ხელოვნება

საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე

20 მარტი, 2013 • • 1224
საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე

ლაიფციგის წიგნის ბაზრობა
ლაიფციგის წიგნის ბაზრობა

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლაიფციგის ბაზრობასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა, მედეა მეტრეველმა ისაუბრეს.

 

წელს ლაიფციგის ყოველწლიურ წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით უკვე მეორედ წარსდგა.  სტენდის გახსნის პარალელურად გაიმართა ქართველი ავტორებისა და მათი ნაწარმოებების პრეზენტაცია, აგრეთვე,  ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის „შუშანიკის შვილების“, ბონდო მაცაბერიძის ზღაპრის „ბეკნა ბიჭის ზღაპრებისა” და ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზის” საჯარო კითხვა.

 

ბაზრობის ფარგლებში შედგა ქართველი ქალი მწერლების ანთოლოგიის პრეზენტაციაც, სახელწოდებით- “იაგუარების ტექნო”, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გერმანიაში გამოიცა. პრეზენტაციას ავტორებიდან ნინო ხარატიშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, თამთა მელაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი ესწრებოდნენ. მათთან ერთად ანთოლოგიაში ეკატერინე თხილავას, მაკა მიქელაძისა და ნესტან (ნენე) კვინიკაძის ნაწარმოებებია შესული.

 

ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ გამართული შეხვედრებიდან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტ იურგენ ბოსსა და ვიცე-პრეზიდენტს ტობიას ვოსსთან შეხვედრა იყო. საუბარი კი 2015 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას შეეხო.

 

“სტუმრის სტატუსი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საშუალებას მისცემს საქართველოს, მთელი წლის განმავლობაში გერმანიის რამდენიმე მსხვილ ქალაქში მთელი თავისი კულტურა წარმოადგინოს, ეს შეეხება არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ თეატრს, მუსიკას, ფოლკლორს, ტურიზმს, განათლებას და ა.შ.” – აცხადებს მედეა მეტრეველი.

 

მედეა მეტრეველის თქმით, სამინისტრო უკვე 3 წელია ცდილობს გაარღვიოს ჩაკეტილი სივრცე, რათა ქართულმა ლიტერატურამ მაქსიმალურად მოიპოვოს თავისი მკითხველი საზღვარგარეთ. სტუმრის სტატუსი 2015 ან 2016 წელს კი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ნახტომი და წამატება იქნება.

 

კულტურის სამინისტროს ცნობით, ქართული წიგნების მიმართ გერმანელი მკითხველისა და გამომცემლების დაინტერესება დიდი იყო. რამდენიმე მსხვილ გერმანულ გამომცემლობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობისა” და ბონდო მაცაბერიძის საბავშვო ზღაპრების გერმანულ ენაზე გამოცემის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი