეს ახდენა, მაგრამ ყველას ტანჯავს თავიანთი არარეალიზებული სურვილები, ამიტომაც დაეხეტებიან ასე გზააბნეულები, ამიტომ გადადიან კაფედან კაფეში, ამიტომაც სვამენ ამდენს.

 

 

ტრაგედიაც კი „კლასობანაში“ ისე ხდება, როგორც თამაშში – სპექტაკლივით. ტრაგედიის ყველა მონაწილე, მიუხედავად უშუალო შეხებისა, შორიდან იყურება, პარტერიდან. სცენაზე დგანან, მაგრამ თითქოს მათ თავს არაფერი ხდება, თითქოს ისევ ერთი სული აქვთ, თავიანთ ფირფიტებს და ამოჩემებულ ქუჩებს დაუბრუნდნენ.

 

 

წიგნის შინაარსის მოყოლა შეუძლებელია, არც არაფერია მოსაყოლი. მხოლოდ თამაშია ყველაფერი – ხტომა ერთი ამბიდან მეორეზე, საგაზეთო სტატიიდან ამაღელვებელ მონოლოგზე, პარიზიდან არგენტინაზე, წაღმა და უკუღმა. მოსაყოლი მხოლოდ ცალკეული ფრაზებია – სიტყვები, რომლებიც ტვინში სოლივით ესობა და მაშინვე ფიქრობ, რომ კორტასარი შენც გიცნობდა, აი, ეს შენზე დაწერა. სახეებია კაშკაშა და დასამახსოვრებელი, რთული ხასიათებით, ადამიანური შეცდომებით. უგუნურება იქნება წიგნის გაანალიზება – აქ მხოლოდ ემოციები ბატონობს, გმირებს მხოლოდ გრძნობები აკავშირებს, ისინი იმპულსებს ემორჩილებიან და იდუმალ ხმებს მისდევენ –  ლოგიკა არაფერ შუაშია.

 

 

თამაშში დაკარგულებისთვის წიგნში სქემაცაა, ერთგვარი წაკითხვის წესი, ინსტრუქცია, როგორ უნდა აეწყოს ჯაჭვი. მოგეწონებათ თუ არა, განწყობის ამბავია. როგორც ორასიო ამბობს, მაინც „ყველაფერი დოზაზეა დამოკიდებული, ჩე.“

 

გაზეთ „ბათუმელების” რუბრიკიდან. 


ხულიო კორტასარი
ხულიო კორტასარი

მასალების გადაბეჭდვის წესი