ხელოვნება

„დიდი საბჭოთა ტერორი – ადამიანური ისტორიები“

2 თებერვალი, 2013 • • 2435
„დიდი საბჭოთა ტერორი – ადამიანური ისტორიები“

სოვ ლაბ-ის 2011 წლის ანგარიში
სოვ ლაბ-ის 2011 წლის ანგარიში

ფილმი „დიდი საბჭოთა ტერორი-ადამიანური ისტორიები“ იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში რეპრესირებული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ისტორიებს ასახავს.

 

ლაბორატორიის წარმომადგენლის, ლაშა ბაქრაძის თქმით, სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, რომელიც გასულ წელს ჩატარდა და პირველად დაისვა კითხვები სტალინთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ საქართველოში უაღრესად პოპულარულია საბჭოეთის ბელადი და მოსახლეობის 45 % დადებითად არის განწყობილი მისდამი:

 

„ამ ბოლო წლებში არაფერი გაკეთებულა, გარდა ზედაპირული სამუშაოებისა, მაგალითად, როგორიც საბჭოური სიმბოლოების მოშორება და სტალინის ძეგლის აღებაა.“

 

ამან საზოგადოების ცნობიერებაში ცვლილებები ვერ მოახდინა. სტალინი კვლავ რჩება ფიგურად, რომლის მონუმენტს სახლში ინახავენ და ძეგლს კვლავ „თავის“ ადგილზე აბრუნებენ.

 

რატომ სცემენ პატივს სტალინს  საქართველოში? ეს ერთ–ერთი კითხვათაგანია, რომლის გარკვევას ცდილობდა 1 წლის მანძილზე საბჭოთა კვლევის ლაბორატორია.

 

„ოჯახში რომ გვყავდეს მასობრივი მკვლელი, ხომ არ ვიამაყებდით? როგორც ჩანს, მასშტაბს გააჩნია. ღამით, ჩუმად, სტალინის ძეგლის ჩამოხსნამ შედეგი ვერ გამოიღო. საზოგადოების ცნობიერება არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც მამის, დედის, შვილის მკვლელი სტალინი ადამიანებმა ცხარე ცრემლებით დაიტირეს. ასე გრძელდება დღემდე. საქმე მასობრივ ფსიქოზთან გვაქვს,” – ამბობს ლაშა ბაქრაძე.

 

როგორც ჩანს, ადამიანებს არ შეუძლიათ ტოლობის ნიშანი დასვან მოვლენებს შორის, ტოტალიტარულ რეჟიმსა და პირად ტრაგიკულ ისტორიებს შორის მიზეზ–შედეგობრივი კავშირები იპოვნონ. ზედმეტი ემოციის გარეშე, აუღელვებლად ყვებიან ფილმში ისტორიებს იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებიც რეჟიმის მსხვერპლნი სრულიად უმიზეზოდ გახდნენ.

 

საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ხვადაგიანის თქმით, საინფორმაციო ბაზის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ისინი თბილისის საზღვრებს გასცდნენ და დისკუსიები რეგიონებშიც ჩაატარეს (თელავი, ახმეტა, ქვემო ალვანი, ლაგოდეხი, ჩანთლისყური). ორგანიზაცია კვლავ გეგმავს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას იმისთვის, რომ საზოგადოებამ წარსულის გადაფასება შეძლოს და ბოლომდე გაიაზროს საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი