ხელოვნება

“ქოლგა თბილისი ფოტო 2013”

2 მაისი, 2013 •
“ქოლგა თბილისი ფოტო 2013”

ფოტოკონკურსში “ქოლგა თბილისი 2013” 100 ფოტოგრაფის 450–მდე ფოტოა წარდგენილი, ძირითადად, ევროპის ქვეყნებიდან და აშშ–დან.

 

კონკურსის დასკვნითი ეტაპი 1–12 მაისს იმართება. კონკურსში გამარჯვებულის ვინაობა 12 მაისს, კონკურსის ბოლო დღეს გახდება ცნობილი.

 

10 ათასლარიანი საპრიზო ფონდი ოთხ გამარჯვებულს შორის თანაბრად განაწილდება ოთხ ნომინაციაში: ერთი კადრი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, დოკუმენტური სერია და საუკეთესო რეპორტაჟი.

 

უკვე ცნობილია ალექსანდრე როინაშვილის პრიზით დაჯილდოვებული სპორტული ფოტოკორესპონდენტი ალექსანდრე კოტორაშვილი. ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოების გამოფენას თბილისის, მოსკოვის, პეტერბურგის, იაპონიის, გერმანიის, პოლონეთის საგამოფენო სივრცეები მასპინძლობდნენ. მისი ნამუშევარი “საფეხბურთო ბალეტი” უეფას შტაბ–ბინაში დღესაცაა გამოფენილი.  

“ალექსანდრე კოტორაშვილი საქართველოს სპორტის შესახებ ძალზე საინტერესო ქრონიკის ავტორია და მის ყოველ ნამუშევარში იქმნებოდა თანამონაწილეობის შთაბეჭდილება. ასეთივე განცდა ჰქონდათ მის გმირებს, სპორტსმენებს. მისი შემოქმედება გამორჩეულია განსაკუთრებული გამორჩეულობითა და ოსტატობით,”–ასე ახასიათებს ფოტოგრაფს ლიკა მამაცაშვილი, თბილისის ისტორიის მუზეუმის კურატორი.

 

ფოტოკონკურსის დღეებში იმართება ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენები და ვორკშოფები.

 

“ქოლგა თბილისი 2013” წელს გალერეა ლიჰტბლიკთან თანამშრომლობით მართავს დისკუსიებს, სემინარებსა და ვოკრშოფებს. გალერეის ერთ–ერთი დამფუძნებლები – თინა შელჰორნი და ვოლფგანგ ცურბორნი,  მიმი მოლიკასა და დავით ცხადაძესთან ერთად წლევანდელი ჟიურის წევრები არიან.

“განვითარებისთვის და ზოგადი ცოდნის გაღრმავებისთვის, ცხადია, მნიშვნელოვანია მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებთან მსგავსი ურთიერთობა. მოწვეული 7 ფოტოგრაფი 40 მდე დაინტერესებულ სტუდენტთან ჩაატარებს ვორკშოპს და პორთფოლიო განხილვებს,”– ამბობს ბესიკ ხაინდრავა, “ქოლგა თბილისი ფოტოს” დამფუძნებელი.

 

“ქოლგა თბილისი ფოტოს” ძირითადი დამფინანსებლები არიან: თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თიბისი ბანკი და კომპანია სამსუნგი. ასევე პარტნიორი ორგანიზაციები არიან: კომპანია ფოტოსამყარო, არდი ჯგუფი, რუსთავი 2, მეიდან ჯგუფი და სხვა ორგანიზაციები.

ფოტოკონკურსი “ქოლგა” 2002 წლიდან იმართება. 2012 წლიდან იგი “ქოლგა თბილისი ფოტო 2013”–ად გარდაიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი