ხელოვნება

თბილისის განვითარების საკითხებზე ბრიტანელი სპეციალისტები ოდიშარიას შეხვდნენ

24 მაისი, 2013 • 1597
თბილისის განვითარების საკითხებზე ბრიტანელი სპეციალისტები ოდიშარიას შეხვდნენ

დღეს, კულტურის სამინისტროში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის „SAVE“-ის დამფუძნებელს მარკუს ბინეის, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლებს კლემენტინ სესილისა და ენტონი გიბს, ასევე „თბილისის მემკვიდრეობის ჯგუფის“ დამფუძნებელს პიტერ ნესმითს, შეხვდნენ.

 

“შეხვედრის მიზანი იყო მთელს მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი, მაგრამ უცნობი ქალაქის დაცვა. იცნობენ პარიზს, ვენეციას, მაგრამ არ იცნობენ ქალაქს, რომელსაც აქვს განმაცვიფრებელი არქიტექტურა. ჩვენ აქ ჩამოვედით თბილისის შესახებ წიგნის შესაქმნელად. ეს იქნება დიდი წიგნში, სადაც უამრავი ფოტოგრაფი იქნება თავმოყრილი. წიგნში იქნება განხილული და აღწერილი თბილისის არქიტექტურა. მომდევნო ხუთი წელი იქნება თბილისის განვითარების წლები, რომლებიც თბილისს საინტერესო ქალაქად აქცევს,”– მარკუს ბინეი.

 

მარკუს ბინეის თქმით, თბილისს აქვს შესანიშნავი არქიტექტურა, რომელშიც შერეულია დიდი მონუმენტები და ვიწრო ქუჩები, სამეზობლოები. თითოეულ ქუჩას აქვს თავისი მახასიათებელი, რაც თბილისის არქიტექტურას საოცარ ხიბლს აძლევს. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ამავდროულად თბილისში ზოგიერთი ძველი შენობა დიდი ხნით უყურადღებოდაა დარჩენილი, რის გამოც ინგრევა ან ზიანდება. მას უკვირს, რომ ზოგიერთი ახალი სამშენებელო პროექტები თბილისის ისტორიულ უბნებში შენდება.

 

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “ბატონი მარკუს ბინეი ძალიან ცნობილი კაცია მთელს ინგლისში. ესენი არიან საქართველოს მეგობრები. მან პირველად შექმნა ორგანიზაცია “გადაარჩინეთ ბრიტანეთი” და შემდეგ “გადაარჩინე ევროპა.” მეორე ორგანიზაციის ეგიდით, ჩამოვიდნენ მეგობრებთან ერთად. კონკრეტულად, მათ აქვთ თეორიულად შესწავლილი და პრაქტიკული წინადადებები თუ როგორ შეინარჩუნონ ევროპულმა ქალაქებმა თავიანთი სული და განვითარდნენ სამომავლოდ თანამედროვე შენობებით, რომლებიც ჰარმონიაში ძველთან.”

 

მინისტრის თქმით, მათ მოიტანეს რამდენიმე წიგნი, რომლის მიხედვით, უნდა განხორციელდეს თბილისის განვითარება. მინისტრმა თქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს რომ ქართველ სპეციალისტებთან ინგლისელმა სტუმრებმა გამართონ შეხვედრები, დისკუსიები და გაუზარიონ თავიანთი გამოცდილება. და მათი ერთობლივი ძალისხმევით თბილისი მსოფლიოსთვის საინტერესო გახდეს.

 

SAVE” საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით ისტორიული ქალაქების შენახვასა და განვითარებაზე ზრუნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი