ხელოვნება

რუსული ენის გაკვეთილები ქართველებისთვის

3 თებერვალი, 2013 • • 2661
რუსული ენის გაკვეთილები ქართველებისთვის

რუსული ენის უფასო კურსები
რუსული ენის უფასო კურსები

რუსული ენის უფასო კურსების ინიციატორი “ერეკლე მე–2–ის საზოგადოებაა” და მათი ორგანიზებით რუსული ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა მსურველებს უკვე მეოთხე წელია აქვთ.

 

“ერეკლე მე–2–ის საზოგადოების” ამ ინიციატივას სახელწოდებით „ცოდნა  საუკეთესო ხიდია“ ფონდი “რუსკი მირ” («Русский мир») აფინანსებს, რომელიც 2007 წელს პრეზიდენტ პუტინის ინიციატივითა და ბრძანებით შეიქმნა და რუსული ენისა და კულტურის პროპაგანდას ემსახურება. 2012 წლის 8 აგვისტოდან ფონდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა.

 

პროექტის ამ სეზონის ფარგლებში კურსს გაივლის 120 ახალგაზრდა. “ერეკლე მე–2–ის საზოგადოების” ლიდერის, არჩილ ჭყოიძის განცხადებით, გაზაფხულისთვის ადგილების რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან სარეზერვო სიებში ჩაწერილი სწავლის მსურველთა რაოდენობა, რომელთაც ამჯერად შანსი არ მიეცათ, საკმაოდ დიდია.

 

რუსული ენის გარდა, კურსის სტუდენტებს წაეკითხებათ რუსეთის ისტორიის ზოგადი კურსი. რუსეთის ისტორიის პედაგოგის, ბორის მანჟუკოვის თქმით, კურსი სულ 6 გაკვეთილისაგან შედგება, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ რუსული ენის შესწავლის პროცესსა და “ასევე სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე საუკუნეების მანძილზე. ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები ამ ორმა ერმა ერთად გაიარა და ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ, ვიცოდეთ მართალი ისტორია“ – ბორის მანჟუკოვი.

 

კითხვაზე, თუ როგორია რუსეთის ისტორიის კურსის პოლიტიკური დისკურსი, არჩილ ჭყოიძე გვპასუხობს, რომ პროგრამაში რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ისტორიაა და ის არ ეხება დაძაბულ და მტკივნეულ მომენტებს ორი ქვეყანის ურთიერთობაში, შესაბამისად, ის პოლიტიკური ინტერპრეტაციისაგან თავისუფალია.

 

რუსეთის ისტორიის ზოგადი კურსის გარდა, პროექტით სტუდენტებს ღვთისმეტყველების გაკვეთილები ჩაუტარდებათ. ღვთისმეტყველების კურსს “რუსკი მირის” მიერ დაფინანსებულ ამ კურსებზე უკვე მეოთხე წელია მამა კონსტანტინე უძღვება, რომელიც ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ “პოლიტიკური ნიშნით მართლმადიდებლური სარწმუნოების დაყოფა არ შეიძლება” და “ერთადერთი საშუალებაა გავერთიანდეთ ქრისტეში”.

 

 

“ერეკლე მე–2–ის საზოგადოება” 2008 წლის დეკემბერში, აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დაფუძნდა და მისი ძირითადი მიზანი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაა.

 

“გაერთიანების დაფუძნების ინიციატორები არიან საქართველოს რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს განვითარება და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრება ჩრდილოეთის ვექტორის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია”, – ვკითხულობთ ფონდის ვებ–გვერდზე.

 

საზოგადოების მიზნებია: რუსული კულტურისა და ხელოვნების პროპაგანდა საქართველოში; ქართულისა  რუსეთში და ქართულ-რუსული დიალოგის განვითარება, რის მისაღწევადაც საზოგადოება საქართველოში სხვადასხვა სახის კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი