ხელოვნება

ერეკლე დეისაძის „დამლაგებელი“ და ახალი იმიჯი [Video]

26 თებერვალი, 2013 • 3004
ერეკლე დეისაძის „დამლაგებელი“ და ახალი იმიჯი [Video]

„დამლაგებელი“, ერეკლე დეისაძის თქმით, იმ ისტორიას გვიყვება, „თუ რა ხდება ერთ-ერთ გამომცემლობაში, რომელიც აღმაშენებელზე მდებარეობს. მის ხელმძღვანელს კუკური ჰქვია და იქ ძირითადად პირადი ცხოვრების არმქონე ახალგაზრდა გოგონები მუშაობენ.“ რომანი გამომცემლობა „სიესტას“ ეკუთვნის და პირველია იმ სერიაში, რომელიც შემდგომში ახალგაზრდა მწერლებს დაეთმობა.

 

ერეკლე დეისაძე
ერეკლე დეისაძე

„მე მოვკალი ჩემი წინა წიგნის „საიდუმლო სირობის“ ავტორი და საზოგადოებას სულ სხვა იმიჯი შევთავაზე“.

 

წიგნის მთავარ გმირებს საშა ბურღაძეს და მებური ჭულაძეს, ერეკლეს თქმით, რეალური პროტოტიპები ჰყავთ. თუმცა თვლის, რომ დამლაგებელი, რომელიც ამ გამომცემლობაში მუშაობს, ყველაზე ნიჭიერი და განათლებულია. სწორედ მისი აღმოჩენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ რომანი დაეწერა ქართულ რეალობაზე, სადაც „მწერლებს თავი წლიდან წლამდე ერთმანეთის პრეზენტაციებზე ნაჭამი ალაფურშეტებით გააქვთ.“

 

„დამლაგებელი“ ნაკლებად პროვაკაციული შინაარსის მატარებელია, „საიდუმლო სირობისგან“ განსხვავებით, რომელიც ეპატაჟურ ხელოვნებას ეკუთვნის. ასეთი ტექსტები კოლექტიური მენტალობის მსხვრევისკენ არის მიმართული და ქართული სივრცე მსგავსი ნაშრომების დეფიციტს განიცდის. ლიტერატურის ისტორიას თუ გადავხედავთ, ქრონოლოგია შემდეგნაირია: მე-20-21-ე საუკუნის პირველი ეპატაჟური ხასიათის მატარებელი ლაშა ბუღაძის „პირველი რუსია“, პაატა შამუგიას „ანტიტყაოსანი“ და ბოლოს ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობა“.  როგორც ალექსი ჩიღვინაძე და გაგა ლომიძე ამბობენ, საზოგადოებაში გაღიზიანება მხოლოდ  წიგნის სათაურმა გამოიწვია, ხშირ შემთხვევაში ტექსტის წაკითხვის გარეშე. ან კიდევ ავტორის დამოუკიდებლად, მედიის დამახინჯებული და სხვაგვარად ინტერპრეტირებული მასალით მოხდა იმ ერეკლე დეისაძის იმიჯის შექმნა, რომელმაც 2 წელი მალვაში გაატარებინა.

 

დისკუსია სწორედ ეპატაჟურ ხელოვნებაზე საუბარს დაეთმო. პაატა შამუგია ამბობს, რომ „პირველი სკანდალი პრომეთედან დაიწყო, როცა მან ცეცხლის სახით კაცობრიობას ინფორმაცია გაუმჟღავნა, „ასეთი „ცეცხლი“ დღესაც საჭიროა. მისწრებაც კი არის ჩვენნაირ სახელმწიფოებში ის ტექსტები, რომლებიც გაარღვევენ კულტურულ რუტინას და მასში ბზარებს გააჩენენ. ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, მათ შორის ჩვენს მისაბაძ ქვეყნებში; ამერიკაში და ევროპაშიც. სკანდალებისგან არც ერთი საზოგადოება არ არის დაზღვეული. არც ისინი, სადაც გვგონია, რომ აბსოლუტური თავისუფლება არსებობს. მე კი ვფიქრობ, რომ აბსოლუტური თავისუფლება არსად არ არსებობს. ამიტომ ეპატაჟის დრო ყოველთვის იქნება.“

 

ახალი იმიჯი, რომელიც ერეკლე დეისაძეს არა მარტო მწერალს, მუსიკოსსაც გულისხმობს, სინამდვილიდან საზრდოობს და სოციალურ თემებს ეხმიანება.

 

„ბედნიერი ვიქნები, სოციალურ-პოლიტიკური თემები მხატვრულ ტექსტებში რომ გადავიდეს. მე მარტივი სტატისტიკა მაქვს. ყველაზე გაყიდვადი გაზეთი „ასავალ-დასავალია“. კარგი იქნება, თუ ავიღებთ მსგავსი სახის ტექსტებს და ლიტერატურულად დავწერთ. ეს მხატვრული ტექსტი იქნება და არანაირ ეთიკას არ დაარღვევს. რეალურად ეს ხალხის მოთხოვნაა, რადგანაც მას კითხულობენ. მაგრამ სხვა საქმეა, მოსწონთ თუ არა ის. ჩვენ ისეთ კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ეპატაჟის ნაკლებობა არასდროს იქნება, თუკი სწორ აქცენტებს გავაკეთებთ,“ – ამბობს ერეკლე დეისაძე.

 

„დამლაგებლის“ ტირაჟი წინა წიგნთან შედარებით უფრო დიდია. ამიტომ ავტორი იმედოვნებს, რომ წიგნს კრიტიკოსზე მეტი მკითხველი ეყოლება, რაც პირიქით იყო წინა შემთხვევაში. 

 

გამომცემლობა „სიესტა“ ერეკლე დეისაძის „დამლაგებლის“ შემდეგ საზოგადოებას ალექს ჩიღვინიძის, გიორგი კეკელიძისა და ზაზა კოშაძის წიგნებს შესთავაზებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი