ხელოვნება

იშხანთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა ანკარაში 12 აპრილს გაიმართება

10 აპრილი, 2013 • • 1247
იშხანთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა ანკარაში  12 აპრილს გაიმართება

ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. კულტურის სამინისტროს ცნობით, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებები იყო ჩართული.

 

იშხანი
იშხანი

 ინფორმაციას შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს მიერ განხადების გაკეთებას წინ უძღვოდა ბრიფინგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

 

სააგენტოს გერენალური დირექტორის, მერაბ ბოჭოიძის განცხადებთ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები იშხანში გასამგზავრებლად მზად არიან, თუმცა ქართული ჯგუფის გამგზავრებისა თუ სამუშაოების შეჩერების საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზეა გადასაწყვეტი.

 

 “საათობრივ რეჟიმში ველოდებით ახალ და ახალ ინფრომაციას. ჩვენ წასასვლელად მზად ვართ, ველით  თანხმობასა და მზადყოფნას თურქული მხრიდან”,  – ამბობს მერაბ ბოჭოიძე. მისივე თქმით, მათ ჩასვლას უნდა ჰქონდეს აზრი და მანდატი. საჭიროა, იშხანში ჩავიდეს კოლეგა ორგანიზაცია, ან თურქეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და მიღწეულ იქნას შედეგი – შეთანხმება გაფორმდეს რაიმე დოკუმენტის სახით.

 

ბოჭოიძის თქმით, განცხადება  იშხანზე სამუშაოების შეჩერების თხოვნით  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 5 აპრილს, ინფორმაციის მიღებისთანავე გაუგზავნეს. შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა  თურქული საპროექტო ჯგუფიც და დააყენეს სამუშოების შეჩერების საკითხი.

 

 თუმცა იშხანზე სამუშაოების შეჩერება, ბოჭოიძის განცხადებით, რთული საკითხია და ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა:

 

“არსებობს სატენდერო ვალდებულებები, დაინტერესებული კომპანია, საჯარიმო სანქციები და ა.შ. ასე რომ, იქ თუ სახელმწიფო არ ჩაერთო და ზემდგომი ორგანოები, სამუშაოების შეჩერება ცოტა რთული იქნება”.  

 

სააგანტოს გენერალური დირექტორის განცხადებით, იშხანთან დაკავშირებით სიტუაცია სახარბიელო არ არის.  სამუშაოების დროს აღმოჩენილი იატაკის საფარი, რომელიც, სავარაუდოდ, შუა საუკუნეებით თარიღდება, ახლა დიდი საფრთხის ქვეშაა, როგორც მექანიკური, ისე ატმოსფერული დაზიანების.

 

“როგორც კი ეს იატაკი გამოიკვეთა, სამუშაოები მაშინვე უნდა გაჩერებულიყო და მომხდარიყო მისი დაცვა”… “კანონით, შემსრულებელ კომპანიას ზედამხედველის გარეშე მუშაობა საერთოდ არ უნდა დაეწყო”,  – განმარტავს ბოჭოიძე.

 

ახალი ინფორმაციით, რომელიც სააგენტოს იშხანიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ მიაწოდა, იშხანის იატაკზე ისევ დაუყრიათ მიწა საკონსერვაციოდ, ანუ ერთი ნაბიჯი მისი შენარჩუნების მიმართულებით, გიორგი გეგოშიძის თქმით, გადაიდგა.

 

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ღონისძიებებში ჩართვისთვის ქართული მხარე მზად უნდა იყოს, გაიღოს საკუთარი სახსრები.

 

2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, მრავალი შეხვედრისა და მოლაპარაკების მცდელობის მიუხედავად, თურქეთსა და საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმება ქართული ძეგლების რესტავრაციის საქმეში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ვერ მოხდა.

 

იშხანში მიმდინარე სამუშაოების შესახებ კულტურის სამინისტროსთვის ცნობილი გახდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლების მიერ თურქეთიდან ჩამოტანილი ანგარიშისა და ფოტომასალის გაცნობის შედეგად. პირველი თათბირი კულტურის სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით 8 აპრილს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი