ხელოვნება

გივი მარგველაშვილს მისივე სახელობის პრემია გადაეცა [Video]

4 თებერვალი, 2013 • • 1421
გივი მარგველაშვილს მისივე სახელობის პრემია გადაეცა [Video]

გივი მარგველაშვილი
გივი მარგველაშვილი

2013 წელს მწერალი, ფილოსოფოსი და ენათმეცნიერი, გივი მარგველაშვილი, თავად გახდა ამ ჯილდოს პირველი ლაურეატი.

დაჯილდოების ცერემონიალი 1 თებერვალს თუმანიშვილის თეატრში გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის გოეთეს ინსტიტუტის ამჟამინდელი პრეზიდენტი – დოქ. შტეფან ვაკვიცი, გერმანიის ელჩი საქართველოში, ორთვინ ჰენიგი, საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია. მათ გივი მარგველაშვილის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გზის სირთულეებსა და ქართულ–გერმანული კულტურული ურთიერთობების ტრადიციებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გაზეთ „Süddeutsche Zeitung“- ის ლიტერატურულმა კრიტიკოსმა ლოთარ მიულერმა კი გივი მარგველაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ვრცელი მოხსენება წაიკითხა.

როგორც დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა – გივი მარგველაშვილის პიროვნება ქართულ–გერმანულ ურთიერთობებს ყველაზე უკეთ განასახიერებს და “მისი სახელობის ამ პრემიის დაარსება ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქართულ–გერმანული ურთიერთობების გაღრმავებაში”.

გივი მარგველაშვილი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების სიმბოლოდ იქცა გასულ საუკუნეში. ის დაიბადა და აღიზარდა ბერლინში, ოციან წლებში, ქართველი ემიგრანტის, ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის ტიტე მარგველაშვილის ოჯახში, რომელიც საქართველოს საჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ გადასახლდა გერმანიაში”. 1945 წელს, ორად გაყოფილი გერმანიის პირობებში, ბერიას ბრძანებით ტიტე მარგველაშვილი “გიმნაზიის მეგობარმა” დასავლეთიდან აღმოსავლეთ ნაწილში გადაიტყუა, სადაც იგი  კგბ-მ დააპატიმრა და მალევე დახვრიტა კიდეც. მისი ვაჟი, 18 წლის გივი კი საკონცენტრაციო ბანაკში ერთი წლის გატარების შემდეგ საქართველოში გადაასახლეს – სრულიად უცხო გარემოში, სადაც მამამისის მშობლიური ენა მისთვის სრულიად უცხო იყო. გივი მარგველაშვილმა მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად, შეძლო ბერლინში დაბრუნება, ხოლო 2011 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა საცხოვრებლად თბილისს.

 

“გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის დაარსება და მისი პირველი ლაურეატობა პატივს მიაგებს მის სამაგალითო ცხოვრებასა და შემოქმედებას იმ ტოტალიტარულ და ძალადობრივ პირობებში, რომელშიც მას მოუწია ცხოვრება გასულ საუკუნეში,“ – აცხადებს დოქ. შტეფან ვაკვიცი – თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი. 

“როგორც ჩანს, ჩემმა ბედისწერამ თავად განსაზღვრა ის, რომ აქტიურად ჩავმდგარიყავი ამ ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობების სამსახურში. ამის ძირითადი წინაპირობა, ალბათ, ის მოცემულობა გახდა, რომ მე სწორედ ამ ურთიერთობების შუალედურ სივრცეში მოვევლინე ქვეყანას,” – ამბობს გივი მარგველაშვილი სამადლობელ სიტყვაში.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მარიკა ლაფაური-ბურკისა და ნიკო ტარიელაშვილის გივი მარგველაშვილზე გადაღებული ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმის “მაყურებელთა დარბაზების” პრემიერა შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი