ხელოვნება

ახალი ჟურნალი თანამედროვე ხელოვნებაზე – Caucasus ArtMag-ის პრეზეტაცია

1 თებერვალი, 2013 • • 1676
ახალი ჟურნალი თანამედროვე ხელოვნებაზე – Caucasus ArtMag-ის პრეზეტაცია

Caucasus ArtMag–ის პრეზენტაცია
Caucasus ArtMag–ის პრეზენტაცია

გამოცემა, რომელიც, ავტორების ჩანაფიქრით, მომავალში თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების ასახვასა და გაანალიზებას შეეცდება, პირველ ნომერში კონცენტრაციას სახელოვნებო განათლების საკითხებზე ახდენს.

 

ჟურნალი ინგლისურენოვანია, რაც მისი ერთ–ერთი ავტორის კოკა ვაშაკიძის თქმით, მისი ინტერნაციონალური, უფრო ზუსტად კი ინტერკავკასიური ხასიათით არის განპირობებული. შემქმნელების აზრით, ამ გამოცემამ კავკასიის ქვეყნებს – სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული დიალოგის წახალისებას უნდა შეუწყოს ხელი.

 

საგამომცემლო ჯგუფს სულ ორი ადამიანი, კოკა ვაშაკიძე და ანუკა ლომიძე, უდგას სათავეში. მათვე ეკუთვნის ყველა ის ინტერვიუ, რომელიც Caucasus ArtMag–ის პირველი ნომრის ძირითად კონტენტს შეადგენს. რესპონდენტები კი თბილისის პირველი ტრიენალეს ფარგლებში საქართველოში ჩამოსული მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვანები არიან.

 

ჟურნალის შინაარსისა და სტატიათა თემების ნაწილი ასე გამოიყურება: “აბსტრაქცია და დისკომფორტი”, “კომფორტის ზონის გარეთ”, “ველოსიპედების მანიფესტი”, “ეგ არის და egg”, “დესტრუქციის აქტი”, “დამანგრეველი აღზრდა”, “ეს არის კონტექსტი” და ა.შ.

Keneth Goldsmith

 

“არტისტები თავის პრაქტიკებზე ზოგად შეხედულებებსა და მოსაზრებებზე საუბრობენ – აქცენტი მაინც თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაზე კეთდება”, – ამბობს კოკა ვაშაკიძე. Caucasus ArtMag თავს უყრის სტრატეგიებსა და ხედვებს ტრიენალეს სტუმარი არტისტებისა, რომელნიც ძალიან მნიშვნელოვანი მხატვრები არიან და თითოეულ მათგანს თავის სფეროში მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული. მაგალითად, “არტმაგის” ფურცლები მასპინძლობს ინტერვიუს კენეტ გოლდსმითთან, რომელიც ძალიან ცნობილი პორტალის, ubuweb.com-ის დამფუძნებელია.

 

 

სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ახალი ჟურნალი ინგლისურენოვანია, რადგან მისი ავტორების სურვილია, ქართველი მკითხველის გარდა, ჟურნალის წაკითხვა სომეხმა და აზერბაიჯანელმა მკითხველმაც შეძლონ და  კავკასიაში კულტურული გაცვლა გახდეს შესაძლებელი. კოკა ვაშაკიძის თქმით, ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ მოხდება. თუმცა 2012 წლის ტრიენალესა და Caucasus ArtMag–ის პირველ ნომერსაც უკვე სტუმრობდა, მაგალითად, ნაზერეთ კაროიანი, სომხეთის კრიტიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ეს ასოციაცია კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის სომხური ფილიალია, რომელიც სომეხ კრიტიკოსთა ინტელექტიალური საკუთრების დაცვის მიზნით შეიქმნა და ხელოვნების სფეროს მწერლები გააერთიანა.

 

ჟურნალის პრეზენტაციაზე, სპონტანურად გამართულ ექსპოზიციასთან ერთად, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ერთ–ერთი სტუდენტის, ვატო ურუშაძის ექსპრომტული არტაქციაც გაიმართა მიძღვნილი წყლის დაბინძურების თემისადმი. ცეცხლოვანმა წრემ, რომლის ცენტრშიც მდინარე მტკვრის წყლით სავსე სათლი იყო მოთავსებული, პრეზენტაციის სტუმრები გაათბო და კალაპოტში მოქცეული სტიქიის სანახაობის ირგვლივ გააერთიანა.

 

ჟურნალი Caucasus ArtMag, მიზერული დაფინანსებით, კომპანია ჯეოსელის, ილიას უნივერსიტეტისა და ერთეული ამერიკელი და გერმანელი კეთილისმსურველის მცირედი მხარდაჭერის ხარჯზე გამოვიდა. ჟურნალის მომდევნო ნომერს სამი თვის შემდეგ უნდა ველოდოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი