ხელოვნება

მარგიშვილი: კულტურის საინვესტიციო ფონდის საშუალებით სამინისტრო ბიუჯეტსაც შეივსებს

20 აგვისტო, 2013 • 1319
მარგიშვილი: კულტურის საინვესტიციო ფონდის საშუალებით სამინისტრო ბიუჯეტსაც შეივსებს

კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენიციაზე კულტურის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე მარგიშვილმა სახელმწიფოს მიერ 2012 წლის დეკემბერში შემუშავებული კულტურის სფეროს მდგრადობის განვითარების საინვესტიციო ფონდის შექმნის კონცეფცია წარადგინა. 

 

ფონდის ძირითადი მიზნები მინისტრის მოადგილემ ასე განმარტა:

კულტურულ პროექტებში ინვესტირების გაზრდა, კომპანიების კაპიტალდაბანდებებისა და “სპონსორინგის” სტიმულირება, ხელოვანების შემოსავლების სტაბილურობის ზრდის ხელშეწყობა, ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო თანხების მოძიება. 

 

“კულტურა ქვეყნის სულიერი, ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი განვითარების მამოძრავებელი ძალა და განუყოფელი ნაწილია. ეკონომიკა კულტურის ნაწილია, ხოლო კულტურა – ეკონომიკის. ამ ორი სფეროს გამიჯვნა მიზანშეუწონელიც არის და უტოპიურიც,”- განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა. 

 

მარგიშვილის თქმით, იმისათვის, რათა ფონდის ფუნქციონირება არ ყოფილიყო შეზღუდული ერთჯერადი მოკლევადიანი პროექტების მხარდაჭერით, გადავწყვიტეთ დაგვესახა პროექტების შერჩევის დამატებითი კრიტერიუმი -ეკონომიკური კომპონენტი. ფონდი შეარჩევს როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური თვალსაზირსით მდგრად პროექტებს და მათი განხორციელებით მიღებული შემოსავლებით ახალ პროექტებს დააფინანსებს. 

  

მინისტრის მოადგილის თქმით, 2016 წლის მეორე ნახევრიდან საინვესტიციო ფონდს აღარ დასჭირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების მოზიდვა. მას თავად ექნება მისთვის საჭირო თანხების გაცემის საშუალება. მარგიშვილი განმარტავს, რომ სამინისტროს არ აქვს მოგებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსების უფლება, ხოლო ფონდს ამის საშუალება ექნება. 

 

ფონდი არ იქნება ერთი დამფინანსებელი, იგი თანადაფინანსებით დაუჭერს მხარს პროექტებს. ფონდს ეყოლება საბჭო, რომელიც პროექტებს შეარჩევს. შერჩეული პროექტები გადმოიგზავნება კულტურის სამინისტროში და სამინისტროში არსებული საბჭო განიხილავს ამ პროექტებს. მინისტრი გადაწყვეტს, რომელი პროექტი დააფინანსოს. 

 

ჩვენს შეკითხვაზე, დააფინანსებს თუ არა სამინისტრო ისეთ კომერციულად მომგებიან პროექტს, როგორიც, ვთქვათ, ლალი მოროშკინას წიგნი “მე, პრეზიდენტი და ჩემპიონი” იყო, კულტურის მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა:

“ვფიქრობ, რომ პროექტი, სადაც არ იქნება სინთეზი კულტურულ ღირებულებასა და ეკონომიკურ ღირებულებას შორის, არ დაფინანსდება. ყველა პროექტი იქნება აწონილ-დაწონილი ამ ორი მიმართულებით.”

 

“კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდი” 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყბს ფუნქციონირებას. მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 3 მილიონი ლარია. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი