ხელოვნება

საკანონმდებლო ინიციატივა კულტურაში ქველმოქმედების სტიმულირებისთვის

16 ივლისი, 2013 • 1910
საკანონმდებლო ინიციატივა კულტურაში ქველმოქმედების სტიმულირებისთვის

“ქველმოქმედების შესახებ კანონი ერთ–ერთი მთავარი ინსტრუმენტია კულტურის სფეროს დაფინანსების ალტერნატიული გზების ძიების პროცესში,” – ამბობს ალექსანდრე მარგიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე.


დღესდღეობით კულტურის სფეროს დაფინანსების სამი ძირითადი გზა არსებობს: სახელმწიფოს, კორპორაციებისა და თვითდაფინანსება.

 

“სამივე კუთხით შეჭირვებული მდგომარეობაა. მოგესხენებათ, რომ საქართველოს ბიუჯეტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ისეთი მასშტაბით დაფინანსდეს კულტურა, როგორც ჩვენ გვსურს,”– ამბობს ალექსანდრე მარგიშვილი.

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის სამინისტროსთვის 80 მილიონი ლარია გამოყოფილი. მარგიშვილის თქმით, ამ თანხიდან მხოლოდ 20 მილიონ ლარს ანაწილებს სამინისტრო მისი პრიორიტეტების მიხედვით.

კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ნაწილი – 56 მილიონი ლარი, სამინისტროს ასიგნებებია. მინისტრის მოადგილის თქმით, ეს თანხა იმთავითვე სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვისაა (ძირითადად – სსიპ-ები) განკუთვნილი და ისინი სამინისტროსგან დამოუკიდებლად განკარგავენ ამ თანხას.

მარგიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ კორპორაციული დაფინანსება გარკვეულ “შეფერხებებს” აწყდება. ამ სირთულეს უპირველესად საკანონმდებლო ბაზა განაპირობებს, რომელიც კორპორაციების მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებულ თანხას ხარჯად მიიჩნევს და ჩვეულებრივ იბეგრება.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქველმოქმედება არამომგებიანი საქმიანობაა. ამავე კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა.

 

ქველმოქმედი ორგანიზაციისთვის არსებობს სტატუსი, რომელსაც ის ორგანიზაცია იღებს, რომლის შემოსავალი ქველმოქმედებისთვის იხარჯება. არსებული კანონმდებლობით, სამეწარმეო ორგანიზაციები ქველმოქმედი ორგანიზაციის სტატუსს ვერ მიიღებენ.

 

ქველმოქმედების განსახორციელებლად კორპორაციები საქველმოქმედო ორგანიზაციებს აარსებენ. მათ მიერ გაღებული თანხის დაქვითვის წესს საგადასახადო კოდექსის 117–ე მუხლი აწესებს:

 

“ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხა, მაგრამ არაუმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ მუხლით გათვალისწინებული გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტისა.”

პოლიტიკა, რომელსაც კულტურის სამინისტრო იმუშავებს, კორპორაციებს კულტურის სფეროს პირდაპირ, საქველმოქმედო ასოციაციების გარეშე, დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს. კომპანიებს შეეძლებათ თავად გახდნენ ქველმოქმედი ორგანიზაციები და სპეციალური საქველმოქმედო ასოციაციების გარეშე დააფინანსონ კულტურის სფერო.

 

“ეს იქნება პირდაპირი ტიპის მხარდაჭერა და არ დაჭირდება მესამე პირთან ურთიერთობა ქველმოქმედს,” – ამბობს მარგიშვილი.

 

მისივე თქმით, სამინისტროს სურს უფრო მეტი შეღავათი დაუწესოს ქველმოქმედ ორგანიზაციებს. კორპორაციებს თავად შეეძლებათ აირჩიონ სფერო, რომელსაც დაააფინანსებენ. თუ კორპორაცია თაღლითობაში იქნება შემჩნეული, შესაძლოა, მას არ მისცენ ქველმოქმედი ორგანიზაციის სტატუსი.

ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ქველმოქმედების შესახებ კანონის მიღებისას მთავარი ორი რამ არის: არ მოხდეს შავი ფულის გათეთრება და სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაზარალდეს იმით, რომ “ყველა ორგანიზაცია ქველმოქმედად გადაიქცეს.”

 

ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს აქვს  პრინციპული პოზიცია ორ საკითხში – რომ არ მოხდეს არაკანონიერი გზით მიღებული თანხების გათეთრება და სახელმწიფო ბიუჯეტი არ შემცირდეს.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, კორპორაციული დაფინანსების ზრდა ხომ არ გამოიწვევს კულტურის სამინისტროსთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირებას? – მარგიშვილი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ, 3–4 წელიწადში ასეთი რამ მოხდეს.  

 

მაშინ რა აზრი აქვს სახელმწიფო დაფინანსების კორპორაციების მიერ დაფინანსების ჩანაცვლებას? – ამ კითხვაზე მინისტრის მოადგილის პასუხი ასეთია:

 

“ვთქვათ, 2018 წელს ჩვენ რაშიც უნდა დაგვეხარჯა 20 მილიონი პროგრამულად, მაგის მსგავს მიმართულებებზე კორპორაციები დახარჯავენ 50 მილიონ ლარს, ჩვენ შევძლებთ, რომ 20 მილიონის ნაცვლად 10 დავხარჯოთ.”

 

ქველმოქმედების კანონის საკითხებზე კულტურის სამინისტროში მრგვალი მაგიდა რამდენჯერმე გაიმართა. დისკუსიაში იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მუშაკები და სპეციალისტები არიან ჩართული. სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში მონაწილებდა ქალთა ფონდი “ტასო”, რომელმაც მოამზადა “ქველმოქმედების, ფილანთროპიისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე შესულია. 

 

ფონდის გენერალური დირექტორის მარინა თაბუკაშვილის თქმით, კულტურის სამინისტროს შესთავაზეს მათ მიერ შექმნილი კანონპროექტის გამოყენება და უკვე დამუშავებულ პროექტში მათთვის სასურველი შენიშვნების ჩამატება.

 

 

თაბუკაშვილის თქმით, მისი და მისი კოლეგების მიერ შემუშავებულ კანონპროექტში დაწესებულია შეღავათები არა მარტო კულტურისა და ხელოვნების, არამედ განათლების, მეცნიერების სფეროების დაფინანსებისთვის. თაბუკაშვილის თქმით, დამფინანსებელი თავად აარჩევს, რომელი სფრო დაააფინანსოს, თუმცა კულტურის სამინისტროს ინიციატივა მხოლოდ კულტურის სფეროს დაფინანსებას ეხება.

 

“როგორც კულტურის სამინისტრო, ძალიან ლოგიკურია, რომ ამას აკეთებს, მაგრამ ჩვენ გვქონდა ცოტა უფრო ფართო მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. ის, რომ შევიტანეთ კულტურის სფერო, განათლება და მეცნიერება, ვფიქრობ, რომ კარგია,” – ამბობს მარინა თაბუკაშვილი.

 

მას მიაჩნია, რომ ქველმოქმედებაში დახარჯული ფული, “ეს არის ქვეყნის განვითარებაში ჩადებული ფული”, რადგან ეს თანხა იმ მოვალეობების შესრულებისთვის იხარჯება, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული.

 

“თიბისი ბანკს” საქველმოქმედო ფონდი ხუთი წელია აქვს. “თიბისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი მაია ძირკველიშვილი ამბობს, რომ კულტურულ პროექტებს უშუალოდ ბანკი ახორციელებს, ხოლო საქველმოქმედო ფონდი – სხვადასხვა ორგანიზაციებს ან ადამიანებს ეხმარება.

“კულტურის დაფინანსება (მეცენატობა) ხდება უშუალოდ ბანკის მხრიდან პირდაპირ, საქველმოქმედო ფონდი აქ არ ფიგურირებს. ჯაზფესტივალს დავაფინანსებთ, თუ ლიტერატურულ კონკურსს გავმართავთ, ამ ყველაფერს ბანკი ფარავს.”

 

ძირკველიშვილის თქმით, ქველმოქმედების შესახებ კანონის მიღება ბიზნესისთვის სასარგებლო იქნება. მას მიაჩნია, რომ თუკი ქველმოქმედებასა და მეცენატობაზე დახარჯული თანხები გაიზრდება, ბიზნესს მეტ სტიმულსა და მეტის გაკეთების საშუალებას მისცემს.


მთავარია, როგორ შეღავათებს დაუწესებს სახელმწიფო ქველმოქმედების მსურველ ორგანიზაციებსა და პიროვნებებს. ეს საკითხი სექტემბერში დაზუსტდება, როდესაც კანონპროექტის ტექსტი დაიდება.  

 

“რომ ვიცოდეთ ის, თუ როგორი შეღავათები ექნებათ კორპორაციებს და როგორი არა, მაშინ მუშაობაც დასრულებული იქნებოდა,”– ამბობს მარგიშვილი.

 

კანონდებლობის ამოქმედება 2014 წლის შუა თვეებში იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი