თბილისის განვითარების ფონდის წერილის თანახმად, მთელი უძრავი ქონება, რომლის რეაბილიტაციაც ინვესტორს ეკისრებოდა, დაბრუნდა “თბილისის განვითარების ფონდის” საკუთრებაში და სამომავლოდ უკანასკნელი მოახდენს აღნიშნული შენობების რესტავრაციას.
კითხვებით გუდიაშვილის სკვერის რესტავრაციის პროექტის ბედთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” თბილისის მერიას ზუსტად ერთი თვის წინ, 19 მარტს მიმართა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ გუდიაშვილის ინვესტორს Irao Magnat Gudiashvili LLC-ს პროექტიდან გასვლა სურს.
საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის, კულტურის მინისტრის, თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის უფროსის, დავით ავალიანის სახელზე მიწერილი Irao Magnat Gudiashvili LLC–ის წერილი, რომლის ასლიც „ნეტგაზეთმა“ კულტურის სამინისტროსგან გამოითხოვა, გასული წლის 20 დეკემბრით არის დათარიღებული და მასში გუდიაშვილის რეაბილიტაციის ინვესტორი თბილისის განვითარების ფონდთან დაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტას შემდეგი არგუმენტების საფუძველზე ითხოვს.
„აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი (გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია) თავისი მთავარი პარამეტრებით – რომელიც ყველა მთავარი ნაგებობის დანგრევას გულისხმობს – არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა და არც მართული ყოფილა ჩვენ მიერ, არამედ ის თბილისის განვითარების ფონდმა და ქალაქ თბილისის მერიამ ასეთი ფორმით მოგვყიდა“.
ინვესტორის წერილის თანახმად, “ირაო მაგნატი” უკანასკნელი თვეების განმავლობაში მრავალ კომპრომისზე წავიდა, იმის მცდელობით, რომ მოეხდინა ექსპერტთა სხვადასხვა შეხედულებების ინტეგრირება კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.
„ამან კი პროექტის დროის საგრძნობ გახანგრძლივებამდე და პროექტის ეკონომიკური პერსპექტივის დაკარგვამდე მიგვიყვანა…. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში კი პროექტის პირობები შეილახა უკვე მიუღებელ დონემდე,“ – ნათქვამია წერილში.
ინვესტორის თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა და ვერ იღებდა პასუხებს პროექტის შემდგომი განვითარებისთვის ყველაზე გადაუდებელ თხოვნებზე.
წერილში აგრეთვე საუბარია პოლიტიკურ წნეხსა და ლობირებაზე ირაო მაგნატის ადგილობრივი არქიტექტორების წინააღმდეგ:
“მთავრობისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ოფიციალურდ გვიცხადებენ, რომ კონტრაქტით შეთანხმებულ ტექნიკურ პარამეტრებს აღარ ექნება მათი მხარდაჭერა და ჩვენ ვხვდებით, რომ ისინი უკვე შეიცვალა ან იცვლება ჩვენთვის არახელსაყრელად და ჩვენი კონტრაქტის საწინააღმდეგოდ”.
თბილისის მერიასა და გუდიაშვილის ინვესტორს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის ცნობა, რომელიც თბილსისის განვითარების ფონდის ოფიციალურ წერილს ახლავს თან, 2013 წლის 5 მარტით არის დათარიღებული. იგეგმება შეხვედრა კონტრაქტის შეწყვეტის დეტალების განსახილველად. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს ინვესტორის წინაშე ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხიც, თუ ვინ უნდა გაუსტუმროს ინვესტორს პროექტის განსახორციელებლად დახარჯული თანხა და როგორ მოხდება ფინანსური დავის გადაწყვეტა, რის შესახებაც „ნეტგაზეთის“ კითხვებს თბილისის განვითარების ფონდში არ უპასუხეს.
კონტრაქტი გუდიაშვილის რეაბილიტაციაზე „თბილისის განვითარების ფონდსა“ და „Irao Magnat Gudiashvili“-ს შორის არის გაფორმებული. თბილისის განვითარების ფონდი, რომლის კომპეტენციაშიც ახლა, ოფიციალური წერილის თანახმად, „გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი“ გადადის, გასული წლის ოქტომბერში ლიკვიდაციის პირას იდგა, რამაც მძაფრი რეაქცია გამოიწვია, როგორც ფონდის თანამშრომლების, ისე – არასამთავრობო სექტორის მხრიდან. მერია კი ოფიციალურ მიზეზად ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვას ასახელებდა.
კითხვებს, რომლითაც ნეტგაზეთმა თბილისის მერიას მიმართა ოფიციალური წერილით, „თბილისის განვითარების ფონდმა” უპასუხა. თუმცა კითხვები, თუ რა ბედი ეწევა “თბილისის განვითარების ფონდს”, გააგრძელებს თუ არა ის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მუშაობას, თუ გადავა რომელიმე სხვა ორგანოს დაქვემდებარებაში პასუხგაუცემელი რჩება.