Fest i nova

Fest i Nova’13 -„უხილავი დინებები“ უმეტესად ახალგაზრდა მხატვრების ფორუმია, სადაც ჰიბრიდული ობიექტები გამოიფინება. ფესტივალი 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

 

არტისტები მრავალფეროვანი კონცეფციითა და ესთეტიკით წარმოაჩენენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა დიზაინის სიმყარე, ჩვენი დამოკიდებულება მანქანებსა და ტექნოლოგიასთან, ბგერისა და პოეტური ხედვის შერწყმა.

 

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ ფრანგი ახალგაზრდები,  კანის „ვილა არსონიდან“ ჯგუფში CULBUTO გაერთიანდნენ, რაც არასტაბილური წონასწორობის იდეას განასახიერებს. ისინი მიწიდან იღებენ ხეს, ხდიან მოძრავს (ხე ბეტონის მოედანზე მოძრაობს) და, რაც მთვარია, მას სიცოცხლეს უნარჩუნებენ. CULBUTO ჯგუფის გარდა, ფესტივალის ფრანგული პროექტის მონაწილეები დომინიკ ფიური და გელა წულაძე არიან.

 

70-იანი წლების პარიზის “მოჯანყე” არტისტების ჯგუფ „ბაზუკას“ (The Bazooka) წევრი დომინიკ ფიური თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას – ალისას წარმოდგენს. ლუის კეროლის აბსურდის ჟანრის ზღაპარი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ფიურისთვის ერთგვარი გასაღებია, რომლითაც ახალი შესაძლებლობებისთვის იხსნება კარი.

 

„სარკის მიღმა სამყარო უხილავია. შემოქმედების მსგავსად, ის ჩვენს აღქმას ცვლის და შეუცნობლისკენ მივყავართ. ალისა ეს მე ვარ გარიყულაში, ჩემი ხელოვნებითა და ცხოვრების სტილით, სარკეებს მიღმა ვმოგზაურობ და წარსულიდან მომავლისკენ მივდივარ. გარიყულაში ჩამოსვლით ჩემი წარსული გაცოცხლდა, როცა სამოცდაათიან წლებში გარიყულას მსგავსი ექსპერიმენტული არტისტული კომუნა ჩამოვაყალიბე საფრანგეთში,“- აცხადებს ფიური.

 

წლევანდელ ფესტივალზე პირვალად გაიხსნება ამერიკული პავილიონი DADABITI, რომლის კურატორია ლოს ანჟელესში მცხოვრები ქართველი არტისტი ნანა ჩიჩუა.

 

პავილიონში წარმოდგენილი მხატვრები: ნანა ჩიჩუა, ტრევის უეიდ აივი, ლევერ რუხინი, ტრისტან დიუკი, ლორელაინ კონიგი, მარკუს ბეუტერი –  გაერთიანებულნი არიან ლოს ანჟელესის ე.წ. „იურული ტექნოლოგიების მუზეუმში“, (Museum of Jurassic Technologies) რომელიც აგრეთვე ცნობილია სახელწოდებით „სასარგებლო ინფორმაციის გავრცელების საზოგადოება“(The Society for the Diffusion of Useful Information).

 

ფესტივალში მონაწილეობს 15-მდე  ქართველი არტისტი, რომლებიც დამთვალიერებლის წინაშე სხვადასხვა ფორმატის ნამუშევრებით წარდგებიან.

 

სასახლე სოფელ გარიყულაში, სადაც არტ-ვილა ჩამოყალიბდა, 1885 წელს პოლონური წარმოშობის სამოქალაქო ინჟინერმა ვასილი ბოლგარსკიმ თავისი ოჯახის საზაფხულო რეზიდენციისთვის ააგო. გასაბჭოების შემდგომ სასახლის მფლობელები გააკულაკეს, ვასილი ბოლგარსკი დახვრიტეს.  შენობა ჯერ ბავშთა სახლს გადასცეს, შემდგომ კი – სამხატვრო აკადემიას.

 

ბოლგარსკიაანთ სასახლეში, მხატვარ ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, 2000 წელს  შექმნილი არტისტთა კომუნა სიახლე იყო ქართული რეალობისთვის. მას შემდეგ არტ – ვილა გარიყულა ქართველი და უცხოელი ხელოვანების შეხვედრის ადგილად გადაიქცა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *