ხელოვნება

რაბათზე დისკუსია შეთანხმების გარეშე დასრულდა

5 აპრილი, 2013 •
რაბათზე დისკუსია შეთანხმების გარეშე დასრულდა

რაბათი
რაბათი

რეგლამენტირებული დისკუსია ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილის მოხსენებით დაიწყო რაბათის კომპლექსის ისტორიისა და ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ. სურამელაშვილის განცხადებით, კულტურული გარემო წლების მანძილზე პოლიტიზებული იყო, ძეგლებზე კი მოსაზრებებს წარმოადგენდნენ არა ექსპერტები, არამედ პოლიტიკოსები და სამუშაოები ელვისებური ტემპებით  ისტორიული ღირებულების შეფასების გარეშე დაიწყო.

 

“უნდა გვახსოვდეს, რომ ხანდახან შენებით, შესაძლოა, რაღაც დაანგრიო კიდეც”,  – განაცხადა სურამელაშვილმა.

 

თუმცა ხელოვნებათმცოდნემ ხაზი გაუსმვა, რომ მეჩეთი და მედრესე ძეგლთა დაცვის პრინციპებით იყო რესტავრირებული. თუ არ ჩავთვლით ოქროს გადახურვას, რაც არატრადიციული და მიუღებელია თურქული მხარისთვის.

 

მანამა სურამელაშვილის განცხადებით, რაბათის ამჟამინდელი, აღმოსავლური სტილით გაჯერებული არქიტექტურა ფსევდომავრიტანული სტილის ნაგებობებით მიუღებელია, რადგან ამ პერიოდის არაბული კულტურა საქართველოსთან კავშირში საერთოდ არ არის.

 

კულტურული მემკვიდრობის დაცვის სააგენტოს ყოფილმა უფროსმა ნიკა ვაჩეიშვილმა კულტურის სამინისტროს მოუწოდა, ასეთი ტიპის შეხვედრების გამართვამდე სხვა დროს კონსულტაცია გაევლოთ უშუალოდ იმ ადამიანებთან, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა:

 

“მინდა მოგიწოდოთ, ჩაიხედოთ იმ დოკუმენტაციაში, რომელიც წინ უძღვოდა რაბათის ციხეში ამგვარ ჩარევას”…”ამ პროექტზე ძალიან ფართო სპექტრის სხვადასხვა სპეციალისტი მუშაობდა”, – ამბობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

 

“იკომოს საქართველოს” წარმომადგენელმა ნატო ცინცაბაძემ თავის გამოსვლაში რეკონსტრუქციის პროექტს ატრაქციონული უწოდა და კითხვით, თუ როგორ და რატომ მოხდა ძეგლზე მავრიტანული მოტივების წამოწევა, პროქტის ავტორებს მიმართა.

 

თუმცა პირდაპირი პასუხი ამ კითხვაზე, რომელიც დისკუსიის ფარგლებში ერთ–ერთი ყველაზე მწვავე იყო, არც პროექტის ავტორს და არც შემდეგ მომხსენებელ ვანო მერაბიშვილს არ გაუცია:

 

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

“აქ თუ ცხაურებზეა საუბარი, ჩვენ გვინდოდა ცხაურების გაკეთება უფრო მაღალი ხარისხით და ვერ მოვასწარით. თუ ახლა კარგი ხარისხით გაკეთდება, მიესალმება ყველა. მინდა შემოგთავაზოთ წინადადება, გამოცხადდეს მორატორიუმი. ის, რაც გაკეთდა, იქ არის დარჩენილი ვალდებულება, მათ შორის აბანო და სხვა ადგილები, თქვენ გააკეთეთ და შევადაროთ. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი გაკეთებული უკეთესი აღმოჩნდება, მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც ამას აღიარებს. მე თვითონ მოვანგრევ ყველა სხვა აშენებულ შენობას. მე არ ვარ არქიტექტორი, ეს ჩემი პოლიტიკური გემოვნებაა. არ ვაპირებ არქიტექტორულ დეტალებზე დისკუსიის გაგრძელებას. ისტორიაში რჩებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც აშენებენ, ისტორია ივიწყებს იმ ცენზორების გვარებს, ვინც ებრძვის და აჩერებს მშენებლობას. 100 წლის მერე არავის ეხსომება ეს შეხვედრა და იმ ადამიანების გვარები, ვინც ამა თუ იმ მშენებლობას დასცინოდა. შეგახსენებთ, რომ ყველა ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლს კრიტიკოსი ჰყავდა, სვეტიცხოველსაც კი,”… “თქვენ ვერ შეძლებთ იქ ვერაფრის მოშლას. ჩვენ წინ აღვუდგებით ყველანაირ ნგრევას. არც ჯვრის ელემენტებს არ გაგატანინებთ მეჩეთიდან. თუ თქვენ უკეთესს გააკეთებთ, მე ვიქნები თქვენი მხარდამჭერი. ამიტომ გთავაზობთ მორატორიუმს” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა შეხვედრის დატოვებამდე, რასაც ხმაური მოჰყვა.

 

ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილის განცხადებით, სანამ მისი კოლეგები არ აღიარებენ იმას, რომ რაღაც შეცდომები დაშვებული იყო, დიალოგი წინ არ წაიწევს.

 

“ბატონო ნიკა, პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც სააგენტოზე ხორციელდებოდა, განაპირობებს იმას, რომ დღეს არ გაქვთ პასუხები კითხვებზე, თუ რატომ აშენდა ასეთი გადაფარვა. ვაღიაროთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ახირებების შედეგი” – მიმართა ხელოვნებათმცოდნემ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს.

 

მერაბ ბოჭოიძე
მერაბ ბოჭოიძე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახლანდელი ხელმძღვანელის, მერაბ ბოჭოიძის განცხადებით, სამეცნიერო საქმიანობა არ არის შემოქმედებითი საქმიანობა.

 

“პროექტმა შესაძლოა არქიტექტორი გაიტაცოს, ამიტომ არის აუცილებელი პროფესიონალური აზრთა გაცვლა–გამოცვლა, რის გაძლიერებასაც სააგენტო შეეცდება”, –აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი.

 

ბოჭოიძის თქმით, სარესტავრაციო სამუშაოების დროს შეცდომების დაშვება ხდება ხოლმე, და ამჯერად მსჯელობა გამოსწორებად დეტალებს შეეხება, რამაც არ უნდა შეიძინოს ასეთი დრამატული ხასიათი.

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა ახალციხის ეპისკოპოსიც, მეუფე თეოდორე, რომელმაც თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ ციხის რესტავრაციამ ხალხში ძალიან დადებითი ემოცია გამოიწვია და დასაქმდა ძალიან ბევრი.

 

ახალციხის ეპისკოპოსი – მეუფე თეოდორე
ახალციხის ეპისკოპოსი – მეუფე თეოდორე

“მეჩეთი აშენდა ქართველებისათვის, – ხაზს უსვამს ეპისკოპოსი – ეს არის არა თურქული, არამედ ქართული ძეგლი, სადაც აღმართულია საკურთხეველიც”.

 

ეპისკოპოსის განცხადებით, მეჩეთი საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა. ჯვრების გატანა კი შესაძლებელია, თუმცა ეს უნდა მოხდეს საქართველოს საპატრიარქოს არქიტექტურულ საბჭოსთან შეთანხმებით.

 

კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარის განმარტებით, საპატრიარქოსთან კულტურის სამინისტრო რომ ითანამშრომლოს არსებით საკითხებთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.

 

კულტურის მინისტრის კომენტარის თანახმად, დისკუსიის დასრულების შემდეგ რაბათთან დაკავშირებით სამინისტროს მკვეთრი განცხადებები არასდროს არ გაუკეთებია. ოდიშარიას თქმით, ახალციხეში გამართულ შეხვედრებზე საუბარი ყოველთვის გადახურვის ფერსა და ცხაურებს შეეხებოდა და არა ნგრევას. ხმაური კი, მისი თქმით, პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებას მოჰყვა, მოგვიანებით კი მერაბიშვილის სიტყვებს, რომ რაბათის არც ერთ კვადრატულ მეტრს არ დათმობს:

 

“ეს არის ძალიან ზეპოლიტიზებული განცხადებები. ჩვენ კი ტრადიციულად შემოღებული მრგვალი მაგიდა მოვიწვიეთ, სადაც ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ მშვიდი სადისკუსიო სივრცე, სადაც ვისმენთ მოწინააღმდეგეთა აზრსაც.”

 

მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა შედგა, თუმცა მერაბიშვილის მოსვლასა და საკუთარი სიტყვის შემდეგ დისკუსიის დატოვებას ექსცესად აფასებს:

 

“მონოლოგის პრინციპი ჩვენთვის მიუღებელია. ყველაზე მიუღებელი კი ის განცხადებაა, რომელიც მან მასმედიას მისცა.”

 

განცხადება, რომელიც მერაბიშვილმა დისკუსიის დატოვების შემდეგ მედიასთან გააკეთა, დისკუსიაზეც საჯაროდ წაიკითხეს:

 

“მომეჩვენა, რომ ვიყავი ინკვიზიციის სხდომაზე, მაგრამ მადლობა ღმერთს, 21–ე საუკუნეა. ვაპირებ ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა რაბათის ციხის გადასარჩენ და არც ერთ მტკაველს რაბათში არ დავთმობ”,  – აცხადებს მერაბიშვილი.

 

კულტურის მინისტრის მოადგილის, მარინე მიზანდარის აზრით, შეხვედრა დასმულ საკითხებსა და წამოყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის შედგა. მისი აზრით, ჩაღრმავება საკითხებში ახალციხის რაბათის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დადებითი მოვლენა იყო, თუმცა რაღაც კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

 

“პასუხი ვერავინ ვერ გაგვცა, რატომ არის გუმბათი ოქროსფერი, რატომ შეირჩა ფსევდომავრიტანული არქიტექტურა. ამ ძეგლის ტერიტორიაზე სამი შრე იყო – ქართული, ოსმალური, შემდგომ კი რუსული არქიტექტურისა. დღესდღეობით კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ისლამური შრე დარჩა, რასაც კიდევ მავრიტანული არქიტექტურა დაემატა.  დისკუსია შედგა, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც გამოჩნდა, ვინ რა პოზიციაზეა”,  – ამბობს მარინე მიზანდარი.

 

 

კითხვაზე როგორი იქნება კულტურის სამინისტროს საპასუხო ქმედება მერაბიშვილის შეთავაზებულ მეორატორიუმთან დაკავშირებით, მიზანდარი აცხადებს:

 

“არ ვაპირებთ არანაირი შემოთავაზების მიღებას მერაბიშვილისგან, რომელსაც ამ დარგში არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია. ეს სპეციალისტების და ექსპერტების კომპეტენციაა. ფაქტი, რომ დღეს შეხვედრაზე მოტანილი ჰქონდა მასალები, როგორც ექსპერტს, ეს კიდევ ერთი ნიმუშია პოლიტიზებისა, რომლის კვალსა და შედეგსაც ვაწყდებით დღესაც”.

 

კულტურის მინისტრის მოადგილე რაბათზე სამუშაოების დაწყების თარიღს ჯერ–ჯერობით ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ გუმბათის გადახურვის ფერის შეცვლასთან, ისტორიული ცხაურების დაბრუნებასა და მოსაპირკეთებელი მასალის შეცვლასთან დაკავშირებით აუცილებლად დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი