ხელოვნება

წერილები ციხიდან

2 ივნისი, 2013 • 2354
წერილები ციხიდან

 

 

მანუჩარ მეგრელიშვილი
მანუჩარ მეგრელიშვილი

 

ამ „წერილით“, რომელიც ნამდვილი წერილიდან ამოკრებილი ფრაგმენტებისგან შედგება, მანუჩარ მეგრელიშვილი ლიტერატურულ კონკურს „ასი სიტყვის“ გამარჯვებული გახდა. მანუჩარის „შემოქმედება“ ასეულობით წერილს ითვლის, რომლებსაც ციხიდან მეგობრებს და ახლობლებს უგზავნიდა. გამარჯვებული წერილიც გზავნილია ერთ-ერთი მეგობრისადმი.

 

 

„მეგობარმა მითხრა, კონკურსია რაღაც და შენი სახელით გავაგზავნი ამ კონკურსზე შენს წერილსო. მეც დავთანხმდი. წერილის ავტორი მე ვარ, ადრესატი – შოთა გუჯაბიძე, ჩემი მესამე მეგობარი, ალეკო გარდაიცვალა, მაშინ როდესაც მე ციხეში ვიყავი“, – ამბობს მანუჩარი.

 

 

15 წლის წინ, როცა ციხეში მოხვდა, წერილები მისთვის გარესამყაროსთან დაკავშირების  ერთადერთი საშუალება გახდა.

 

 

„ჩხუბში მოვხვდი. მკვლელობა მოხდა.  ვიჯექი 15 წელი. 1997 წელს დამაპატიმრეს. სანამ ციხეში მოვხვდებოდი, მანამდე არც არაფერს ვაკეთებდი. 21 წლის ვიყავი, ციხეში რომ მოვხვდი, 37 წლის გამოვედი. წინა საუკუნის ადამიანი ვარ ფაქტობრივად. იქ ყოფნის დროს წერილი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. ერთი წერილის დაწერას საშუალოდ ერთი დღე ვანდომებდი. ბევრს ვწერდი. მეგობრები სწორედ წერილებით შევინარჩუნე. წერილს მაინც სხვა ხიბლი აქვს. ტელეფონში შეიძლება რაღაცები დაგავიწყდეს. წერილი მრავალჯერადია. შემეძლო მეკითხა და მეკითხა,“- ამბობს მანუჩარი.  

 

 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ კომპიუტერის სწავლა დაიწყო. „ახლა ვდგამ პირველ ნაბიჯებსო,“ –  ამბობს. 

 

 

 

„მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს კონკურსი. გამარჯვება ალბათ ყველას უხარია, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული იყო.  არ ვარ მიჩვეული მსგავს რამეს. ცხოვრებაში პირველად გავიმარჯვე რაღაცაში. ახლა ადაპტაციას ვცდილობ და ჩემ თავს ვეუბნები – ცხოვრება გრძელდება,“ –  ამბობს მანუჩარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი