კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის სურვილი წელს 150-მა მუსიკოსმა გამოთქვა თხუთმეტზე მეტი ქვეყნიდან. საბოლოოდ, შესარჩევი მოსმენის შემდეგ, აუდიოჩანაწერის მომსენის შემდეგ, კონკურსზე დაუშვეს 40 პიანისტი. საქართველოდან 8 კონკურსანტი იღებს მონაწილეობას.
პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო ფესტივალი 1-დან 14 ოქტომბრამდე გაიმართება. გახსნის დღეს, 1 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ცნობილი იტალიელი პიანისტის, კონკურსის ჟიურის წევრის ალბერტო ნოზეს კონცერტი გაიმართება.
პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსი 4 ტურად ჩატარდება. საკონკურსო ტურების მოსმენა 2-დან 13 ოქტომბრამდე გაიმართება. კონკურსი 14 ოქტომბერს დაიხურება.
კონკურსს ექვსი გამარჯვებული ეყოლება, რომელთათვის განკუთვნილი საპრიზო ფონდის საერთო რაოდენობა 44 ათასი აშშ დოლარია: გრან-პრი 15, 000 აშშ დოლარი, I პრემია -10, 000 აშშ დოლარი, II პრემია- 7, 000 აშშ დოლარი, III პრემია – 5, 000 აშშ დოლარი, IV პრემია- 4, 000 აშშ დოლარი, V პრემია -3, 000 აშშ დოლარი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი 1997 წლიდან საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. მეორე კონკურსის ჩატარების შემდეგ (2002წ.) პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი მსოფლიო მუსიკალური კონკურსების ფედერაციაში გააწევრიანეს.
“პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დიდ აღიარებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ყოველ კონკურსზე შემოდის 200-მდე განაცხადი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. მასში მონაწილეობა და გამარჯვება დიდი სტიმულია ახალგაზრდა შემსრულებელთათვის. კონკურსის ორგანიზატორები გამარჯვებულებს საკონცერტო ანგაჟემენტებს უწყობენ ცნობილ ფესტივალებსა და საკონცერტო დარბაზებში,”- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
კონკურსის ორგანზატორია “საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”.







